კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი ერთი კლინიკის ამარა რჩება

12 მარტი, 2007

kabinerib.gif

საქართველოს ხელისუფლება 2007 წელს, ჯანდაცვის სისტემაში, რეფორმის წლად აცხადებს. რეფორმა კი ქუთაისს, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.

საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების რეინვესტიციაზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დღეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით საუბრობს. გეგმა კი, საქართველოს აქამდე მოქმედი საავადმყოფოების, 100 ახალი, საუკეთესო ინვენტარითა და პროფესიონალი მედ-პერსონალით უზრუნველყოფილი საავადმყოფოთ ჩანაცვლებას გულისხმობს. ახალი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ინვესტორი ძველ დაწესებულებებს შეისყიდის. თუმცა, როგორც ირკვევა, ქუთაისს რეფორმა მხოლოდ ნაწილობრივ შეეხება: საავადმყოფოები გაიყიდება, სანაცვლოდ კი, ახალი აღარ აშენდება(?!)

მაია ჯაფარიძე ქუთაისის ერთ-ერთი, საკმაოდ პრესტიჟული საავადმყოფოს ექიმია. პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩეს: „უკვე ნელ-ნელა გვაგუებენ იმ აზრს, რომ ამდენი საავადმყოფო საჭირო არ არის. პირდაპირ ამბობენ, რომ ქუთაისში ახალი სამედიცინო დაწესებულება აღარ აშენდება, რომ ქალაქში უკვე გვაქვს ახალი სამედიცინო ცენტრი, რომელიც ქუთაისის მასშტაბის ქალაქისთვის სავსებით საკმარისია. გულსატკენი ისაა, რომ იმაზე არავინ ფიქრობს, ამდენი პროფესიონალი ექიმი უმუშევარი რომ რჩება. ვფიქრობ, გაგვიჭირდება საკუთარი უფლებების დაცვა. ნაკლებად მჯერა, რომ ჩვენს მთავრობასთან რამეს გავხდებით,“ - ამბობს მაია ჯაფარიძე.

თითქმის დაწყებული რეფორმის გარდაუვალი შედეგი ქუთაისში უკვე გახდა შფოთის მიზეზი. მოსალოდნელ მასიურ უმუშევრობაზე საუბრობს ქუთაისის ბავშვთა პირველი პოლიკლინიკის მთავარი ექიმი გიორგი მიმინოშვილი. აღნიშნული დაწესებულება ქუთაისში არსებული 13 პოლიკლინიკიდან ერთ-ერთია, რომელიც 20 000-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. პოლიკლინიკაში ყოველდღიურად 100-მდე ბავშვი გადის რეგისტრაციას. მისი გაუქმების შემდეგ კი, რომელი სამედიცინო დაწესებულება იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე, ჯერჯერობით არავინ იცის.

„ალბათ, ყველაფერი გაიყიდება, რაც თავისთავად, მასიურ უმუშევრობას გამოიწვევს. ვფიქრობ, იარსებებს კერძო სადაზღვევო კომპანიები. მათ ექნებათ კერძო კლინიკები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებშიც მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, სამედიცინო მომსახურება ფასიანი გახდება და საშუალო ფენისთვის, სავარაუდოდ, ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება,“ - ამბობს გიორგი მიმინოშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ „ყველა რაიონულ ცენტრში აშენდება ახალი საავადმყოფო. თუმცა, ქუთაისში არაფერი აღარ აშენდება.“ როგორც ჩანს, რეფორმატორი ხელისუფლება გასულ წელს ქუთაისში გახსნილი ინტერვენციული მედიცინის ცენტრის გარდა სხვა სამედიცინო კლინიკის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს. იგივეს ფიქრობს ქუთაისის ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორი კახა ნურალიძეც.

 „ფაქტია, რომ საავადმყოფოებში არსებული შავი ბუღალტერია დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ჩვენთან გაკეთებული ოპერაცია პაციენტს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა საავადმყოფოში. ურგენტული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენთან წელს ამოქმედდება, პაციენტი ოპერაციაში (მაგალითად, ბრმანაწლავის ოპერაციაში) თანხის მხოლოდ 25%-ს გადაიხდის,“ - აცხადებს ნურალიძე. 

სწორედ ამ და სხვა არაერთი ფაქტორიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება მყარია. შესაბამისად, გარკვეულია გაუქმების პირას მისული ქუთაისის საავადმყოფოების როგორც მედპერსონალის, ისე - პოტენციური პაციენტების ბედი. ამ უკანასკნელებს ჯანმრთელობის გადასარჩენად, სავარაუდოდ, საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში მოუწევთ მკურნალობა, რადგან აღნიშნულ ინტერვენციულ ცენტრში, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 120 საწოლია. რაც შეეხება უმუშევრობის ზღვარზე მისულ მედ-პერსონალს, ისინი ექიმთა უფლებების დარღვევებზე უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები