კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილებს თავშესაფარს ტუბდისპანსერში სთავაზობენ

12 მარტი, 2007

tubb.gif

ადგილობრივი ხელისუფლება კახეთში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, თავშესაფრიდან გასახლებას უპირებს. მიზეზად, იმ შენობის ადგილზე, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 29 ოჯახი ცხოვრობს, ახალი, რეგიონული საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება სახელდება. რაიონული გამგეობა იძულებით გადაადგილებულ პირებს, საცხოვრებლად, ქალაქის ამჟამინდელი საავადმყოფოს შენობას სთავაზობს, რომლის ნაწილშიც რამდენიმე დღეში რეგიონული ტუბდისპანსერი უნდა განთავსდეს.

გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი შენობიდან იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლების საკითხი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გასულ კვირას გააჟღერა. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამგებელმა რამაზ ქერეჭაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამგეობა აფხაზეთიდან დევნილებთან მოლაპარაკებას ცდილობს, დაკავებული ფართის გათავისუფლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

„იცით ალბათ, რომ რეგიონული საავადმყოფოს გურჯაანში აშენების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. რადგან „ახტალის“ ტერიტორიაზე ფრანგები სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს აშენებენ, იქვეა დაგეგმილი სხვა სამედიცინო დაწესებულებების განთავსებაც, გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის საავადმყოფოს ასაშენებლად ადგილი ამავე ტერიტორიაზე გამოგვეყო. გამოვყავით კიდეც, მაგრამ იქ მცხოვრები დევნილები, არაფრით გვთანხმდებიან გასვლაზე. დევნილებს საცხოვრებელი ფართის გამოყოფა რაიონის ამჟამინდელი საავადმყოფოს შენობის ნაწილში შევთავაზეთ. ისიც ვუთხარით, რომ თუ მოისურვებენ, ამ ფართს საკუთრებაში გადავცემთ, მაგრამ უარზე არიან. შენობიდან ნებით გასვლის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ. თანხის გადახდის საშუალება კი არ გვაქვს. აი, ამაში დამეხმარეთ, რომ დევნილები დავიყოლიოთ მაგ შენობიდან გასვლაზე,“ - განაცხადა გამგებელმა შეხვედრაზე.

როგორც ჩვენთან საუბარში ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თავისთავად კარგია, რომ რეგიონული საავადმყოფო გურჯაანში განთავსდება, რადგან კახეთის ყველა რაიონში მცხოვრებთათვის ტერიტორიულად ყველაზე მოსახერხებელი ადგილია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დევნილების უფლებების დარღვევისა და დაჩაგვრის ხარჯზე.

„დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია საცხოვრებელი ფართიდან დევნილის გამოსახლება, თუ მას არ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი ან შესაბამისი მატერიალური კომპენსაცია მის შესაძენად. არსებობს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილება, სახელმწიფო სტრატეგია – იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, რომლის თანახმადაც, შესაძლო გამოსახლების შედეგად, არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაუარესდეს დევნილის პირობები. კონკრეტულ შემთხვევაში, „ახტალის“ ტერიტორიაზე არსებული შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად, დევნილების მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. მაგრამ რასაც ხელისუფლება ამ ადამიანებს სთავაზობს, საშინელებაა,“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი.

იმ ადგილას, სადაც დევნილები ცხოვრობენ ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხი რომ გადაწვეტილია, ამას პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გია ნაცვლიშვილიც ადასტურებს. „ეს ტერიტორია, პრაქტიკულად საუკეთესო ადგილია ახალი საავადმყოფოს განსათავსებლად. ირგვლივ კურორტი „ახტალა“, იქვე ახლოს ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი, შესანიშნავი ადგილია რეგიონული საავადმყოფოსთვის. მოუგვარებელი არაფერია. დევნილებს სხვა საცხოვრებელ ადგილს გამოვუყოფთ,“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

საკითხის გადაწყვეტის მიუხედავად, აფხაზეთიდან დევნილები დათმობას არ აპირებენ. მათი თქმით, ისინი არასოდეს დათანხმდებიან ხელისუფლებას, საცხოვრებლად გურჯაანის ამჟამინდელი საავადმყოფოს შენობაში გადასვლაზე: „რა პირობები უნდა შეგვიქმნან? ახლა ასე სჭირდებათ და ამიტომ გვატყუებენ. საავადმყოფოს შენობაში ცხოვრება როგორ შეიძლება? ჯერ ერთი რომ ქალაქიდან საკმაო მანძილით არის დაშორებული. ამასთან ერთად ძალიან ცივი შენობაა, გათბობა წარმოუდგენელია. თან ჭერი მთლიანად დაზიანებულია, წყალი ლამის პირველ სართულამდე აღწევს. კედლები სულ ნესტიანი და დაობებულია. ანტისანიტარიის გამო, მთელს შენობაში ვირთაგვები დარბიან. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენიმე დღეში საავადმყოფოს კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში რეგიონული ტუბდისპანსერი იხსნება. სადაც იყო, იქიდან მოსახლეობის მოთხოვნით გადააქვთ და ჩვენ, უკიდურესად მძიმე სოციალური პირობებით ისედაც აუტანელ მდგომარეობაში ვართ, ჯანმრთელობა შერყეული გვაქვს და ახლა ჭლექიღა გვინდა?“ - ამბობენ აღშფოთებული დევნილები და შენობის დაცლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ან კომპენსაციას არ შესთავაზებს. საკომპენსაციო თანხის ოდენობა კი 7-დან 10 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

სიტუაციის გამწვავებისა და შენობის დაცლის იძულების შემთხვევაში, დევნილები საპროტესტო აქციებითა და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები