კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოჩვენებითი თავისუფლება

13 მარტი, 2007

skolab.gif

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთების შემდეგ, სკოლებს მართვის სრული თავისუფლება მიენიჭა. სკოლის ადმინისტრაციამ სამეურვეო საბჭოებთან ერთად უკვე თავად უნდა განსაზღვროს მართვის სტრატეგიაც და ისიც თუ როგორ ან სად გახარჯავს ხელისუფლებისაგან გაცემულ სახსრებს. ერთ მოსწავლეზე ვაუჩერის თანხა იანვრიდან 15 ლარით გაიზარდა და 235 ლარი გახდა. განათლების სამინისტროში სკოლებს ურჩევდნენ ეს თანხა მასწავლებლების ხელფასებზე დაემატებინათ, თუმცა, როგორც პედაოგები ამბობენ, აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, და ამის მიხედვით, ახალი  „რეკომენდაციაც“ გასცა, რომელმაც სავალდებულო ხასიათი მიიღო.

აჭარის განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც  მოსწავლეთა ფორმებით უზრუნველყოფას გულისხმობს, თუმცა, თანხა ვინ უნდა გადაიხადოს, ამის შესახებ დოკუმენტში არაფერი წერია. ბათუმის II სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ ამ სიახლის შესახებ მათ სკოლის დირექტორისაგან გაიგეს. მე-18 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, პედაგოგი მადონა ზოიძე აცხადებს, რომ მათ სკოლაში დირექტორს ამ დირექტივის შესახებ არაფერი  უთქვამს.

თანხის გადარიცხვა ვაუჩერზე დამატებული 15 ლარით უნდა მომხდარიყო. „ეს ფული მასწავლებლის მატერიალურ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ამ დროს „ზემოდან“ ინსტრუქცია მოდის, რომ აღნიშნული თანხა ბავშვებისთვის ფორმის შეკერვას უნდა მოხმარდეს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ვალდებულება სკოლამ საკუთარ თავზე აიღოს,“  - აცხადებს პირველი სკოლის პედაგოგი ეთერ კვაჭაძე.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს,  ზურაბ გელაძეს კი ის ფაქტი აღიზიანებს, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ: „ჩემთვის, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის, ეს საკითხი სერიოზულ თავსატეხად იქცა. წერილის გამოგზავნა და მისი შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია. მაშინ ვინ ვარ მე და რას წამოვადგენ? მე ხომ მშობლებმა ამირჩიეს და ნდობაც გამომიცხადეს. თუ ნახევარ გვერდზე დაწერილი წერილის შესრულება მომეთხოვება, ჩემს აქ ყოფნას რა აზრი ჰქონდა? ამას სკოლის დირექტორიც კარგად გააკეთებს,“ - აცხადებს გელაძე.

მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა, ვაუჩერის თანხის განკარგვის უფლება მხოლოდ სკოლებს აქვს. ექსპერტი პაატა პაპავა სწორედ სკოლების ამ უფლებას უსვამს ხაზს: „თუკი გადაწყვეტილების მიღების უფლებას კანონი მაძლევს, მაშინ ის მართლაც მე უნდა მივიღო და არა ვიღაც სხვამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოჩვენებითი თავისუფლებაა,“ -  აცხადებს პაატა პაპავა.

პროგრამის განხორციელებას და მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენას მომხრეებიც ჰყავს. II სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ აჭარის განათლების სამინისტროში პროგრამამ სახეცვლილება განიცადა: „გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მას შემდეგ შეცვალა, როცა ჩვენ  უარი განვაცხადეთ მის შესრულებაზე. შემოგვთავაზეს თავად აგვერჩია თუ როგორი ფორმები ექნებოდა ჩვენს სკოლას.“

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გია აბულაძის განცხადებით, „პროგრამა უკვე არსებობს და ის უნდა შესრულდეს. ვინ განახორციელებს მას, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუ სკოლა თავად აიღებს მის დაფინანსებას საკუთარ თავზე, კარგი იქნება. შეიძლება თანადაფინანსების წესით გარკვეული თანხა განათლების სამინისტრომაც გაიღოს, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ პროგრამის წინააღმდეგ არავის გამოსულა,“ - აცხადებს აბულაძე.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი სკოლების დირექტორებისათვის „დირექტივის” გაცემის ფაქტს უარყოფს. ამბობს, რომ მათ სკოლებს უბრალოდ შეატყობინეს ამ პროგრამის შესახებ და შემდგომში თავადაც რამდენჯერმე გასცა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ირმა ზოიძე, ბათუმი

ახალი ამბები