კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'ჰათამზაიტ' / 'ბოდიში'

14 მარტი, 2007

თბილისი, 2007 წლის 14 მარტი

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

sorryb.gif


ჩვენ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ ამ მიმართვის გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით.

დღეს, როდესაც 15 წელია გასული ტრაგიკული ომის მერე, გაცილებით ადვილია შეფასდეს ის მოვლენები, რამაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია.
დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

წლების წინ საზოგადოების ნაწილი ცდილობდა წინ აღდგომოდა ომის ესკალაციას. ამ პროვოკაციული ომის საწინააღმდეგო განცხადებებს უკანონო დაკავებებიც მოჰყვა, რომელთა შესახებ საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი. ბევრი ჩვენგანი იმ დროს ბავშვი იყო და დღემდე გაუგებარია ომის მიზეზები. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი – ბუნდოვანი.

ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ჩვენ თითოეულ აფხაზს გვინდა პატიება ვთხოვოთ.

ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.

ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.

ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.
ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ კი გვინდა ჩვენი მიმართვის საჯაროდ გაცხადება:

ბოდიში!

ნუ დავყოფთ ერთმანეთს  “ჩვენებად” და “იმათიანებად", „მტრად"  და „მოყვარედ“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. თუმცა, ხელისუფლება ქართველი ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავდა.

ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია.

ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.

დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „ბოდიში“ და გვინდა ყველა დავაფიქროთ ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, დავფიქრდეთ დღევანდელობაზე და ვეძებოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ვიწყებთ ბოდიშის მოხდით და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ სუფთა გულით მეტის მიღწევა შეიძლება და რომ ომს, ძალადობას და იარაღის ჟღარუნს არანაირი გამართლება არა აქვს.

გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის აფხაზური კულტურა, აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა...

ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.

მოგმართავთ თითოეულ აფხაზს.

წინასწარ ვიცით, რომ ეს მიმართვა წინააღმდეგობას მრავალი მხრიდან გამოიწვევს. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეგვიძლია.

ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, აფხაზი და ქართველი ხალხი რჩება. ჩვენმა შვილებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.

ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის.
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.

 

მიმართვის აფხაზური და რუსული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ:

იხილეთ http://www.apsni.org

 

ახალი ამბები