კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „ქუთაისიდან“ დევნილებს ასახლებენ

15 მარტი, 2007

sastumrob.gif

„76 წლის კაცი ვარ. ალბათ, უკვე დავამძიმე დედამიწა და ადამიანებსაც ყელში ამოუვიდათ ჩემი ცქერა. სხვა რა ვიფიქრო, როცა ასე არაადამიანურად გვექცევიან მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და სადარდებელი ისედაც ბევრი აქვს,“ - ამბობს სასტუმრო „ქუთაისში“ მცხოვრები შოთა მილორავა.

მოხუცის გაღიზიანება რამდენიმე დღის წინ ფოსტით მიღებულმა წერილმა გამოიწვია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, არც კი გაუხსნია:

„კონვერტისთვის ხელიც არ გვიხლია, რადგან ვიცოდით, იქ რაზეც იქნებოდა საუბარი. სანამ წერილებს გამოგვიგზავნიდნენ, თავად გვეახლნენ ის პირები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს უსახლკაროდ დარჩენა და ღამეების ქუჩაში გათენება. გვეუბნებიან, დაცალეთ აქაურობა და წადითო. სად წავიდეთ, როცა მე და ჩემს მეუღლეს ქოლგის გარდა, თავშესაფარი არსად გვაქვს. 31 წლის ვაჟკაცი სოხუმში მომიკლეს. მეორე შვილი და რძალი მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან. უარეს დღეში არიან აქ მცხოვრები სხვა დევნილებიც. მოსულიყვნენ და ადამიანურად დაგვლაპარაკებოდნენ. მაგრამ არა, ისინი პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან და გასაქანს არ გვაძლევენ,“ - ამბობს შოთა მილორავა. მას და სასტუმროში მის მეზობლად მცხოვრებ 60 ოჯახს სწორედ აღნიშნული ელვა-შეტყობინებით აუწყეს, რომ 20 მარტამდე საცხოვრებელი ფართი უნდა გაათავისუფლონ.

სასტუმრო „ქუთაისი“, რომელშიც დღეს 300-მდე დევნილი ცხოვრობს, 2005 წელს საკონკურსო წესით გაიყიდა. მისი მფლობელი შპს „ინტერინვესტი“ გახდა. ხელშეკრულებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის გაფორმდა, მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს მფლობელი მის რეკონსტრუქციას დაიწყებს, იგი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს იქ მცხოვრებ ოჯახებს, ან თანხის სახით მოახდენს მათ კომპენსირებას.

მართალია, სასტუმროს მეპატრონე დევნილების ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას არ გაურბის, თუმცა, თანხა, რომლითაც ის სასტუმროში მცხოვრებთა გასტუმრებას აპირებს, მათთვის არასაკმარისია. „4500 ამერიკულ დოლარს გვთავაზობენ. ამით კი, ქუთაისში სარდაფსაც ვერ იყიდი. რა ვქნათ? განა, ჩვენ გვსიამოვნებს ერთ ოთახში შეყუჟვა, როგორც ახლა ვართ? საშუალება რომ გვქონოდა, ამდენ ხანს წავიდოდით აქედან. 14 წელია აქ ვცხოვრობთ. თანაც, გასათვალისწინებელი ისაა, რომ აქ ყველა ოჯახს უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პირობები აქვს. ტრაგიკული ადამიანები არიან და უსახლკაროდ დატოვება მათთვის საბოლოო განაჩენი იქნება, რომელსაც ნამდვილად ვერ გადაიტანენ,“ - ამბობს შოთა მილორავა.

„თავის დროზე, როცა ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორს ობიექტი მიჰყიდა, ამ პროცესში არ ჩარეულა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. არც უშუალოდ დევნილებთან გაუფორმებია ვინმეს წერილობითი ხელშეკრულება, რომ პირობები შეთანხმებული ყოფილიყო. მხარეებს შორის მოლაპარაკება დევნილების გვერდის ავლით მოხდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქუთაისში საცხოვრებელი ფართები გაძვირებულია, ამ ფასად, რასაც მათ ინვესტორი სთავაზობს, ვერაფერს შეიძენენ. ამდენად, მათი რეაქციაც ბუნებრივია,“ -აცხადევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის „საჩინოს“ დირექტორი ზურაბ ხურციძე.

დევნილებმა მის ორგანიზაციას მას შემდეგ მიმართეს, რაც „ინტერინვესტის“ ნდობით აღჭურვილი პირისგან გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს. შეტყობინებაში მითითებულია, რომ სამოცდაერთმა ოჯახმა 20 მარტამდე სასტუმრო უნდა დატოვოს.

მოლაპარაკებას დევნილებთან საინფორმაციო ბიურო, კერძოდ კი, მისი ხელმძღვანელი კახა კუხიანიძე აწარმოებს. იგი ამბობს, რომ შპს „ინტერინვესტის“ რწმუნებულია და ამის სრული უფლება აქვს: „დევნილებისთვის თანხის შეთავაზება სასტუმროს გაყიდვის დღიდანვე დაიწყო. მე ამ საქმეში 2006 წლის 18 დეკემბრიდან ჩავერთე და შესაბამისად, ამ დროიდან დავიწყე დოკუმენტაციის შესწავლა. დღეისთვის ერთსულიან ოჯახს 4500 დოლარს ვთავაზობთ. ხოლო, თუ ოჯახი რამდენიმე წევრისგან შედგება, შესაბამისად, არსებობს დანამატი,“ - განმარტავს კახა კუხიანიძე.

გარდა ამისა, იგი დასძენს, რომ დევნილებს სასტუმროდან გამოსახლების სანაცვლოდ პირობის რამდენიმე ვერსია შესთავაზა: 1.კეთილმოუწყობელი ფართი კოლექტიურ ცენტრში, პლიუს კომპენსაციის თანხა; 2.კოლექტიური კეთილმოწყობილი ფართი კომპენსაციის გარეშე და 3. ბინა მშენებარე კორპუსში, ქუთაისის ტერიტორიაზე.

დევნილები აცხადებენ, რომ კუხიანიძე ტყუის და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია: „არავითარი ფართით უზრუნველყოფა კუხიანიძეს ჩვენთვის არ შემოუთავაზებია. პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ და დიალოგზეც არ წამოსულან. ამდენ შეურაცხყოფას კუხიანიძისგან ვეღარ ავიტანთ. ვაპირებთ საჩივარი შევიტანოთ მის წინააღმდეგ, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. კახა კუხიანიძე იმასაც კი იძახის, თითქოს 40 ოჯახი თანახმაა აიღოს ეს თანხა. გარწმუნებთ, ეს ტყუილია, რომელსაც მალე დავამტკიცებთ,“ - აცხადებენ დევნილები.

საქმის სასამართლომდე მისვლას არც კუხიანიძე გამორიცხავს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილები გაჯიუტდებიან, „ინტერინვესტის“ მეპატრონე მართლმსაჯულებას მიმართავს. მით უფრო, რომ აპრილის ბოლოდან სასტუმროს რეკონსტრუქციის პროცესია დაგეგმილი და ამასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. სასტუმრო „ქუთაისის“ მფლობელის რწმუნებული ამ საკითხებზე სასაუბროდ უახლოეს დღეებში ქუთაისის მერთან შეხვედრასაც გეგმავს, რათა მიიღოს ოფიციალური თანხმობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის სათანადოდ შეფუთვასა და გარეშემოღობვაზე.

დევნილთა დაპირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რეკონსტრუქციის წინა მოსამზადებელი პერიოდი გაცილებით რთული და დრამატული იქნება, ვიდრე ეს „ინტერინვესტის“ მფლობელსა და მის რწმუნებულს წარმოუდგენიათ. დევნილებმა გამაფრთხილებელი აქცია გასულ კვირას უკვე გამართეს და ისიც აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

 

ახალი ამბები