კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორა კვიციანის პროცესი კვლავ გადაიდო

20 მარტი, 2007

kvicianib.gifუკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ბრალდებულ ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. საქმეს გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძე იხილავს.

სასამართლოს გადადების მიზეზი კოდორის ხეობაში არსებული კლიმატური პირობებია - უამინდობის გამო ხეობიდან ბრალდების მხარემ მოწმეების ჩამოყვანა ვერ მოახერხა. თუმცა, უამინდობის მიუხედავად სასამართლოში დღეს ბრალდების ერთ-ერთი მოწმე მაინც წარსდგა. ხეობის მკვიდრმა ნაზი წულუკიძემ წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ მას არაფერი მსგავსი იმისა, რაც წინასრწარი გამოძიების დაკითხვის ოქმში წერია გამომძიებლისთვის არ უთქვამს.

დაკითხვის ოქმის თანახმად, წულუკიძე ნორა კვიციანის წინააღმდეგ იძლეოდა ჩვენებას. მისივე პირველი ჩვენების თანახმად, ემზარ და ნორა კვიციანები მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდნენ ხელისუფლების დაუმორჩილებლობისაკენ. ოქმში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი თანასოფლელის მსგავსად ჰუმანიტარული დახმარება ნორა კვიციანის გამგებლობის დროს არც წულუკიძეების ოჯახს მიუღია. სასამართლო პროცესზე მოწმე ნაზი წულუკიძე საპირისპროს ამტკიცებდა. მან თქვა, რომ არა თუ მას არ მიუღია ჰუმანიტარული დახმარება, არამედ არც კი სმენია მსგავსი პრობლემა სოფელში ვინმეს შეჰხებოდა.  კითხვაზე თუ რატომ მოაწერა მან ხელი წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენების ოქმზე, წულუკიძე პასუხობს: „მე მეგონა, რომ დაკითხვისას ოქმში წერდნენ იმას, რასაც მე ვამბობდი, მსგავსი რამ, რაც იმ ოქმში წერია, მე არასდროს მითქვამს. მე ვენდე გამომძიებელს და ჩვენებაზე ხელი ბრმად მოვაწერე, ოქმის წაკითხვა ვერ მოვახერხე, რადგანაც იმ დღეს თან არ მქონდა სათვალე, სათვალის გარეშე კი ხელნაწერი ვერ წავიკითხე.”

განსასჯელის ადვოკატის პაატა ბუჩუკურის თქმით, სასამართლოსთვის მიცემული წულუკიძის ჩვენება არ შეიძლება ჩვენების შეცვლად შეფასდეს: „მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია, მან სასამართლოს მისცა ობიექტური ჩვენება. მან განაცხადა, რომ ის რაც დაკითხვის ოქმში წერია, მას არ უთქვამს და აზრზე არ იყო თუ რა ეწერა დაკითხვის ოქმში. ჩანს, რომ ოქმი მის ნამდვილ ჩვენებას არ შეეფერება”,- ამბობს პაატა ბუჩუკური.

კოდორის ხეობიდან მოწმის სახით ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა სოფელ ჩხალთაში მცხოვრები ნინა გუგუსიანი, რომელიც ეწინააღმდეგება გამოძიების ბრალდებას ნორა კვიციანის მიერ ჰუმანიტარული საქონლის მითვისების შესახებ. „მსგავსი რამ ჩვენს სოფელში არ მომხდარა. პროდუქტს ყოველ თვე დროზე ვღებულობდით, ჩხალთაში ნორას გამგებლობის დროს 1 გრამი პროდუქტიც კი არ დაკარგულა”,- ამბობს ნინა გუგუსიანი. გუგუსიანი დღეს სასამართლოს არ დაუკითხავს, ნორა კვიციანისთვის სასარგებლო ჩვენებებს ის სასამართლოს ეზოში შეგროვილ ჟურნალისტებს აძლევდა.

ნაზი წულუკიძე უკვე მეორე მოწმეა, ვინც გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება შეცვალა. ორივე მათგანი ამბობს, რომ ოქმს ხელი ტექსტის წაუკითხავად მოაწერა, რაც ადვოკატს საგულისხმო ფაქტად მიაჩნია. „ორივე მოწმემ დაკითხვის ოქმს ხელი გაუთვითცნობიერებლად მოაწერა; ეს ერთგვარად მაჩვენებელია იმ ტენდენციისა, თუ როგორი არაინფორმირებულნი არიან მოწმეები დაკითხვისას და თუ რა გაუთვითცნობიერებლად აწერენ ისინი ოქმზე ხელს”,- ამბობს ბუჩუკური. მისივე თქმით, სასამართლო არცერთი მოწმის ჩვენებით არ დაინტერესდა და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა გამომძიებლის დაკითხვის შესახებ.
ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი 22 მარტს განახლდება.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები