კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკარო ეკომიგრანტები

23 მარტი, 2007

ekob.gif

აჭარის უმაღლეს საბჭოში დაუგეგმავი 4 მილიონი ლარის გადანაწილების თემას დიდი კამათი მოჰყვა. ოპოზიციაც და უმრავლესობის ერთი ნაწილიც ამ თანხის აჭარაში სტიქიით დაზარალებულების დახმარებისათვის გამოყენებას მოითხოვდა. საბოლოოდ, დეპუტატების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, ეს თანხა აჭარის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ფასადების შეღებვასა და აჭარის ტელევიზიის განვითარებას მოხმარდება. 500-მდე ეკომიგრანტი კი კვლავ თავშესაფრის ძიებაშია.

აჭარის მთიანეთის მოსახლეობა სტიქიური ზონების სიმრავლის გამო, საკუთარ ადგილ-მამულებს წლების განმავლობაში იძულებით ტოვებდა. აჭარლების მასიური  მიგრირება გასული წლის 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. მთავრობამ ისინი სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კომპაქტურად ჩაასახლა. მარტო წალკაში დღეს 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.

სტიქია დღესაც აზარალებს აჭარის მაღალმთიანეთს. გაფხულის დადგომასთან ერთად მეწყერული პროცესები კვლავ აქტიურდება და დაზარალებულების სიას სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება.

მიუხედავად ამისა, წლებთან ერთად ეკომიგრანტთა დახმარებისათვის თანხები ბიუჯეტში სულ უფრო და უფრო მცირდება. წელს სტიქიით დაზარალებულებისათვის სახელმწოფომ მილიონი ლარი გამოყო, რომლიდანაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტებთან ერთად სახლები მესხეთიდან დეპორტირებულთათვისაც უნდა შეიძინოს. მთავრობას ეკომიგრანტების დასახმარებლად არც პროგრამა აქვს, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად შეძლებდა დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გადაცემას.

ელემენტარული პირობების უქონლობის გამო, საცხოვრებელი ადგილები იმ ადამიანებმაც დატოვეს, რომლებიც ქვეყნის ამა თუ იმ კუთხეში წლების წინ ჩაასახლეს.  დღეს აჭარაში 800-ზე მეტი უკუმიგრირებული ოჯახია.

გაუსაძლისი პირობების გამო, 200-ზე მეტმა ოჯახმა მიატოვა ხონის რაიონიც. დარჩენილი 100-მდე ოჯახის საცხოვრებელ ბინას კი დღესაც ყოფილი იზოლატორები და ხისგან შეჭედილი ოთახები წარმოადგენს. ეს ადამინები სახლების შესყიდვის პირობით, ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ იზოლატორებში 20 წლის წინ შეასახლა. ეკომიგრანტები თავიანთ მდგომარეობას პატიმრის ცხოვრებას ადარებენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პატიმრისგან განსხვავებით, მათი სასჯელის ვადა განუსაზღვრელია.

რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება წალკაში ჩასახლებულებსაც. აქაურ მკაცრ კლიმატურ პირობებს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო მდგომარეობაც დაემატა. ისინი თავის გამოკვებასაც კი ვერ ახერხებენ.

აჭარიდან ჩასახლებული ოჯახების ნაწილს, მართალია სახლები გადაეცათ, მაგრამ მიწის ნაკვეთები, რითაც თავი უნდა ირჩინონ, არ აქვთ. მათ მიწა ვერც იჯარით აიღეს და მითუმეტეს ვერც საკუთრებაში მიიღეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ მიქელაძე ამ საკითხში ხელისუფლების ჩარევას ითხოვს. „ვინაიდან იქაურები არ იყვნენ, რეფორმით დადგენილი წესების მიხედვით, მათ მიწა არ ეკუთვნოდათ. იჯარით კი იმიტომ ვერ აიღეს, რომ ოფიციალურად იქაურ მაცხოვრებლებად არ ითვლებოდნენ. ღვთის ანაბარად არიან მიტოვებულნი. სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდათ, არენდატორებს მიმართეს. ისინიც მისცემენ ერთ ჰექტარს, გააწმენდინებენ, დაამუშავებინებენ და თან ფულს ახდევინებენ; მომავალ წელს სხვა ნაკვეთს გააწმენდინებენ, ამაშიც ფულს ახდევინებენ. ეკომიგრანტები  ფაქტობრიბად, მოჯამაგირეებად იქცნენ და ამას ბოლო არ უჩანს,“ - აცხადებს მიქელაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ მახარაძე კი ეკომიგრანტების დასახმარებლად პროგრამის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მთავრობამ ამ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად გეგმაზომიერად უნდა იმოქმედოს: „აჭარის მთვრობამ და უმაღლესმა საბჭომ უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები და საქართველოს პრეზიდენტს წარვუდგინოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ეს პროგრამა, შემუშავდეს გეგმა და მთავრობამ სპეციალური დადგენელება მიიღოს. უნდა გამოიყოს ფინანსები და ამ ადამიანების ჩასახლება განხორციელდეს არა მარტო წალკაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ეს შესაძლებელია. სხვა გზა არ არსებობს,“ - აცხადებს მახარაძე.

აჭარაში, ოფიციალურად სტიქიის შედეგად დაზარალებული 3574 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 488 ფაქტობრივად უსახლკაროა.

რამდენიმე წელია სტიქია ზღვისპირა ზოლში მცხოვრებ ადამიანებსაც აზარალებს. სოფელ ადლიაში ზღვამ მიწის ნაკვეთი ათობით ოჯახს მოსტაცა, ზოგს საცხოვრებელი სახლიც დაუნგრია. ზღვისპირა ზოლის მოსახლეობაც დახმარებას ხელისუფლებისგან მოელის.

„საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აჭარის მონაკვეთის ნაპირდაცვის კონცეფციის“ მიხედვით, პრობლემის გადასაწყვეტად 22,5 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.  ამ თანხით ნაპირის გამაგრება სარფიდან ჩოლოქამდეა შესაძლებელი. თუმცა, არსებობს სხვა პროექტებიც, რომელთა მიხედვით, მარტო ადლია-ბათუმის მონაკვეთის გასამაგრებლად, მაქსიმუმ 3 მილიონი ლარია საკმარისი. ბიუჯეტის მიხედვით არც ამ პროექტების დაფინანსებაა დაგეგმილი. ზღვა ბათუმში მშენებარე აეროპორტის მიმდებარე სანაპირო ზოლსაც დაემუქრა. ამ მონაკვეთში ნაპირის გასამაგრებელ სამუშაოს აეროპორტის მფლობელი, თურქი ინვესტორი ატარებს. 

ირმა ზოიძე, ბათუმი

ახალი ამბები