კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა

26 მარტი, 2007

signagib.gif

„სოცდაზღვევის თანამშრომლების დაკავების შემდეგ ვთქვი, რომ დაჭერები გაგრძელდებოდა და ყურად ეს საკითხი არავინ იღო. ეტყობა, ამათ ჰგონიათ, რომ ვხუმრობ. სულაც არ მეხუმრება,“ - ამ სიტყვებით პრეზიდენტმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ მიმართა. მუქარას საკადრო ცვლილებები მოჰყვა, რომელიც, როგორც ამბობენ, კვლავ დაჭერებით გაგრძელდება. კახეთის საოლქო პროკურატურა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ აბულაშვილის საქმიანობით დაინტერესდა.

სამართალდამცავებმა სიღნაღის რაიონის გამგებელი ბერდო ასანიშვილი და მისი მრჩეველი მამუკა მანგოშვილი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. პროკურატურა დაკავებულებს სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ასანიშვილმა დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მათ მიერ, ორი წლის განმავლობაში, კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ, ასობით ჰექტარი მიწის იჯარით გაცემასა და გაყიდვას, საქართველოს პარლამენტის წევრი და ამავდროულად ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ აბულაშვილი ხელმძღვანელობდა. „ნუგზარ აბულაშვილმა ჯერ გვამუშავა, ხოლო როცა დასჭირდა პროკურატურას ინფორმაცია თვითონ მიაწოდა და ჩვენი თავი დააჭერინა,“ - აღნიშნა მაშინ ბერდო ასანიშვილმა.

დეპუტატი ამ დანაშაულში იმ დროს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ჩირინაშვილმაც ამხილა. იგი დეპუატატის დანაშაულებრივ საქმიანობაზე პირდაპირ მიუთითებდა, რაც მასსა და პარლამენტარს შორის რადიკალური დაპირისპირების საფუძველიც გახდა. „ჯერ კიდევ ასანიშვილის დაკავებამდე, მამუკა მანგოშვილს, რომელიც მრჩეველამდე, გამგებლის მოადგილე გახლდათ, სამუშაო ოთახში ვეწვიე და ვთხოვე, სამეწარმეო საქმიანობისათვის, კანონის დაცვით სიღნაღში ჩემთვის 200 კვ.მ მიწა მოეცათ. მას არ დაუმალავს, რომ ამას აბულაშვილის გარეშე ვერ შეძლებდა. ნუგზართან შევათანხმებ და პასუხს ორი დღის შემდეგ გეტყვიო, - აღნიშნა. დათქმულ დროს მანგოშვილი მართლაც შემხვდა და მითხრა, ნუგზარმა შემოგითვალა, მაგ საქმის გაკეთებას 2 ათასი აშშ დოლარი უნდაო,“ - იხსენებს გოგი ჩირინაშვილი, რომელიც დეპუტატთან კორუფციულ გარიგებაზე არ წასულა.

2006 წლის 15 ივნისს, სიღნაღში, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერად და ნუგზარ აბულაშვილის წინააღმდეგ, არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი თეატრალიზებული აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები დაარბიეს. მედიის წარმომადგენლებს ტექნიკა დაუმტვრიეს, წაართვეს ვიდეოკასეტები და დიქტოფონები, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებებიც მიიღეს. პოლიციამ სამი თავდამსხმელი, იოსებ ნანობაშვილი, ვასილ მუნჯიშვილი და ჯემალ დემეტრაშვილი იმავე დღეს დააკავა. ნანობაშვილსა და მუნჯიშვილს, სიღნაღის რაიონული სასამარლოს მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, დემეტრაშვილს კი გირაო – ხუთი ათასი ლარის ოდენობით. 


მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა დარბევის ორგანიზებაში უშუალოდ აბულაშვილი დაადანაშაულეს და სამართალდამცავებს დამადასტურებელი ფაქტების ჩვენებით შესაბამისი ახსნა-განმარტებებიც მისცეს, აბულაშვილის საქმიანობით დიდი ხნის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სიტყვები, რომ ეს იყო ვანდალური ფაქტი და იგი მოითხოვდა მის სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეთა მკაცრად დასჯას, ფუჭი გამოდგა. როგორც დაზარალებული ჟურნალისტები აცხადებენ, აბულაშვილმა დუმილის სანაცვლოდ ნანობაშვილი და მუნჯიშვილი ციხიდან გარეთაც გამოიყვანა და თავისუფლების გარანტიაც მისცა. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დასრულებიდან 8 თვე გავიდა, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კი სისხლის სამართლის საქმის განსახილველად დღემდე ვერ მოიცალა. არაერთი წერილობითი განცხადების მიუხედავად, იგი დაზარალებულებს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევს და პრეტენზიების გამოთქმის შემთხვევაში მათ დაპატიმრებით ემუქრება.

დეპუტატის წინააღმდეგ ხშირად და საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით, სამხარეო პროკურატურა მხოლოდ სამიოდე კვირის წინ დაინტერესდა. დაზუსტებული ინფორმაციით, მოწმის სახით უკვე დაიკითხა რამდენიმე ადამიანი. მათ ვინაობას სამართალდამცავები არ ასახელებენ. ინფორმაციას, პროკურატურის მიერ პარლამენტარის საქმიანობით დაინტერესების შესახებ, კახეთის ოლქის პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი ადასტურებს: „ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, თუმცა, იცით ალბათ, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს, ბერდო ასანიშვილისა და მამუკა მანგოშვილის წინააღმდეგ განიხილავს. არის კონკრეტული ფაქტები და კიდევ სხვა ბრალდებები, რომლითაც დავინტერესდით და ვაწარმოებთ მოკვლევას. ჯერ-ჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ - აღნიშნა თამაზ ცაბუტაშვილმა.

თავად ნუგზარ აბულაშვილი მისდამი წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. „რა თქვით, ბერდო ასანიშვილმა მამხილა? რა სისულელეა. მე ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ მაქვს. რა დარბევა, რის დარბევა. რა მოკვლევა, რის გამოძიება. ... კომენტარს არ გაძლევთ,“ - განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ნუგზარ აბულაშვილმა.

როგორც კახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ აბულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. სავარაუდოდ ეს აპრილის პირველ რიცხვებში მოხდება. მანამდე პროკურატურაში სხვა საჩივრებსაც ელიან. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები