კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

31 მარტს 20 000 ახალგაზრდას რეზერვში გაიწვევენ

27 მარტი, 2007

 

bootsb.gif31 მარტიდან საქართველოს მოქალაქების სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა იწყება. კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ 27-დან 40 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს ავალდებულებს, აღნიშნულ კანონს დაემორჩილოს. მათ რიცხვში ისინიც შედიან, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოვლილი აქვს. გამონაკლისი მხოლოდ 15 კატეგორიაზე დაიშვება.      

წელს 4 სარეზერვო ბანაკი შეიქმნება - სენაკში, თელავში, კოჯორსა და ვაზიანში. რაც შეეხება გასაწვევთა კონტიგენტს, მიუხედევად იმისა, რომ მათი რაოდენობა 300 000-მდეა, პირველ ეტაპზე 20 000 ადამიანს გაიწვევენ.

რეზერვი სულ სამი სახისაა - აქტიური, ეროვნული და ინდივიდუალური. კანონპროექტის მე-3 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს, თითოეულ მათგანში ვინ მოხვდება: „აქტიური რეზერვი კომპლექტდება პირებისგან, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი არიან რეზერვში ჩარიცხვით; ეროვნული გვარდიის რეზერვი კომპლექტდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით; ინდივიდუალური რეზერვი კომპლექტდება პირებისგან, რომლებიც არ ირიცხებიან აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვში.“
 
პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გამოიძახებენ. ამ სამსახურის გავლის ხანგრძლივობა პირს შრომის სტაჟში ჩაეთვლება. მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკია 27-დამ 40 წლის ჩათვლით. ასევე უფროსი ასაკის პირს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს გაიაროს ეს სამსახური. რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს გაივლის წელიწადში ერთხელ, 18 დღის ვადით.

სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან თავისუფლდებიან: ქალები, სარკინიგზო ტრანსპორტის შემადგენლობა, საზღვაო ფლოტის შემადგენლობა, პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად, შსს-სა და თავდაცვაში მომუშავე პირები, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, მოსამართლეები, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ წასულები, დიპლომატიური თანამდებობის პირები, სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები.   

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გადავადებას, თუ პირის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო პირი ან არასრულწლოვანი ან ობოლი და-ძმა.  

კანონის 11-ე მუხლი სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებას ეხება. მის მიხედვით, ვინც მითითებულ ვადაში თავს აარიდებს სარეზერვო სამსახურს, პასუხისმგებლობა დაეკისრება. სს კოდექსის 390'(პრიმა) მუხლით სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის ერიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარი ტყუილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

389-ე მუხლით, დეზერტირობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად კი 5-დან 10 წლამდე.

პარლამეტის წევრი გიგა ბუკია ამბობს, რომ აღნიშნული სანქციები საკამოდ მკაცრია და ის სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებს
არ გამორიცხავს.    

გიგა ბუკია: „მოგეხსენებათ, რომ პირველი გაწვევა 31 მარტიდან მოხდება. ამ ეტაპზე წლის განმავლობაში განსაზღვრულია 20 000 ადამიანის გაწვევა. მომავალი წლისთვის 40 ათასის და თანდათანობით 100 000 -მდე პირი უნდა გაიწვიონ.  სამწუხაროდ, პარლამეტმა  ჩვენი მოსაზრებები არ გაიზიარა. როცა რეალურად 20 000 ადამიანის გაწვევაა დაგეგმილი და კონტიგენტი არის 300 000-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ გაწვევა გამორჩევით უნდა მოხდეს. შერჩევის მექანიზმი კი განსაზღვრული არ არის. მათ შეუძლიათ 300 000-ვე გამოიძახონ,  მერე მოხდეს კორუფციული გარიგება და ზოგს გაიწვევენ და ზოგს არა.
    
რაც შეეხება სანქციებს, ის ძალიან მკაცრია. თავიდან, თავის არიდებისთვის ჯარიმის სახით განსაზღვრული იყო 1000 ლარი, შემდეგ ის 500 ლარამდე შემცირდა. მეორე შემთხვევა კი სს პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ის სტუდენტი, ვინც რეზერვს 3-ჯერ გაივლის, სამხედრო ბილეთს მიიღებს. ე.ი. ადამიანს 54 დღიანი მომზადება ჯარის მოხდაში ჩაეთვლება, რაც არასწორია. ჯარის მოხდას წელიწადნახევარი სჭირდება.“

სარეზერვო სამსახურის პირველ კონგიგენტში სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოხვდა. მათი შერჩევა უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე თვის წინ დასრულდა.     

ეკა გულუა

ახალი ამბები