კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხავერდოვანი ვარდნა - ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2006 წელს

27 მარტი, 2007

ანგარიში მომზადებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ

policb.gif

2006 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა სახელწოდებით „შემდეგი გაჩერება - ბელორუსი? “ ანგარიშში გაანალიზებული იყო 2005 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამომწვევი მიზეზები და საუბარი იყო იმ ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყანაში ვარდების რევულუციიდან მეორე წლის შემდეგ განვითარდა. ცენტრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევების მასობრივი ხასიათი უახლოეს ხანებში მეტად სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანდა ქვეყანას. ანგარიშში გამოთქმული პროგნოზები სამწუხაროდ სულ მალე გამართლდა.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ იმავე, 27 იანვარს ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სადისტურად მოკლეს ბანკის ახალგაზრდა თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი. ეს მკვლელობა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ლაქად და თანამდებობის პირთა ხელშეუხებლობის კლასიკურ ნიმუშად იქცა.

2006 წლის განმავლობაში პოლიციამ არაერთი სპეცოპერაცია მოაწყო და მრავალი ადამიანი, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, სიცოცხლეს გამოასალმა.

სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ კვდება და მის ადგილს ბუტაფორია იკავებს. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების შემდეგ, უკვე სინდისის პატიმრები ჩნდებიან. ხელისუფლება შიშს ნერგავს და ახორციელებს აშკარა ტერორს ბიზნესის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წინააღმდეგ.

„რეპრესიები სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ“ - ასე შეაფასა ცენტრმა 2006 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, რომლებიც მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკურ ოპონენტთა (ბათიაშვილი, გიორგაძის მომხრეები, სხვ) დაკავებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას, (ტელევიზიების დახურვა - „202“, რუსთავის 2-ის პროგრამის, თავისუფალი თემა, ჟურნალისტების დარბევა სიღნაღში და სხვ.).
 
იმავე წელს ზეწოლა დაიწყო არასამთავრობო სექტორზე და სახალხო დამცველის აპარატზე.  არასამთავრობოების მარგინალიზაცია უკვე შორს წასული პროცესია.

დრაკონული კანონების შემოღება - სსსკ კოდექსში შეტანილი ცვლილები, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კანონები საკუთრების ხელყოფაზე - „გაკულაკება“; კანონი რეზერვისტობაზე და ქვეყნის მილიტარიზაცია - ყველანი ჯარში; ძალის გადამეტებული გამოყენება - ციხის ე.წ. ბუნტი, რომელიც გამოუძიებელი დარჩა; პრეზიდენტის გამონათქვამები - ყველანი ციხეში; არასრულწლოვანთა პასუხისგების ასაკის შემცირება; მიტინგების დარბევა;

„ხავერდოვანი ვარდნა“ - ასე ვუწოდეთ ანგარიშს, რომელიც საქართველოში ასახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ხავერდოვანი რევოლუციის მესამე, 2006 წელს.

„ხავერდოვანი ვარდნა“ - ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ვარდნა. ვარდნა - ეს, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებაა. ჩვენ არც ბელორუსის მოდელის იმპორტირება გვინდა საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის „ვარდნა“.


საკანონმდებლო ცვლილებები

2006 წელი განსაკუთრებულად ცვლილებებითა და ახალი კანონებით არის მდიდარი – საქართველოს პარლამენტმა 480-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო.

2006 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა უხეშად დაარღვია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები. ფაქტიურად მივიღეთ პრეზიდენტის განუსაზღვრელი, უკონტროლო და უპასუხისმგებლო ძალაუფლება.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ფორმალურად შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომელთა გამოყენება ხელს უნდა უწყობდეს მომხდარი დანაშაულის სწრაფ გახსნას. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასამართლო რეალურად ასრულებს პროკურატურის ბრძანებებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი ლახავს მოქალაქეთა ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებას, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნული უფლებები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო პრაქტიკით.  

სასამართლოებს ჩამოერთვა მსჯავრდებულთათვის პატიმრობის რეჟიმის განსაზღვრის უფლება. მოქმედი კანონმდებლობით, ამას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განსაზღვრავს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებულია და დაცულია სახელმწიფოს მხრიდან. ამის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების ახალი რეალიების გათვალისწინებით, სახელმწიფო მუდმივად ახდენს საკუთრების კანონიერების რეცეფციას, გადასინჯვას.
 
ამგვარი მოქმედებებით ზიანი ადგებათ კერძო მესაკუთრეებს, რითაც მათი ხელშეუხებლობის გარანტიები ირღვევა.

ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც შესაძლებელი გახდა პირობითი სასჯელის გამოყენება. როდესაც საპროცესო შეთანხმება მიიღწევა მხარეთა შორის ფაქტიურად ბრალდებულის რეაბილიტაცია ხდება. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, იგი ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გახსნას. ოპონენტების აზრით, ახალი კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ახალი მექანიზმი გახდება. ამას გარდა, ხშირად ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, რათა საპროცესო გარიგებას მიაღწიოს და შესაბამისად თავიდან აირიდოს პატიმრობა.

საქართველოს პარლამენტი აქტიურად განიხილავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის თოთხმეტიდან თორმეტ წლამდე შემცირებას. თორმეტი წლის ბავშვს შეიძლება მიესაჯოს თხუთმეტწლიანი პატიმრობა, თუ კი ის დანაშაულს განსაკუთრებულად დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდენს.

2006 წლის 10 იანვრიდან გამოძიების დაწყების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის შესახებ მოპოვებული ანონიმური ინფორმაცია.

აღნიშნული ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დანაშაულის ცრუ დასმენისათვის.

2006 წლის 24 იანვარს, ევრო საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ საქართველოს შესახებ დადგენილება მიიღო. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს რეგიონალური თუ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაცია; უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; გამოავლინოს წამების ფაქტები ციხეებში; გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა დაუსჯელობის სინდრომის მიმართ, რაც ციხეებში წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ესკალაციას იწვევს. ივლისში საქართველოს ევრო საბჭოს  ადამიანის უფლებთა კომისარი ეწვია და ყურადღება ციხეებში არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა.
 
ევროსაბჭომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ხუთწლიანი ევროპული თანამეზობლობის პოლიტიკის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველო კისრულობს ვალდებულებას ეფექტური ზომები მიიღოს კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების, სავაჭრო, ენერგეტიკული და შიდა კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხებში.

„ჰუმან რაიტს ვოჩის“ (Human Rights Watch) ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას თითქმის არ გააჩნია არსებითი საფუძველი იამაყოს კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში მიღწეული წარმატებებით.

მთავრობის ნომერ პირველ ამოცანას კვლავ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის ფუნქცია  მინიმუმამდეა დასული.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკურ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადამიანი შეიძლება დაპატიმრდეს თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოხსენებას ღიად ან სატელეფონო საუბრისას გააკეთებს. ექსპერტები შიშობენ, რომ აღნიშნული კანონი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცევა.

მედია

საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი კვლავ დაბალია. 2006 წელს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, მსოფლიოს 168 ქვეყანას შორის საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა. 2006 წლის 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოხსენება გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული სიტუაციაზე. მის მოხსენებაში სპეციალური თავი ეძღვნებოდა გამოხატვის თავისუფლებას. ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები სამსახურის დაკარგვის შიშით, ხელისუფლების წარმომადგენელთა ინსტრუქტაჟს ასრულებენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა კანონპროექტი მაუწყებლების ეთიკის შესახებ. მედიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი პრესისა და მაუწყებლობის პრინციპებს.

ბეჭვდითი მედიის სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან გაუქმდა ჟურნალ-გაზეთებზე საგადასახადო შეღავათები. რეგიონალური ტელევიზიები ხშირი ზეწოლის ობიექტები ხდებიან.

სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტებულად გამოყენება

ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეემცირებინა სამართალდამცველთა მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები. ხშირად სპეცოპერაციები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ეჭვმიტანილთა სიკვდილით მთავრდება. სპეცოპერაციის დროს 2006 წელს 17 ეჭვმიტანილი მოკლეს. ერთ შემთხვევაში, მოკლულის სხეულზე 50 ნატყვიარი აღმოჩნდა.
 
წამება და ცუდი მოპყრობა ციხეებში

საქართველოში პატიმართა უმეტესი ნაწილი - 63%  წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გადაჭედილ საკნებში გაუსაძლისი პირობებია. კვება და სამედიცინო დახმარება არადამაკმაყოფილებელია. პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან შეხვედრას. დიდი ხნის განმავლობაში პატიმრებს არ შეუძლიათ სუფთა ჰაერზე გასვლაც კი. შესაბამისად, მათი მდგომარეობა არადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

გასული წლის განმავლობაში პატიმართა რიცხვი 30%-ით გაიზარდა და დაახლოებით 16 000 მიაღწია. დაბრკოლებები ექმნებათ პატიმართა ახლობლებს ამანათების გადაცემისა და შეხვედრის დროს.

2006 წლის მაისში ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციათა კოალიციამ (ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი) გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს წარუდგინა ანგარიში ქვეყანაში არსებული წამებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ.

სასამართლო სისტემა

2006 წლის 10 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს დისციპლინარულმა კომიტეტმა კვლავ შეამცირა მოსამართლეების რიცხვი. მოქმედი მოსამართლეები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ პროკურატურა მათზე ზეწოლას ახდენს.

სასამართლო პროცესები ადმინისტრაციული და პროცესუალური კანონების დარღვევით მიმდინარეობს. ერთადერთ პოზიტიურ ცვლილებას მოსამართლეთა ხელფასის გაზრდა წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა საპროცედურო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის დროს. დანაშაულის სიმძიმე დამოკიდებულია მიმართვის ადგილსა და გამოხატვის ფორმაზე.

დაუსჯელობის სინდრომი

პირების, ვინც მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა დარღვევაში, სასტიკ მოპყრობაში, ძალადობასა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლის ფაქტებში, დაუსჯელები რჩებიან. ესაა ის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოსწორებასაც ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს ხდება საფუძველი სამართალდამცველთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების სიმრავლისა. ამის ნათელი მაგალითებია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ივანე მერაბიშვილის საჯარო განცხადებები.

მშვიდობიანი თავყრილობისა და მანიფესტაციების უფლება
 
2006 წელს საქარათველოში მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების მოწყობის უფლება ირღვეოდა.

სექტემბერში თანასწორობის ინსტიტუტის ხუთი წევრი საქალაქო სასამართლოს შენობის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამო დააპატიმრეს.

პოლიციამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მშვიდობიანი აქცია დაშალა.

სამხედრო რეოფრმა

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ქვეყანაში გამოცხადებული მასობრივი მობილიზაციის გამო. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საყოველთაო მობილიზაცია ომიანობის შემთხვევაში ხდება. საკანონმდებლო ცვლილებებით, რეზერვისტთა რიგებში საქართველოს მოქალაქე ყველა მამაკაცი უნდა ჩაეწეროს. თავის არიდების შემთხვევაში, პიროვნება დათქმულ დროში იხდის ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თხუთმეტდღიანი პატიმრობა ელის.

პოლიტიკური პატიმრები

მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ცენტრალური ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებს, რათა გაანეიტრალოს თავისი ოპონენტები. ამ მიზნით, ქართულმა პოლიციამ ხელისუფლების 29 ოპონენტი დააპატიმრა. მათ ყოფილი ეროვნული უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძესთან კავშირში დასდეს ბრალი. ივლისში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, ემზარ კვიციანთან სატელეფონო საუბრის გამო დააპატიმრეს.

ბავშვთა უფლებები

საქართველოში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ბავშვთა შრომის შესახებ, თუ არ ჩავთვლით 1997-2000 წწ. გაეროს განვითარების პროგრამისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებს. საქართველოში არსებული უკიდურესი სოციალური მდგომარეობის შედეგად, ბავშვების უფლებები თითქმის ყველა ნაბიჯზე ირღვევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებულად შეშფოთებულია არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის ასაკის შემცირების გამო. ამას გარდა, საქართველოში არასრულწლოვნებს გამოძიების დამთავრებამდე, ხშირად წინასწარი პატიმრობის საკნებში ათავსებენ, სადაც მათ საკმაოდ დიდი დროის გატარება უწევთ.

 

ახალი ამბები