კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო ვალდებულება თუ უბრალო გულგრილობა

28 მარტი, 2007

kacib.gif,,მე ტრავმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მივიღე და სახელმწიფო ვალდებულია, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველმყოს,“ - ამბობს თემურ ივანიძე.

2003 წლის 5 სექტემბერს, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის კარებთან აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების შედეგად აპარატის მოხელე, კომენდანტი თემურ ივანიძე დაშავდა. დაზარალებული კუთვნილი პენსიის მიღებას დღემდე უშედეგოდ ელოდება.

ტერაქტის შემდეგ თემურ ივანიძეს მარცხენა ფეხის ტერფი მოკვეთეს, მარცხენა თვალში კი მხედველობა და სმენაც დაუქვეითდა. ფეხზე პროტეზის გაკეთების შემდეგ სამსახურში დაუბრუნდა, სადაც გამოჯანმრთელების მიზნით, ერთწლიანი უფასო შვებულების დაწერა ურჩიეს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როგორც ინვალიდს, სამსახურში მიღებაზე უარი განუცხადეს.

,,ქუჩიდან არ მივსულვარ სამსახურის სათხოვნელად. რწმუნებულის აპარატი ვალდებული იყო, სამუშაო ადგილზე დავებრუნებინე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენებისთვის ყოველთვიურად კუთვნილი პენსიაც მოეცა,” - აცხადებს თემურ ივანიძე.

მისივე თქმით, ის იძულებული გახდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა - ,,წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსიასაც ვკარგავდი და ყველანაირი შემოსავლის გარეშე ვრჩებოდი. 2005 წლის იანვარში სამსახურიდან წამოვედი და სარჩოს სახით 100 ლარის ოდენობის დახმარება დამენიშნა, რომელსაც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სიცოცხლის ბოლომდე მივიღებდი,“ - ამბობს თემურ ივანიძე.

2005 წლის 17 იანვრიდან ხელფასის 80%-ს - 100 ლარს, თემურ ივანიძე ყოველთვიურად ღებულობდა, მაგრამ 2006 წლის 1 იანვრიდან გუბერნიამ დაზარალებულს დახმარება შეუწყვიტა.

,,სამხარეო რწმუნებულის თანამდებობაზე გოგა ხაჩიძის დანიშვნის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში არანაირი დახმარება არ მიმიღია. მიზეზად პლასტიკური ბარათის უქონლობას მისახელებდნენ. პლასტიკური ბარათი რომ გავაკეთე, იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ფარეიშვილმა მითხრა, 45 ლარზე მეტი პენსია აღარ გეკუთვნის, აქამდე 100 ლარს უკანონოდ იღებდიო. 45 ლარი რომელ წამალს გავაწვდინო?! თვალი ყოველ დღე მიშრება და უსახსრობის გამო ბოლომდე ვერც ფეხი მოვირჩინე. გარდა ამისა, ექვსი შვილი მყავს, მათ რჩენა არ უნდა?! ასე გულგრილად არ უნდა ეკიდებოდნენ ჩემს პრობლემას”.

,,თემურ ივანიძე ყოველთვიურად 55 ლარს მიიღებს. რაც შეეხება 100 ლარს, რომელსაც ის მანამდე ღებულობდა, შეგიძლიათ ბუღალტერიაში გაარკვიოთ,” - აღნიშნავს იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ფარეიშვილი.

ამ დროისათვის თემურ ივანიძე პენსიის სახით 55 ლარს ღებულობს. თუმცა, როგორც აცხადებს, ამისათვის სხვადსახვა პროცედურების ჩატარება უხდება.

,,თანხის მისაღებად ყოველთვიურად შეძენილი წამლების ქვითარი უნდა წარვადგინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაპიკსაც არ მომცემენ მაშინ, როცა ჩემი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობის ყველა დამადასტურებელი საბუთი, სამედიცინო დასკვნები თუ ინვალიდობის მოწმობა გუბერნიაში წარმოდგენილი მაქვს. ამ დახმარებასაც როდის შემიწყვეტენ, ვინ იცის. მე ტრავმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მივიღე და სახელმწიფო ვალდებულია, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველმყოს“, - ამბობს თემურ ივანიძე.

გულო კოხოძე, ახალციხე

 

ახალი ამბები