კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისია წყალი? (ნაწილი პირველი)

28 მარტი, 2007

watherb.gif

ორი წელია, წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში გრძელდება. პრობლემა კი ის არის, რომ  ინდმეწარმემ ლიცენზია მოიპივა, თუმცა ლიცენზია მოგვიანებით შეუჩერეს, ისევ მოიპოვა და ისევ შეუჩერეს. ის ამ ყველაფრის მიზეზად სახელმწიფოს ფარულ გარიგებებს ასახელებს და  საბოლოო სიტყვისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ამბავი ლიცენზიის მიღებაზე

როგორც არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 2005 წელს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ყაზბეგის რაიონში მიწისქვეშა სასმელი წყლის შესწავლა-მოპოვებაზე კონკურსი გამოაცხადა. ერთ-ერთი კონკურსანტი ინდმეწარმე „ცხრა წყარო“-ს ხელმძღვანელი თამაზ სეთურიძე გახლდათ.  მან ლიცენზიის მოსაპოვებლად სამინისტროში განაცხადი გააკეთა და აღნიშნული პროცედურისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარაგდინა. პარალელურად, მან ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით მიმართა, რომ მისთვის შუამდგომლობა გაეწიათ (კანონმდებლობა კი შუამდგომლობას არ მოითხოვდა). როგორც სეთურიძე ამბობს,
„მართალია, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ ლიცენზიის მოსაპოვებლად შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებდა, თუმცა, ეს მე საკუთარი სურვილით გავაკეთე და დანარჩენ საჭირო დოკუმენტს დავურთე“. 

ყაზბეგის რაიონის გამგებელმა გოგი ქირიკაშვილმა 2005 წლის 8 აგვისტოს გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა (#137), სადაც ვკითხულობთ: „...ვშუამდგომლობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მასზედ, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში მიწისქვეშა წყლების ამოღების, მოხმარების ლიცენზია-ნებართვის მიღების შესახებ...“

ყველა საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, 2005 წლის 16 სექტემბერს ინდმეწარმე „ცხრა წყარომ“ 20 წლიანი ლიცენზია (სერია 10, ნომერი 0637, ტიპი VI Q. საბოლოო სალიცენზიო ნომერია სრ 11-0230) მიიღო, რომელსაც ხელს აწერს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი ი. კვაშილავა.

 „16 საექტემბერს, ლიცენზიის მიღების შემდეგ სამუშაოს შევუდექი, ჩამოვაყალიბე საშტატო განრიგი და დავიწყე მიწისქვეშა წყლების „ნავროზა“და „ბიდარა“  მოპოვება-შესწავლა და რეალიზაცია. აღმოჩნდა, რომ ეს წყლები 25 წელია ფიგურირებდა. მილები ჩაყრილი იყო კომუნისტების დროიდან მოყოლებული და ის იყო მოქმედი. ამას მხოლოდ აღრიცხვა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება სჭირდებოდა. მას 18 სასტუმრო იყენებდა, თუმცა ბიუჯეტში არაფერი შედიოდა. ეს არის ჩვეულებრივი სასმელი წყალი, რომლითაც წლების მანძილზე გუდაურის სასტუმროები სარგებლობენ. არის თვალთუხილავი ნიშნები, რომ ადგილობრივ გამგეობასა და მეწარმეებს შორის არსებობდა გარიგება. აბა სად მიდიოდა წყალი, რომელიც წელიწადში საშუალოდ სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარს უნდა აძლევდეს საშეოსავლო ნაწილში?“ - ამბობს სეთურიძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში.

დაპირისპირება და ლიცენზიის გაუქმება

2005 წლის 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის საელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვასილ მაღლაფერიძე გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრ გიორგი პაპუაშვილს წერილს უგზავნის, სადაც წერია, რომ სეთურიძემ ლიცენზია გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე მიიღო.

ციტატა მაღლაფერიძის წერილიდან (#727): „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ლიცენზია გაცემულ იქნა ინდმეწარმე თამაზ სეთურიძეზე მთელი რიგი გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ 8.08.2005 #137 ინდმეწარმე „ცხრა წყაროს“ მფლობელის თამაზ სეთურიძის სახელზე გაცემული სარეკომენდაციო წერილი და ამავე საკითხზე 8.08.2005 #141 წერილი ხელმოწერილი არაუფლებამოსილი პირის მიერ და შესაბამისად, არ შეიძლება წარმოადგენდეს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შეიცავს იურიდიულ უზუსტობას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეისწავლოთ აღნიშნული ლიცენზიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კანონით დაგეგმილი წესით, ბათილად ცნოთ ზემოაღნიშნული ლიცენზიები.“

აღნიშნული წერილის გაგზავნიდან ერთ კვირაში, ანუ 29 სექტემბერს, მინისტრი პაპუაშვილი აკმაყოფილებს მაღლაფერიძის თხოვნას და გამოსცემს ბრძანებას (#391) „ცხრა წყაროზე“ გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ და ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროს ი. კვაშილავას ავალებს, სისრულეში მოიყვანოს მისი ბრძანება.                    

ამ ყველაფრის შემდეგ სეთურიძეს ლიცენზია შეუჩერდა: „დაახლოებით ორი თვე ვიმუშავე და მაღლაფერიძის ყალბი წერილის საფუძველზე ლიცენზია შემიჩერეს. შემდეგ ეს საკითხი პროკურატურამაც გამოიკვლია, თუმცა სიყალბე ვერაფერი ნახეს და სს საქმე აღიძრა ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობაზე, როგორც თანამდებობრივი დანაშაული.“ 

ამის შემდეგ კი დაპირისპირება სასამართლოში გრძელდება. ინდმეწარმემ 2005 წლის 13 ოქტომბერს სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა და გარემოს დაცვის სამინისტროს #391 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსამართლე გიორგი გვენეტაძის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მოსამართლე კონკრეტულად აღწერს კანონმდებლობის რომელი მუხლები იქნა დარღვეული ლიცენზიის ბათილად ცნობით და მოითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისრტოს #391 ბრძანება და გამოსცეს ახალი ნორმატიული აქტი. 

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ინდმეწარმე ისევ ცდილობს მუშაობის დაწყებას. მან 2006 წლის 8 თებერვალს ყაზბეგის რაიონის გამგებელ ქირიკაშვილისგან სასმელი წყლის ტარიფიკაციაც მიიღო. მის მიხედვით, საწარმოებსა და დაწესებულებებს ყოველ 1 კუბურ მეტრ წყლის მოხმარებისთვის 2,20 ლარი უნდა გადაეხადა; ჩანადენი სითხის გაწმენდისთვის - 0,50 ლარი; დღე-ღამეში 50 ლიტრის გათვალისწინებით კი 1 სულზე თვეში 0,20 თეთრი.

ინდმეწარმემ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. მას ლიცენზია ხელმეორედ შეუჩერეს. ამის მიზეზი კი სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ირაკლი კვაშილავას მოხსენებითი ბარათი გახდა, რომელიც მან მინისტრ პაპუაშვილს გაუგზავნა. მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „მოგეხსენებათ რომ სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#3/3095) სამინისტროს დაევალა გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით ყველა გარემოების გამოკვლევა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოვლინდა „ცხრა წყარო“ -ზე გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის გამოცხადების საფუძველი. კერძოდ, დარღვეულია „წიაღის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებს უწესდებათ მიწის მინაკუთვნი. მიწის მინაკუთვნს აწესებს და განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით. ზეპირი მოსმენით დადგინდა, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ლიცენზიის ბათილად გამოცხადების საფუძველს. გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას“.

აღნიშნული წერილის საფუძველზე, 2006 წლის 3 აპრილს მინისტრი პაპუაშვილი გამოსცემს  #242 ბრძანებას, რომლითაც „ცხრა წყაროს“ ლიცენზია (#0637) შეუწყდა. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი გარემოს დაცვის ინსპექიას დაევალა.

თამაზ სეთურიძე: „გამგეობამ ტარიფი მომცა და მუშაობა დავიწყე, მაგრამ ვინ მაცალა. ლიცენზია ხელმეორედ იმ მიზეზით შემიჩერეს, რომ სათავე ნაგებობების მიწის მინაკუთვნი არ გქონდაო. არადა, ამას სამინისტრო განკარგავს. მიწის მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია. ეს იყო ცრუ მიზეზი“.  

ინდმეწარმემ ამჯერდაც სასამართლოს მიმართა. სასამართლომ კი ლიცენზია ბათილად სცნო. ამის შემდეგ ინდმეწარმემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. აპელაციამ კი საკუთარი პოზიცია არ გამოკვეთა, საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა. უზენაეს სასამართლოს საქმე ჯერ არ განუხილავს. სეთურიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. სხვა შემთხვევაში, ის გამოსავალს სტრასბურგში ხედავს. ამასთან ერთად, როგორც მან გვითხრა, აღნიშნული წყლების არასწორი გამოყენებით, სახელმწიფო, სავარაუდოდ, მარტო ზამთარში ნახევარ მილიონ ლარს კარგავს. ის არც იმაზე საუბარს ერიდება, რომ ამ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ბიზნესინტერესები აღმოჩნდა გადამწყვეტი.
 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები