კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2 აპრილი, 2007

afetqebab.gif

რაიონის გამგეობა, საკრებულო, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, პოლიცია, ამ სამსახურებში მოსახლეობის მიერ ერაერთხელ შეტანილი საჩივრები რეაგირების გარეშე დარჩა. გასულ წელს, საფრთხის თავიდან აცილების მოთხოვნით, მათ სასამართლოსაც მიმართეს, მაგრამ მოსამართლეს „უსაფუძვლობისა და ხარვეზის გამო“ სარჩელი საერთოდ არ განუხილავს. ერთი სიტყვით, პრობლემით მანამდე არ დაინტერესდნენ, სანამ გასულ კვირას, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარე ერთ-ერთ კუსტარულ საწარმოში მომხდარ აფეთქებას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე არ ემსხვერპლა.

„ეს საწარმო აქ დაახლოებით 6 წელია მოაწყვეს. იგი კუსტარულად დამზადებული დანადგარებით იყო დამონტაჟებული და „სულგუნის ყველს“ ამზადებდნენ. ასეთი საწარმოები მარტო ჯუგაანში დაახლოებით შვიდი მაინც არის. ყველა ცეხი დასახლებულ პუნქტში დგას. რამდენიმე აფეთქდა კიდეც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2005 წელს მსხვერპლით დასრულდა. ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ და ძალიან შევშინდით. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ცხელა, საშინელი ანტისანიტარიაა. იმდენად ცუდი სუნი დგას, რომ ოთახის ფანჯრებსაც კი ვერ ვაღებთ. მსგავსი საწარმოების სოფლიდან გარეთ გატანა არაერთხელ მოვითხოვეთ. გამგეობაშიც ვიყავით, საკრებულოშიც, სანიტარული დაცვის სამსახურშიც და პოლიციაშიც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მეპატრონესაც არაერთხელ მოვთხოვეთ ცეხის აქედან გადატანა. გვპირდებოდა, აი დღეს, აი ხვალ და ასე გავიდა წლები. 2006 წელს დახმარების თხოვნით სიღნაღის არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართეთ. მათ სარჩელი შეგვიდგინეს და სასამართლოში შევიტანეთ. მოსამართლემ ჯერ ხარვეზი გამოიტანა, შემდეგ კი უსაფუძვლოა, პირადი ინტერესები გამოძრავებთო, გვითხრა და განუხილველი დატოვა,“ - აცხადებენ სოფელ ჯუგაანის მაცხოვრებლები ლალი ქართველიშვილი, მზისადარ ყაჯრიშვილი და სხვები.

აღნიშნულ საწარმოში ინციდენტი გასული წლის დეკემბერშიც მოხდა. მიუხედავად ამისა, როგორც აფეთქების თვითმხილველები აცხადებენ, მეპატრონე ივანე სესიტაშვილი მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებდა.

„დეკემბის აფეთექებამ, გარშემო ყველაფერი შეაზანზარა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილებიდან სამართალდამცავები მოვიდნენ, დაათვალიერეს აქაურობა და წავიდნენ. ხალხის მოთხოვნა, საწარმოს სხვა ადგილზე გადატანის შესახებ, არც მათ გაითვალისწინეს. წლების განმავლობაში მეპატრონე ყველას აჩუმებდა. სესიტაშვილს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობდა, რომელიც ჯუგაანელია. ახლა რა უნდა ქნას? მაინც და მაინც ეს უნდა მომხდარიყო? ...როგორც ბომბი ააფეთქო, ზუსტად ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა. გარეთ რომ გამოვედით, აქაურობა მტვერში იყო გახვეული. 200 მეტრის რადიუსში მდგარი საცხოვრებელი სახლების კარ-ფანჯრების მინები მთლიანად ჩაამსხვრია, კედლები დაბზარა და დაანგრია. საწარმოს ეზოში ორი ადამიანი მოკვდა. საქონელი და ფრინველი მთლიანად დაიხოცა. მეზობლის ეზოებში გაჩერებული ავტომანქანები დაიმტვრა,“ - ამბობს აფეთქებული საწარმოს მეზობლად მცხოვრები სოსო კიკილაშვილი.

აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები ამავე საწარმოში მომუშავე 34 წლის გელა მერაბიშვილი და 16 წლის ლაშა ელაშვილი არიან. მძიმედ არის დაშავებული 3 წლის გიორგი კოხტაშვილი. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში მას უკვე გაუკეთდა ერთი ოპერაცია. ექიმების განცხადებით, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. როგორც ჩვენთან საუბარში სიღნაღის პოლიციის უფროსმა ალექსანდრე ონანაშვილმა განაცხადა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს აფეთქება საშიშ საწარმოში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სოფელ ჯუგაანში ასეთი საწარმოები ბევრია, მაგრამ მისი კონტროლი პოლიციას არ ევალება. სესიტაშვილის კუთვნილ საწარმოში დეკემბერში ნამდვილად ჰქონდა ადგილი გაჟონვას და არა აფეთქებას, როგორც ამას მოსახლეობა ამბობს. შეიძლება უსაფრთხოების მიზნით ისინი ცეხის სხვაგან გადატანას ითხოვდნენ, მაგრამ ოფიციალური საჩივარი პოლიციაში არავის შემოუტანია. ჩატარებულია გარდაცვლილთა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ტექნიკური ექსპერტიზა აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად,“ - აღნიშნა სიღნაღის პოლიციის უფროსმა.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ სესიტაშვილის ოჯახის წევრები. თავად მეპატრონე ოჯახის ახლობლების თქმით, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ჩვენთან საუბარში სიღნაღის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა დავით ჯოხარიძემ აღნიშნა, ასეთი საწარმოების კონტროლი მათ აღარ ევალებათ, შესაბამისად საამქროებში არსებული დარღვევების შესახებ სანიტარული ზედამხედველობის სამსახურს ინფორმაცია არ აქვს.

საგადასახდო ორგანოში მსგავსი საამქროების ზუსტი ოდენობისა და ადგილ-მდებარეობის თაობაზე ინფორმაციას არ იძლევიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი რამაზ ხატიაშვილი კი თვლის, რომ საწარმოში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას რომ ფლობდეს კიდეც, რეაგირება მის ფუნქციებში არ შედის: „რა, სოფლებში უნდა ვიარო და ვამოწმო, რომელ საწარმოს აქვს ხელშეკრულებები თანამშრომლებთან გაფორმებული, კუსტარულად არის თუ არა დამზადებული და ა.შ? გამგებლის თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვარ და არაფერი ვიცი. ჯერ სტუმრები მყავს და მაგისთვის არ მცალია. გამგეობა აქ არაფერ შუაში. თქვენ რა, არ გესმით ჩემი ლაპარაკი?! ერთს რომ გეტყვით, ვერ უნდა გაიგოთ,“ - იყვირა ხატიაშვილმა და ტელეფონი გათიშა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთადერთი, ვისაც საამქროების შემოწმების უფლება აქვს, ფინანსური პოლიციაა. ეს უწყება კი საწარმოთა ფუნქციონირების კანონიერებით მხოლოდ მომხდარის შემდეგ დაინტერესდა. შემოწმების შესახებ ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

იმ შემთხვევაში თუ კუსტარული საამქროებს დასახლებული პუნქტებიდან დაუყოვნებლივ არ გადაიტანენ, ადგილობრივი მოსახლეობა მისი თვითნებური დემონტაჟით იმუქრება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები