კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვათა საქმეებს სპეცმოსამართლეები განიხილავენ

4 აპრილი, 2007

Bejashvilib.gifსაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის. მისი მთავარი ნაწილი კი ის არის, რომ არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალურად მათთვის გადამზადებული მოსამართლეები განიხილავენ. იგივე ეხება პროკურორებსა თუ გამომძიებლებს.  

კანონპროექტის მიხედვით, სს საპროცესო კოდექსს ემატება 680-10 მუხლი, რომელიც თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანის მიერ  ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესს ეხება. კანონპროექტში ვკითხულობთ:

„თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა საქმის წარმოებას ახორციელებენ მხოლოდ შესაბამისი სერთიფიკატის მქონე მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

(მუხლი 2) 1. 2008 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ერთად უზრუნველყონ: ა) იმ მოსამართლეთა, პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადების პროგრამების შემუშავება, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განიხილონ არასრულწლოვან დამნაშავეთა საქმეები; ბ) იმ მოსამართლეთა, პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განიხილონ არასრულწლოვან დამნაშავეთა საქმეები.

2. 2008 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს იმ სასჯელაღსურებითი დაწესებულებების მშენებლობა ან/და მოდიფიცირება, რომლებშიც განთავსდეbიან 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.“

ამავდროულად, ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც არასრულწლოვანთა ასაკს ეხება. მე-80-ე მუხლში ვკითხულობთ: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი (გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.“

აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე განიხილა. მის ამოქმედებამდე კიდევ ერთი მოსმენა დარჩა. როგორც კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, სპეციალიზებული მოსამართლეები და პროკურორები საქართველოს 2008 წლიდან ეყოლება.

ლევან ბეჟაშვილი: „მართალია, კანონპროექტის კანონად ქცევამდე პარლამენტში კიდევ ერთი განხილვა დარჩა, თუმცა შესაძლებელია, კანონპროექტი უკან დავაბრუნოთ, რადგან, გარკვეული საკითხები შესაცვლელია. არასრუწლოვანთა სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები და ასე შემდეგ, სავარაუდოდ 2008 წლისთვის გვეყოლება. მათ იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოამზადებს და ჩვეულებრივი მოსამართლეებისგან იმით განსხვავდებიან, რომ შეისწავლიან არასრულწლოვანთა საქმეების განხილვის მეთოდიკას, რომელიც  საზღვარგარეთის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს. ასევე, პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ბავშვთა უფლებებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ცოდნით მოახდენენ საქმეების განხილვას.“

2006 წლის მიწურულს, გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა საერთაშორისო ექსპერტი ბავშვთა უფლებების საკითხებში ქეროლინ ჰამილტონი. მან ბავშვთა საპატიმრო და სხვა დაწესებულებები მოინახულა და საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოხატა. მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია, საქართველოს მთავრობის მიმართ სწორედ არასრულწლოვნებისთვის სპეცგამომძიებლების და მოსამართლეების მომზადება იყო.
 
როგორც ბეჟაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული რეკომენდაციაც გაითვალისწინა, თუმცა მის გარეშეც აპირებდა საკითხის მოწესრიგებას. „გარდა ამ რეკომენდაციისა, ბავშვთა უფლებების შესახებ არაერთი საერთაშორისო აქტი არსებობს, რომელიც ამბობს, რომ არასრულწლოვანთა საქმეების განხილვას და სამართალწარმოებას სპეციალიზებული ადამიანები სჭირდება. რაც შეეხება სს კოდექსში შესატან ცვლილებებს, არასრულწლოვანია 14-დან 18 წლამდე პირი, მაგრამ განსაკუთრებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით მათი ასაკი 12-დან 14 წლამდე პირებზეც ვრცელდება. განსაკუთრებულ დანაშაულებებად კი ითვლება: განზრახ მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძარცვა, ყაჩაღობა, გაუპატიურება“ - ამბობს ბეჟაშვილი.    

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ინიციატივას მიესელმებიან და აცხადებენ, რომ სპეცმოსამართლეებისა თუ პროკურორების მომზადება გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. 

ეკა გულუა

ახალი ამბები