კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეპიდემიის საფრთხე ფოთში

5 აპრილი, 2007

palatab.gif

ფოთი ა ჰეპატიტის ეპიდემიის საშიშროების წინაშე დგას.  ინფექციურ საავადმყოფოში ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. პაციენტთა 90% კუნძულის დასახლებიდანაა. ეპიდემიოლოგები ინფექციის მიზეზად წყლის დაბინძურებას ასახელებენ. მათივე თქმით, მაჩვენებელი დღეისათვის საგანგაშო არ არის. თუმცა, საშიშროებას ის ფაქტი ზრდის, რომ დაავადებას ერთთვიანი საინკუბაციო პერიოდი აქვს.

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ გურანდა თევზაძის თქმით, ჰეპატიტით დაავადებულები საავადმყოფოს უკვე 25 დღეა მიმართავენ. “ჩვენს საავადმყოფოს უკვე ოცდახუთამდე ავადმყოფმა მიმართა, ავადმყოფთა უმრავლესობა ამბობს, რომ ინფექციის წყარო სასმელი წყალია, რომელიც  დღე გამოშვებით მოდის, რის შედეგადაც მილები შრება, გამომშრალ მილებში გამავალი წყალი კი ჯანმრთელობისთვის  მავნეა და ბაქტერიებს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ფოთის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება და ისინი მხოლოდ სტაციონარულ მკურნალობას გადიან, რასაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აფინანსებენ: „ჩვენი განყოფილება ამჟამად რემონტდება და ამ შენობაში ვართ შემოხიზნულები, ავადმყოფთა ღამე გაჩერება არასათანადო პირობების გამო ვერ ხერხდება, აქ დღის სტაციონარული მკურნალობა ხორციელდება, პაციენტები დილით მოდიან, მედიკამენტებს იღებენ და საღამოს სახლებში ბრუნდებიან,” - ამბობს თევზაძე. მისივე ინფორმაციით, დაავადებულთა რიცხვი საავადმყოფოში დარეგისტრირებულთა რაოდენობას აღემატება, ის ამბობს, რომ ავადმყოფები სახლებში სოფლის წამლებით მკურნალობენ.

სოფო გობეჩია კუნძულის დასახლებაში ცხოვრობს, ის ერთერთი იმათთაგანია, რომელიც მკურნალობისთვის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას მიმართა. ის ამბობს, რომ მის კონკრეტულ შემთხვევაში ინფექციის მიზეზი სასმელი წყალია, რომელიც მას 4 დღეში ერთხელ მიეწოდება: „თავდაპირველად ტემპერატურა დედაჩემს ჰქონდა, მე თვითონ პროფესიით ექიმი ვარ, ვიფიქრე რომ მას ვირუსი ჰქონდა. შესაბამისად, მკურნალობა ანტიბიოტიკებით დავუწყე, მაგრამ მკურნალობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მოგვიანებით, გავიგე რომ ჩვენს კორპუსში ა ჰეპატიტია გავრცელებული, ანალიზები ავიღეთ და აღმოჩნდა, რომ დედას ა ჰეპატიტი ჰქონდა. დაავადების მიზეზი, ბაქტერიებით გაჯერებული წყალია. 5 დღეა წყალს ველოდებით, ამის გამო ავადმყოფის მოვლაც მიჭირს, ნათესავებს ჩვენი ტანსაცმელი სახლში მიაქვთ, მირეცხავენ და უკან მიბრუნებენ,” - ამბობს სოფო გობეჩია, რომელიც ამბობს, რომ ჰეპატიტი ფოთისთვის რეალური პრობლემაა და ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

შპს ლაბორატორიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ცირა დაუშვილის განცხადებით, „დაავადების გავრცელების მიზეზი სასმელი წყლის დაბინძურებაა, წყალში ბაქტერიების რაოდენობა დასაშვებს ბევრად აღემატება.”

საპირისპიროს აცხადებს წყალკანალის გენერალური დირექტორი ვლადიმერ მსხილაძე: „ჩვენს დაწესებულებაში არსებობს სპეციალური ჟურნალი, სადაც მითითებულია ნებისმიერი უბნის წყლის მდგომარეობა. არც ერთ უბანში წყლის დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირებულა,” - ამბობს მსხილაძე. ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის სევერიან შენგელიას თქმით: ”სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა”.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რაც შეუძლებელია, რადგან ფოთში სანიტარული სამსახური არ არსებობს.

ნანა საჯაია, ფოთი

ახალი ამბები