კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის დარჩება ძმები - რუმინეთის მოქალაქე - ბებიას, თუ საქართველოს მოქალაქე - მამას (ნაწილი I)

10 აპრილი, 2007

აფრიკის ნაგავსაყრელზე გაზრდილი ძმების ბედი სასამართლოს ხელშია

ჟურნალისტური მოკვლევა

toshab.gif

წარმოუდგენელია ეს საქართველოში ხდებოდეს - შეიძლება ასე იფიქროს ამ სტატიის მკითხველმა - არ შეიძლება ნაგავსაყრელთან, ბეტონის იატაკიან გაუგებარ „შენობაში“, ანტისანიტარიაში აცხოვრო ბავშვები - არანორმალურად კვებო, ბინძური ტანსაცმლითა და ზაფხულის ხვატში რეზინის „კალოშებით“ ატარო, არასოდეს მიიყვანო ექიმთან და მეტიც, მათ თვალწინ ორგიები მოაწყო...

პატარა საშა და ანტოშა მუსაევების ამბით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაინტერესდა. მალე „ამბავი“ „მუსაევების საქმედ“ იქცა, დავა ბავშვების მშობლებსა და რუმინეთიდან ჩამოსულ მათ ბებიას შორის - სად გაიზრდებიან ბავშვები - მამის ოჯახში, წყნეთის ბავშვთა სახლში თუ, სულაც, საქართველოს გარეთ, რუმინეთში, დღემდე გრძელდება. ბავშვების ბებია, ჯერჯერობით, მშობლის უფლების ჩამორთმევას არ ითხოვს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბებიის ადვოკატმა მშობლების უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა...

წყნეთი

წყნეთის ბავშვთა სახლი. ცისფერი ჭიშკარი, ჭიშკრის იქით დიდზე დიდი ეზო. ეზოში შესვლისთანავე ხვდები, რომ შორიახლოს ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ. ადვილი მისახვედრია -  აქ რამდენიმე ფერადი სასრიალო, საქანელა და კიდევ ერთი ციდა შუქნიშანი დგას. შუქნიშანი არ მუშაობს. ძალიან ძველია. ძველია ეზოში ჩამდგარი სახლებიც.

კაციშვილი არ ჭაჭანებს. ცივა და ალბათ იმიტომ. თან საღამოა. მალე დაბინდდება კიდეც. წყნეთში ამოვედით - საშა და ტოშა მუსაევები უნდა ვნახოთ - ძმები. საშა გაზაფხულზე 8 წლის ხდება, ტოშა 6 წლისაა. დედაც ჰყავთ და მამაც, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა წყნეთის ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.   

შესასვლელში ერთი სიდიდის, დაახლოებით 26-27 ზომის, 15-მდე სხვადასხვანაირი წყვილი ფეხსაცმელი ისეთი საოცარი სიზუსტითაა  ჩამწკრივებული, რომ გაგიკვირდება. აქ თბილა. ოთახიდან ტელევიზორის ხმა გამოდის. ფეხსაცმელების რაოდენობისავე 6-7 წლის ბავშვები ხალიჩაზე სხედან და რაღაც ფილმს გაფაციცებულები ადევნებენ თვალ-ყურს. ჩვენს დანახვაზე ყველა ერთბაშად წამოიშალა. აქ მორცხვები არ არსებობენ. 

- მეც გეტყვით რა ლექსს, მეც ვიცი ლექსი...
- იცი ჩვენ რა სიმღერა გვასწავლეს? – „ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს...“ - ერთ ხმაში მღერის ათამდე ბავშვი და ყველა ცდილობს რაც შეიძლება ახლოს დაგიდგეს, ხელით შეგეხოს.
- „ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალის ჭყივის...“
- აი, საშა და ტოშა ესენი არიან - ეკა აღმზრდელი პატარა ბიჭებზე გვითითებს, რომლებიც ისეთი მონდომებით ამბობენ ლექსს თოვლის ბაბუაზე, როგორი მონდომებითაც მარტო ბავშვები ყვებიან ლექსებს.
- ამ კამფეტებს ერთბაშად ნუ შეჭამთ, თორემ მერე მუცლები აგტკივდებათ - წუხს მეორე ძიძა, რომელიც ბავშვებს აშოშმინებს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ სტუმარი იშვიათი შემთხვევითობაა... ასეთ იშვიათ შემთხვევას კი ბავშვები ხელიდან ვერ გაუშვებენ.

საშა და ტოშა განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევიანო - გვიხსნის ეკა აღმზრდელი. სულ მოფერება უნდათ. გამუდმებით ცდილობენ ჩაგვეხუტონ და გვაკოცონო. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ყურადღება არ მოვაკლოთ, გვეცოდებიან, როგორც ვიცით, საშინელი გაჭირვება და უბედურება გამოიარესო.

ძმების შემყურეს გაგიკვირდება, გაჭირვებამ, შიმშილმა და სიცივემ ამ ბავშვებს ასეთი გულღია ღიმილი როგორღა დაუტოვა?

- აქედან წასვლა არ გვინდა. რატომ უნდა წავიდეთ, აქ კარგია - გვეუბნება საშა და თან ცდილობს როგორმე დიქტოფონის ყურსასმენი მოირგოს.
- არც მე მინდა წასვლა, იქ ცუდად ვიყავით. სულ ჭუჭყიანი და დახეული ტანსაცმელი გვეცვა, ჭუჭყიანი ბოტასები, არ გვირეცხავდნენ - ტუჩებს ბურცავს ტოშა და ცდილობს განასახიეროს როგორი ტანსაცმელი ეცვათ „იქ.“
- არც საჭმელი გვქონდა. „სუპს“ ჭუჭყიანი „კასტრულებიდან“ ვჭამდით და ერთ მაგარ „კუშეტკაზე“ გვეძინა - აგრძელებს დამშვიდებული საშა... (ყურსასმენი წარმატებით მოირგო).
- კიდევ ვალია და მამა უზრდელობას აკეთებდნენ, ერთად იწვნენ ხოლმე - ბუზღუნებს ტოშა და რაც ძალი და ღონე აქვს ისეთი გამეტებით ხუჭავს თვალებს.
- დედა აქ აღარ მოდის. როცა იყო მოსული ცუდად მოიქცა და კიდევ თუ მოვა ვეტყვი, ჭკვიანად მოიქცეს - დამრიგებლური ტონით აგრძელებს საშა ლაპარაკს.
- ბებია გვიყვარს ყველაზე მეტად. საჩუქრებს გვიგზავნის. გემრიელ საჭმელებს გვაჭმევდა. ლამაზ ტანსაცმელს გვჩუქნის. ბებო სულ გვენატრება. კვირაობით გვირეკავს ხოლმე.
- აქაც გვაჭმევენ გემრიელ საჭმელებს. ყველაზე მეტად ხაჭაპური, ლობიანი და მჭადი გვიყვარს.
- ნახე ტოშას თავზე რა აქვს?  - შეწუხებული საშა უმცროს ძმას თავზე უსვამს ხელს.
- ხელი მკრა ვალიამ და „ფეჩზე“ დამეწვა - გაოცებული სახით გვიყვება ტოშა და პაწია თითებს შრამიან თავზე იცაცუნებს.
- მამაც გვცემდა ხოლმე. ერთხელ მთვრალი მოვიდა, მეძინა და ძირს გადმომაგდო - გაფართოებული თვალებით აგრძელებს საშა ლაპარაკს.  
- ერთხელ მამამ ქუჩაში, პატარა ხალიჩაზე დაგვსვა და გვითხრა, ფულები მომიტანეთო - ტოშა ებმება ლაპარაკში.   

საშა და ტოშა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები არიან. უკვე საყვარელი საგანიც აირჩიეს - ქართული და ნეტა დაგანახათ, რა საოცარი სიამაყით გვათვალიერებენ დედა ენის იმ ფურცლებს, რომლებზეც მასწავლებელმა ვარსკვლავები ჩაუხატა. წყნეთის ბავშვთა სახლში თავს მშვიდად გრძნობენ და ყოველ შაბათ-კვირას რუმინეთიდან ბებიას ზარს ელოდებიან.
„ბოლოს, რომ იყო ძმების მამა მოსული, ბავშვებმა მის მიმართ საშინელი აგრესია გამოხატეს - ტიროდნენ და უყვიროდნენ, წადი, ახლოს არ მოხვიდეო. მამას ბავშვების წაყვანა უნდა, ჩემი შვილები ჩემთან უნდა იყვნენო, მაგრამ მას ამის უფლებას წყნეთის ბავშვთა სახლი არ აძლევს“, - გვიყვება ბავშვთა სახლის ერთ-ერთი აღმზრდელი ეკა ძამაშვილი.

ოდესა

ყველაფერი კი 90-იანი წლების ბოლოს, ოდესაში დაიწყო... იულია სტეპანოვა (საშას და ანტოშკას დედა) მეგობრებთან ერთად ოდესაში ისვენებდა. სწორედ იქ გაიცნო, თავისზე 10 წლით უფროსი ალიარ მუსაევი. მალე ოჯახს გამოუცხადა, რომ შეყვარებული იყო და გათხოვებას აპირებდა.

„ასაკით საკმაოდ პატარა იყო, 19 წლის. არ მინდოდა მისი გათხოვება, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა“, - იხსენებს იულიას დედა კლაუდია ბრიგიდინა - „თვითონ ალიარიც მოვიდა და მითხრა, თქვენი ქალიშვილი მიყვარს, ცოლად შევირთავ და გპირდებით, არასდროს არაფერს გავუჭირვებო. სხვა გზა აღარ მქონდა. მხოლოდ რელიგიურად იქორწინეს და ოდესაში დასახლდნენ. ვთხოვდი, რუმინეთში დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად. მეც უფრო ახლოს ვიქნებოდი და არაფერს გავუჭირვებდი, მაგრამ არაფრით არ დამთანხმდნენ. ცოტა ხანში საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ალიარი საქართველოს მოქალაქე იყო.

თბილისი

პირველი გოგონა დაბადებიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. ალიარმა დამირეკა და მითხრა, იქნებ შვილის სანახავად ჩამოხვიდე, ცუდად არისო. 1996 წელს თბილისში უმცროს ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი. მაშინ იულია და ალიარი აფრიკის დასახლებაში ნაქირავებ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. იულია მართლა ცუდად გამოიყურებოდა, თან შევამჩნიე, რომ ალიარი უყვიროდა და კარგად არ ექცეოდა. ამიტომ ქალიშვილს ვურჩიე, სანამ დროა სახლში დაბრუნდი-მეთქი. თუმცა, თხოვნამ არ გაჭრა. რუმინეთში იულიას გარეშე წავედი. მოგვიანებით იულიამ და ალიარმა ზოოპარკში ცხოველების მომვლელებად დაიწყეს მუშაობა. ალიარი წერილებში მწერდა, რომ იქ რაღაც დაავადება შეეყარათ და მუშაობა ვეღარ გააგრძელეს“, - ყვება კლაუდია.

1999 წლის 15 აპრილს საშა, 2000 წლის 24 დეკემბერს კი ანტოშკა დაიბადა. ალიარისა და იულიას ურთიეთობა დღითი დღე იძაბებოდა. ალიარი ცოლს ბავშვების თანდასწრებით სცემდა და აიძულებდა ფული სახლში ნებისმიერი გზით შემოეტანა. სამოთახიანი სახლიდან, ისევ აფრიკის დასახლებაში ოღონდ ნაგავსაყრელზე, ბარაკში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ ცხოვრებისათვის, და მით უმეტეს ბავშვებისათვის, აუტანელი პირობები იყო... იულია სახლიდან გაიქცა. ბავშვები კი მამასთან დატოვა. მთელი ამ ხნის მანძილზე ალიარი პარალელურად იულიას დედას, კლაუდიას, წერილებს უგზავნიდა, სადაც ბავშვებისათვის ტანსაცმლისა და ფულის გამოგზავნას სთხოვდა. ბებია შვილიშვილებს რუმინეთიდან ათასნაირ ტანსაცმელს, საჩუქრებსა და ფულს უგზავნიდა, თუმცა, კლაუდიას თქმით, მამა ტანსაცმელს ჰყიდდა და ამ ფულით სასმელს ყიდულობდა.

ბარაკიდან წასვლის შემდეგ იულიამ თურქი აიდინ ქაფლანი გაიცნო, მასთან დაიწყო ცხოვრება და მალე მესამე შვილი, პაატა გააჩინა. ამ პერიოდში, იულიამ აიდინის დახმარებით ბავშვები ბარაკიდან რამდენჯერმე წამოიყვანა. მაგრამ ალიარმა ბიჭები ძალის გამოყენებით უკან დააბრუნა. დედას კი ბავშვების ნახვა აუკრძალა...
 
იმ ქოხში, სადაც საშა და ტოშა ცხოვრობდნენ არც იატაკი იყო, არც ელექტროენერგია, არც საჭმელი და არც სითბო. ერთადერთ ოთახში ისეთი სიბინძურე და სიბნელე იყო, რომ იქ ნორმალური ადამიანი ერთი საათითაც ვერ გაჩერდებოდა. გაშავებულ ქვაბებსა და ჭუჭყიან ტანსაცმელს შუა გავლა ჭირდა. ალიარი ე.წ. „ძიძა“ ვალიასთან და სხვა გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ლოთობდა და ორგიებს აწყობდა. ბარაკთან ახლოს გამუდმებით ტრიალებდნენ ცოფიანი ძაღლები. იქვე ჭაობში კი არც გველების ნაკლებობას უჩიოდნენ.

იმის შესახებ, რომ შვილიშვილები ასეთ აუტანელ პირობებში ცხოვრობდნენ, კალავდია ბრიგიდინამ მხოლოდ 2005 წლის ივლისში შეიტყო. „მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ვიცოდი ბავშვები სად და როგორ ცხოვრობდნენ. მათი სურათებიც კი არ მქონდა ნანახი. რომ ვეუბნებოდი ფოტოები გადმომიგზავნეთ-მეთქი, მპირდებოდნენ, მაგრამ დაპირებას არ ასრულებდნენ. წერილებში ბავშვებისათვის მხოლოდ ტანსაცმელსა და ფულს მთხოვდნენ. ერთ დღესაც იულიამ დამირეკა და მითხრა, რომ სხვა კაცს გაჰყვა და მესამე შვილი გააჩინა. საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. ისე ჩამოვფრინდი, რომ არავინ გამიფრთხილებია. საერთო ნაცნობთან, მამედ ლატარიასთან მივედი და ვთხოვე, ბავშვებთან წავეყვანე. მანქანით წავედით. ასე მეგონა ქვეყნიერების დასასრულში მივდიოდით... სიცხისაგან გადახრუკულ მინდორს მივადექით. გულს შემომეყარა. ვერაფრით დავიჯერე, რომ ჩემი შვილიშვილები ასეთ ადგილას ცხოვრობდნენ. შორიდან ორ პატარა ბიჭს მოვკარი თვალი. მამედმა მითხრა, ესენი არიან საშა და ანტოშაო. სიტყვებით არ შეიძლება იმის გადმოცემა, რა სიტუაციაშიც ეს ბავშვები ვნახე: 38 გრადუსიან სიცხეში ფეხზე რეზინის „კალოშები“ (მაშინ, როცა მე უამრავ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვუგზავნიდი), ტანზე კი გამურული ტრუსები და მაისურები ეცვათ. ისეთი ჭუჭყიანები იყვნენ, რომ იმასაც კი ვერ გაარკვევდი თეთრკანიანები იყვნენ თუ შავკანიანები“, - ჰყვება ბებია.

მამედ ლატარია. მასთან ალიარ მუსაევი და იულია სტეპანოვა ერთ დროს ბინას ქირაობდნენ: „სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რაც მე იქ ვნახე. კინოშიც კი არ მაქვს ასეთი საშინელი ცხოვრება ნანახი. ბავშვები ბავშვებს აღარ ჰგავდნენ. ბიჭების დედაზე აბა რა გითხრათ, ხელიდან ხელში გადადიოდა. გაჰყიდიდა საკუთარი ქმარი, მერე გამოისყიდიდა და ცხოვრობდნენ ასე. ალიარი საკუთარ ცხოვრებას თვითონ ვერ განაგებდა. სახლი არ ჰქონდა და კარი. მშობლებს იულია არ მოსწონდათ და ამიტომ სახლში არ უშვებდნენ. სამსახურსაც ეძებდა, მაგრამ ვერაფრით შოულობდა. აი, სულ ეს შემიძლია გითხრათ. კლაუდია კარგი ქალია და ვცდილობდი ყველანაირად დავხმარებოდი.“  

ბებიამ შვილიშვილები ბარაკიდან მამედ ლატარიასთან, სახლში წაიყვანა. „ბავშვები ისე იყვნენ ჭამას გადაჩვეულები, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც ვაჭმევდი - უკან იღებდნენ. შემდეგ ნელ-ნელა შეეჩვივნენ. გადავწყვიტე ბავშვები რუმინეთში წამეყვანა. ალიარიც დამთანხმდა. როგორც გავარკვიე, ბიჭებს დაბადების მოწმობები არ ჰქონდა. საშკას გავუკეთეთ დაბადების მოწმობა. მეორე დღეს ანტოშასთვისაც უნდა გაგვეკეთებინა მოწმობა, მაგრამ ალიარი აღარ მოვიდა, ბარაკში რომ მივაკითხე, მითხრა, გადავიფიქრე, ბავშვებს აღარ გატანო...

აქ პოლიცია და ისანი-სამგორის პოლიციის მაშინდელი უფროსი კახა კაკაჩიაც ჩაერთო, რომელმაც ბებიას ურჩია მის ქალიშვილს ალიარ მუსაევის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა, რაც არ მოხდა.

საშა და ანტოშა ბებიასთან 7 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ:  „ვცდილობდი მათთვის არაფერი მომეკლო, სასეირნოდ დამყავდა, ერთად ვერთობოდით, ბავშვები ძალიან შემეჩვივნენ და ვგრძნობდი, როგორ უხაროდათ ჩემთან ყოფნა. მე-7 დღეს, როდესაც ბავშვებთან ერთად ზოოპარკში ვსეირნობდით, პოლიციიდან დამირეკეს, ალიარ მუსაევი გიჩივითო. როგორც გაირკვა, მუსაევმა პოლიციას განცხადებით მიმართა, ბავშვები ვიღაც უცხოელმა ქალმა წაიყვანა და მათი რუმინეთში წაყვანა უნდა, რომ შემდეგ ბავშვების ორგანოები დონორებად გაყიდოსო. პოლიციამ მომთხოვა სასწრაფოდ მივსულიყავი მე-7 განყოფილებაში და ბავშვებიც მიმეყვანა. მამედ ლატარიასა და კიდევ ერთ ნაცნობს, ანზორ დიხამინჯიას დავურეკე და მათთან და ბავშვებთან ერთად პოლიციაში მივედი. იქ კი განმიცხადეს, რომ მართალია ბავშვები თქვენთან თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესია, შვილები ან დედასთან უნდა ცხოვრობდნენ და ან მამასთანო. იულიას საძებნელად წავედით, სამი საათის განმავლობაში ვეძებდით, მაგრამ ვერაფრით მივაგენით. საბოლოოდ კი ბავშვები ალიარს მისცეს. მან გაიმარჯვა. ადამიანმა, რომელმაც პოლიცია მოატყუა. პოლიციაში კარგად იცოდნენ, ბავშვები რა პირობებში ცხოვრობდნენ, ისიც იცოდნენ, რომ მამა ქუჩაში ყრიდა და მათხოვრობას აიძულებდა, თუმცა ბავშვები მაინც მას დაუტოვეს. საშა და ტოშა ტიროდნენ, წასვლა არ უნდოდათ, მაგრამ მამამ ძალით წაიყვანა.“

კლაუდიამ შვილი საღამოს იპოვა. მაშინვე საშას და ტოშას საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ბავშვებს ვეღარ მიაგნეს. „ისევ პოლიციას მივმართეთ, მაგრამ პოლიციამ უარით გამოგვისტუმრა, სასამართლოში იჩივლეთო“, - იხსენებს კლაუდია.

მთავარ პრობლემას კლაუდია ბრიგიდინა სწორედ აქ წააწყდა. როგორც გაირკვა, იულიამ პასპორტი დაკარგა. არადა, რა ინსტაციასაც მიმართეს, ყველგან პასპორტი მოსთხოვეს. მაშინ კლაუდიამ გადაწყვიტა ბავშვებზე ძებნა ოფიციალურად გამოეცხადებინა. პარალელურად მან დახმარებისათვის განათლების სამინისტროს მიმართა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას სახელზე წერილი დაწერა (2005 წლის 31 აგვისტო). განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც კლაუდიასთან და იულიასთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვებს აფრიკის ტერიტორიაზე ეძებდა, თუმცა, უშედეგოდ.

სალომე ჭიჭინაძე,განათლების სამინისტროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ზრუნვის სამმართველოს წარმომადგენელი იხსენებს, რომ კლაუდიასთან და იულიასთან ერთად ის და ორი სოციალური მუშაკი ერთად დაეძებდნენ გადამალულ ბავშვებს აფრიკის ნაგავსაყრელის ღრმულებში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ალიარი  ბავშვებთან და ე.წ. ძიძასთან, ვალიასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ უშედეგოდ. წესით, ეს საქმე უბნის პოლიციის გასაკეთებელი იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, და ამას სალომე ჭიჭინაძეც ადასტურებს, აფრიკის რაიონული პოლიცია, ამ ამბით დიდად არ დაინტერესდა. მაშინ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ისანი-სამგორის რაიონის მე-7 განყოფილებას მიმართეს და, ბავშვების გამოჩენის შემთხვევაში, განათლების სამინისტროსთან სასწრაფო დაკავშირება სთხოვეს. ალიარის ადვოკატიც მოინახულეს და  თავიანთი რეკვიზიტები დაუტოვეს. ჭიჭინაძის თქმით, მას სულაც არ ევალებოდა ნაგავსაყრელზე სიარული, რადგან მისი განმარტებით, მის სამსახურს მხოლოდ რეაგირება ევალება და არა ბავშვების ძებნა... „მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბავშვები მამას ჰყავდა წაყვანილი სოფელში. თვეების შემდეგ მანვე მიიყვანა ისინი ბავშვთა სახლში „სათნოება“. კლაუდიამ ბავშვების წყნეთში გადაყვანა მოითხოვა და ჩვენც დავთანხმდით, რადგან წყნეთის ბავშვთა სახლი სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მონიტორინგს უკეთესად შევძლებდით. რამდენიმე ხნის შემდეგ ალიარის  ადვოკატიც მოვიდა ჩვენთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ კლაუდია ბავშვების ბებია არ იყო, თუმცა, ესეც მალე გაირკვა, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ყველა საბუთი გამოგვიგზავნა და დადასტურდა, რომ ეს ქალი მართლაც ბებიაა. ამ საბუთებთან ისინი უძლურები იყვნენ. გარდა ამისა, არსებობს სურათებიც, თუ სად ცხოვრობდნენ ბავშვები. მახსოვს მუსაევის ადვოკატმა ეს საბუთები რომ ნახა, ალიარს მიუბრუნდა და უთხრა, რისთვის მომიყვანე აქო. ალიარმა აზერბაიჯანის სათვისტომოს წარმომადგენელიც კი მოიყვანა.. მაგრამ ჩვენს არგუმენტებს ისინიც ვერაფერს უპირისპირებდნენ. სხვათა შორის, ალიარი საკმაოდ კანონმორჩილი ადამიანია. თუკი სიტუაციას ნორმალურად აუხსნი, ყველაფერს ეთანხმება. ჩვენთვის მთავარი ინტერესი ის არის, თუ  რა გარემოში ცხოვრობენ ბავშვები და ეს ასპექტი ყოველთვის გადამწყვეტი იქნება“, - აცხადებს სალომე ჭიჭინაძე.

„მალე შვებულება დამიმთავრდა და რუმინეთში უნდა დავბრუნებულიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ რწმუნებულიც მყავდა, ნანა მერკვილაძე და განათლების სამინისტროც ჩავაყენე საქმის კურსში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვებს მალე იპოვიდნენ, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია. ნანა მერკვილაძე შემპირდა, ყველაფერში დაგეხმარები და პრობლემა ისე მოგვარდება, როგორც ბავშვებისთვის არის უკეთესიო. ფულიც გადმოვუგზავნე 500 ამერიკული დოლარი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ნახევარი წელი არავინ იცოდა სად ჰყავდა მამას ბავშვები გადამალული.

ნანა მერკვილაძე, კლაუდია ბრიგიდინას ყოფილი რწმუნებული: „კლაუდიას როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი. ქალიშვილს, რომ ვერ პოულობდა ისიც მე მოვაძებნინე. მერე იულიას კაზრეთში წავყევი ბავშვების წამოსაყვანად, მაგრამ ცოცხალი თავით მანქანიდან არ გადავიდა. ალიარის ნათესავების მეშინია, მომკლავენო. ჩვენ სტრატეგიული გეგმაც გვქონდა შემუშავებული, ადვოკატიც გვყავდა აყვანილი. იულიას არანაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნია და ამიტომ საქმე პროცესამდე არც მისულა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აფრიკის დასახლებაშიც ვიყავით წასული. კამერით გადავიღეთ ყველაფერი, იქაურობა დაათვალიერეს, შეისწავლეს როგორ და რანაირად ცხოვრობდნენ ბავშვები. მერე, როგორც გავიგე, ის ბარაკი, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, დაიწვა. ამ ბავშვებს არც მამა ჰყავთ ნორმალური და არც დედა. ისინი შვილების მომვლელები და აღმზრდელები არ არიან.  ნეტა იცოდეთ, რამდენჯერ მირბენია თურქების ბარებში ღამ-ღამობით იმისათვის, რომ იულია მეპოვნა. ის მესამე შვილი პაატაც ხან სად ჰყავს მიგდებული და ხან სად. გახრწნილი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მას ბავშვებთან არაფერი ესაქმება. ალიარს რომ შევხვდი, სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ბავშვები კლაუდიასთვის მიეცა.“

ნახევარი წლის შემდეგ, როდესაც ალიარმა შეიტყო, რომ ბავშვებზე ძებნა იყო გამოცხადებული, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, ბავშვები არ მომიპარავს, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში, ნათესავებთან მყავს მიბარებულიო. პოლიცია, ბავშვების დედა და ადვოკატი ნანა მერკვილაძე ბიჭების წამოსაყვანად წავიდნენ. თუმცა, ისინი თბილისში ბავშვების გარეშე დაბრუნდნენ: „როგორც იულიამ მითხრა, როდესაც ბავშვების წამოსაყვანად მივედით, პოლიციამ ჭიშკარში მე შემიშვა, იქ კი მითხრეს, ბავშვებს თუ წაიყვან, მოგკლავთო. პოლიციელებმა კი მიპასუხეს, ოჯახური საქმე თქვენ თვითონვე მოაგვარეთო. არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ძმები ისევ იქ დარჩნენ.“ 

კლაუდია თითქმის ყოველ დღე რეკავდა თბილისში, ხან შვილთან, ხან ადვოკატთან, ხან სალომე ჭიჭინაძესთან, მაგრამ 2006 წლის იანვრამდე, ბავშვების შესახებ ვერაფერი შეიტყო.

„გამოსავალი, რომ ვეღარ ვიპოვე, ბოლოს ალიარის ძმას წერილი მივწერე. წერილში დავუჩოქე და ვთხოვდი, ოღონდ გამაგებინეთ სად არიან ჩემი შვილიშვილები და პირობას გაძლევთ, რომ ისევ გამოვაგზავნი ფულს, რითაც შემიძლია იმით დავეხმარები ალიარს, ოღონდ გამაგებინეთ, რომ ბავშვები ცოცხლები არიან-მეთქი. ალიარის ძმის ცოლი გამომეხმაურა. მისი მეშვეობით შევიტყვე, რომ ბავშვები  ალიარმა 2006 წლის 31 იანვარს აფრიკაში მიუსაფარ ბავშვთა სახლში „სათნოებაში“ მიაბარა. მთელი ექვსი თვის განმავლობაში ტელეფონით ვგებულობდი ბავშვების მდგომარეობას. მამედ ლატარიას სახელზე ვაგზავნიდი ამანათებს ბავშვებისათვის. ივლისში კი ისევ თბილისში ჩამოვედი.“

(ნაწილი II) (http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=685

ნინო თარხნიშვილი, ეკა ქევანიშვილი

ახალი ამბები