კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსაკრებელი კოლორიტების გასაქრობად

12 აპრილი, 2007

tbilisib.gif

„თბილისი თბილისელების, სიღნაღი სიღნაღელების, მცხეთა მცხეთელებისა და საქართველო კოლორიტების გარეშე,“ - ასეთ შედეგებს ელოდება საქართველოს მოსახლეობა იმ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც კულტურის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა.  

კანონპროექტით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე განიხილა, საქართველოს ძველ და ისტორიულ უბნებში მაცხოვრებლებს ყოველთვიურად სპეცგადასახადები უწესდებათ. აღნიშნული გადასახადი ყოველ კვადრატულ მეტრზე იქნება და მისი ზედა ზღვარი 3 ლარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიროვნებას, რომელიც 100 კმ.მეტრ ფართის მფლობელია, ყოველ თვე 300 ლარი უნდა გადაიხადოს.

აღნიშნული სიახლე მთელ საქართველოზე ვრცელდება. მათ შორის არის ისეთი ქალაქები, რომელიც მთლიანად ისტორიული ზონაა. ასეთია მაგალითად მცხეთა, სიღნაღი და ბევრი სხვა. საინტერესოა ისიც, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი მეპატრონისათვის იმ შენობის ჩამორთმევას ითვალისწინებდა, რომელთაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვთ და რომლის მოვლა-პატრნობასაც  მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა. საბოლოოდ კი კულტურის სამინისტრომ სწორედ ის გადაწყველილება მიიღო, რაც მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით, შენობის მეპატრონემ მოსაკრებელი რეაბილიტაციის პერიოდში უნდა გადაიხადოს. თუ ყველაზე პრესტიჟულ უბანში თანხა 3 ლარი იქნება, ნაკლებად პრესტიჟულ უბანში შესაძლოა უფრო ნაკლები, მაგალითად 1 ლარი იყოს. მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მეპატრონეს სოლიდური ჯარიმა დაეკისრება. 

აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება არა აქვთ. არადა, ისტორიულ და ძველ უბნებში ძირითადად კოლორიტები და ხანდაზმული ადამიანები არიან შემორჩენილნი, რომელთაც პენსიის გარდა სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.

მოსაკრებლის დაწესება მათთვის სახლ-კარის გაყიდვას და გარეუბნებში გადასახლებას ნიშნავს, რაც უკვე თანდათანობით ხდება კიდეც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იმ უბნის მოსახლეობას გაესაუბრა, ვინც ისტორიულ ზონაში ცხოვრობს. მათი პოზიცია ერთმანეთის იდენტურია. „რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, წარმოუდგენელია. ჯერ იყო და კოლორიტებს საერთოდ ხელი კრეს და არაფრად აგდებენ. ახლა ჩვენი მამაპაპისეული სახლებიდანაც გვერეკებიან. ეს კანონპროექტი სწორედაც რომ ჩვენს გამოსახლებას ნიშნავს და სხვას არაფერს. ისტორიულის სტატუსი უბნებს იმიტომ აქვს, რომ იქ ის კოლორიტები ცხოვრობენ, რომლებიც ისტორიებს ქმნიდნენ და ქმნიან. თუ ეს ხალხი არ იქნება და ასეთ უბნებს ახალი ფულიანი თბილისელები თუ უცხოელები ჩაიგდებენ ხელში ისტორიულობა რა იქნება?  მრცხვენია, რომ კოლორიტები მშივრები ვართ და მათხოვრებად გვაქციეს. წამალი ვერ გვიყიდია და თვეში 100 თუ 200 ლარი როგორ უნდა გადავიხადოთ?“ - ასეთია ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ძველ თბილისში მაცხოვრებელთა პოზოცია.             
      
მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა სწორედ ძველი უბნების ხელში ჩასაგდებად კეთდება. მათივე თქმით, ეს პროცესი უკვე კარგა ხანია დაიწყო. „როგორ ცხოვრობენ ძველი თბილისელები და რა შესაძლებლობები გააჩნიათ, ამის დადგენა საკმაოდ მარტივი პროცესია. გაიარონ ისტორიულ უბნებში და დააკვირდნენ სახლებს. ჩამსხვრეული მინების ნაცვლად ფანჯრებზე ცელოფნებია გაკრული, გახუნებული ფადრები, დაჟანგებული ჭიშკრები და სხვა. როგორ შეიძლება ასეთმა  ადამიანებმა  თვეში თუნდაც 100 ლარი გადაიხადონ? გაჭირვების გამო ბევრმა კოლორიტმა სახლი გაყიდა და გარეუბანში გადასახლდა. მათი ადგილი კი უცხოელებმა დაიკავეს. ეს პროცესი გრძელდება და ალბათ სწორედ ეს არის ახალ-ახალი კანონების მიღების მიზანი. ცნობილ ისტორიულ სიღნაღში მხოლოდ რამდენიმე სახლი დარჩა გასაყიდი. სიღნაღი თითქმის უცხოელების ხელშია. რომ მომკლან, ცოცხალი თავით არ გავყიდი ჩემს სახლ-კარს,“ - ამბობს ბატონი ოთია, თბილისელი კოლორიტი.

3 ლარიან მოსაკრებელს კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათი თქმით, მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი 50 თეთრი უნდა იყოს. დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, აღნიშნული მოსაკრებლის დაწესების შემთხვევაში ქალაქის ისტორიულ უბნებში მხოლოდ მდიდრები და უცხოელები დარჩებიან: „შესაძლოა, თითოეულ ოჯახს, მთლიანობაში, 300-400 ლარის გადახდა დაეკისროს, რაც არასწორია. მოსახლეობა ამ თანხას ვერ გადაიხდის. ამდენი შემოსავალი რომ ჰქონდეთ, საკუთარი ხარჯებით გაარემონტებდნენ  სახლებს. ჩვენი აზრით, მოსაკრებელი 50 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. ბევრმა, შესაძლოა, ამის გადახდაც ვერ შეძლოს“.

„ლეიბორისტულმა შრომის პარტიამ“ აღნიშნული ინიციატივის საწინააღმდეგოდ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.  ამ გადაწყვეტილებას „რესპუბლიკელებიც“ ეთანხმებიან. „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ კანონს საკონსტიტუციო სასამართლო დისკრიმინაციულად მიიჩნევდა და გააუქმებდა. ის აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ამ უბნებში მაცხოვრებლებს სიამოვნებით დაეხმარება მის გასაჩივრებაში.

დეპუტატები და აღმასრულებლები მოსაკრებლის ოდენობაზე დღემდე კამათობენ და ამ ეტაპისთვის ვერ შეთანხმდნენ. საბოლოო გადაწყველილება პარლამენტმა ხვალ უნდა მიიღოს.   

კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილის პოზიციით კი ძეგლების რეაბილიტაციაში მონაწილეობა მოსახლეობამაც უნდა მიიღოს: „ასეთ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თანაგრძნობის განცდა. მათ უნდა იზრუნონ საკუთარი საცხოვრებლის მოწესრიგებაზე. მოსაკრებელს სოლიდარული გადასახადი დაერქმევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლების რეაბილიტაციაში მესაკუთრეებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ თუ იქ რაიმე ფართის მფლობელს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ სარეაბილიტაციო ზონაში ცხოვრობს და სოლიდარული საფასური უნდა გადაიხადოს“.

ეკა გულუა

ახალი ამბები