კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობის ტყვეები

12 აპრილი, 2007

duisis_mecetib.gif

ადამიანის უფლებების დამცველები საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ჩეჩნეთიდან ლტოლვილები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდებიან უკანონო ქმედებების მსხვერპლნი. მათზე თავდასხმისა და მკვლელობის ფაქტებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო.

გაქცევა

8 ათასამდე ადამიანი, საქართველოში, 1999 წელს, ჩეჩნეთ – რუსეთის კონფლიქტის განახლების შემდეგ ჩამოვიდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში სულ 2000 ჩეჩნეთიდან ლტოლვილია რეგისტრირებული, აქედან უმეტესობა ეთნიკური ქისტია, ჩეჩნური წარმოშობის ლტოლვილები კი მხოლოდ 500-მდე არიან.

ლტოლვილებმა მესამე ქვეყანაში გადასახლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. 2005 წლამდე შვედეთმა, კანადამ და სხვადასხვა ქვეყნებმა ბევრი ლტოლვილი მიიღეს, მას შემდეგ კი მათი სხვა ქვეყანაში გასვლა შეუძლებელია. ლტოლვილების თქმით, ამის მიზეზი ძირითადად მათი კრიმინალებთან და ტერორისტებთან გაიგივება გახდა. ისინი ვერც საქართველოს მოქალაქეობას იღებენ, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამასობაში ლტოლვილები დღითი-დღე მცირდებიან. რამდენიმე ლტოლვილი რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა და ჩეჩნეთში დაბრუნდა, თუმცა ახლობლები მათ ვერ უკავშირდებიან. ნაწილი ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მოკლეს ან გაუჩინარდა. ასეთი ფაქტები საქართველოშიც გახშირდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს უარი

ზიაუდინ იდიგოვმა გასულ წელს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. ჩეჩენი ლტოლვილი სასამართლოს სთხოვდა არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოეცხადებინა 1998 წლის 18 თებერვლის საქართველოს კანონის „ლტოლვილთა შესახებ“ ის დებულებები, რომლებიც საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა. იდიგოვის სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველომ 1999 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა გაეროს კონვენციას „დევნილების შესახებ“, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მათი უზრუნველყოფა და უფლებების სრულყოფილად დაცვა. რაც ყველაზე მთავარია, შეიზღუდა დევნილებისათვის მესამე ქვეყანაში გადაადგილების უფლება, რამაც ეს ადამიანები „პანკისის ხეობის ტყვეებად“ აქცია. „საქართველოში რთული შიდაპოლიტიკური სიტუაცია, არაეფექტური უფლებათა დაცვის სისტემა, აგრეთვე შენარჩუნებული რუსეთის გავლენა, ჩეჩენი ეროვნების დევნილებს საშუალებას არ გვაძლევს თავი დაცულად ვიგრძნოთ. ჩვენ, ჩეჩნეთიდან დევნილებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომის გემო. ჩვენ მშვიდობიანად გავეცალეთ ომის უბედურებას და გვსურს არჩეულ ადგილზე მშვიდობიანი ცხოვრების, ჩვენთვის მონიჭებული უფლების განხორციელება. შვიდი წლის გასვლის შემდეგაც აქტუალური რჩება საკითხი იმის შესახებ, უქმნიან თუ არა ჩეჩენი ეროვნების ლტოლვილები საქართველოს საფრთხეს? თუ კი, მაშინ ხელისუფლებამ უნდა მოგვიცილოს, მოგვცეს საშუალება გავიდეთ მესამე ქვეყანაში. თუ არა, მაშინ საჭიროა გადაწყდეს გადაადგილების საკითხი, გაიცეს ლტოლვილის „ინდივიდუალური სტატუსი“ და სამგზავრო დოკუმენტები, რადგანაც არსებული „ჯგუფური სტატუსი“ არის ფიქცია და არა პირადობის დამადასტურებელი საბუთი,“ - აღნიშნავს იდიგოვი. მისი სარჩელი ამ მოთხოვნით პირველი პრეცედენტი გახლდათ საქართველოში მთელი 6 წლის მანძილზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში გასასვლელი გზა გაეხსნებოდათ. მესამე ქვეყანა კი თავად გადაწყვეტდა, მიეღო თუ არა ისინი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. სასამართლომ პარლამენტს რეკომენდაცია მისცა, „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოსვლისათვის, კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დაპირისპირება

პანკისის ხეობაში რამდენიმე მეჩეთია. აქედან ერთი სოფელ ჯოყოლოში და ორი სოფელ დუისში. დუისის ცენტრში მდგარი მეჩეთი, მაღალი მინარეთით, ახალი აშენებულია. ასაკოვანი მუსულმანების თქმით, ახალ მეჩეთში, რომელიც ხეობაში ჩეჩნების ჩამოსახლების დროს აშენდა, ახალგაზრდები ლოცულობენ. მათ ძველ მეჩეთში მლოცველი ასაკოვანი მუსულმანები ვაჰაბის მიმდევრებად ანუ ვაჰაბისტებად მოიხსენიებენ და ამბობენ რომ ისინი საშიშები არიან, რადგან ვაჰაბიტობიდან ტერორისტობამდე აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, თავად ის ადამიანები, ვისაც ვაჰაბიტებს უწოდებენ, ვაჰაბის მიმდევრობას კატეგორიულად უარყოფენ. ომარ ხანგოშვილი ამბობს, რომ იგი ახალ მეჩეთში ლოცულობს, ჩვეულებრივი მუსულმანია და ვაჰაბიზმს, რომელიც მისი თქმით, რადიკალური მიმდინარეობაა, არ მისდევს, თუმცაღა ბევრი მუსლიმანისგან განსხვავებით, ყურანში მოცემულ წესებს პირნათლად ასრულებს. „ჩვენთვის ვაჰაბიტების დარქმევა იმისთვის დასჭირდათ, რომ მტრად შევერაცხეთ. გარშემომყოფთ ჩვენი რომ ეშინოდეთ, თითქოს საშინელებებს ჩავდიოდეთ. ეს ყველაფერი ტყუილია და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ თუ კი რამ ცუდი მოხდება პანკისის ხეობაში, ჩვენ დაგვაბრალონ,“ - აღნიშნავს ომარ ხანგოშვილი.

მკვლელობა ჯოყოლოში

სწორედ ე.წ. რელიგიურ დაპირისპირებას უკავშირებენ 2007 წლის 9 მარტს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მომხდარ მკვლელობას.  დილით, ჯოყოლოში არსებული მეჩეთის ეზოში ჩეჩენმა ქალმა მამაკაცის გვამი ნახა. 1966 წელს დაბადებულ ჰასან შაჰბულატოვს თავის არეში „პე-ეს-ემ“-ის სისტემის პისტოლეტით სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. „ჰასანი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ჩვენ ის ბოლოს 8 მარტს საღამოს, დაახლოებით 9 საათისთვის ვნახეთ. სოფელ ჯოყოლოს მეჩეთში მარტო ლოცულობდა. ძალიან მორწმუნე კაცი იყო. თავის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნებიც აღენიშნებოდა,“ - გვითხრა ჩეჩენმა ლტოლვილმა რაისა ტახაევამ.

საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს ზიაუდინ იდიგოვს მიაჩნია, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. „სიკვდილამდე ჰასანი ხშირად ამბობდა: „მეეჭვება, გადასახლების პროგრამაში მოვხვდე და ისე დავბრუნდე ჩეჩნეთში. ერთადერთი იმედიღა მრჩება – იქნებ, ხელისუფლებამ „სამგზავრო დოკუმენტები“ მაინც მოგვცესო. ამ ადამიანის სიკვდილი მათ სინდისზე იყოს, ვინც ეს პროცესი ასე გააჭიანურა. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები სულ უფრო და უფრო ხშირდება. ჩეჩენ ლტოლვილთა რიცხვი უკვე სულ 350 ადამიანს შეადგენს,“ - აცხადებს ზიაუდინ იდიგოვი.

მეჩეთის ეზოში ჩეჩენი ლტოლვილის მკვლელობას, რელიგიური დაპირისპირებისათვის დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს ახმეტის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯარაფ ხანგოშვილი. მისი თქმით, მკვლელმა კარგად იცოდა და გათვალა, რა ვითარებაში უნდა მოეკლა ჩეჩენი ლტოლვილი. „სალოცავის ახლოს კაცის მოკვლაზე უარესი და საშინელი ცოდვა არ არსებობს. შაჰბულატოვი კი მეჩეთის ახლოს მოკლეს და მერე ცხედარი ეზოში დააგდეს. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყოს ვაჰაბიტებისა და ისლამის ჩვეულებრივ მიმდევრების კრიტიკული დაპირისპირებისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის ძმას გადაწყვეტილი აქვს ჩეჩნეთიდან საქართველოში ჩამოვიდეს და სიტუაციაში გაერკვას...“ - აღნიშნავს ჯარაფ ხანგოშვილი და იქვე დასძენს, რომ ხეობაში კვლავ მოქმედებს სისხლის აღების ინსტიტუტი.

13 მარტს კიდევ ერთი ჩეჩენი ლტოლვილი, 1973 წელს გროზნოში დაბადებული რუსლან ტიმაევი გაუჩინარდა. პოლიციელებმა მეორე დღეს მისი მანქანა თბილისის მახლობლად იპოვეს. სამართალდამცავებმა მანქანაში სამი მასრა და სისხლის კვალი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც ზიაუდინ იდიგოვმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადა, ტიმაევი რამდენიმე დღის წინ სახლში დაბრუნდა.

ლტოლვილებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელიც მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და თვითონ სამართალდამცავების მიერ არის პროვიცირებული. „ეს ქმედებები, რომლებიც ადამიანებში აუტენელ შიშს ნერგავს, ხეობაში დესტაბილიზაციის ესკალირებისაკენ არის მიმართული. ამიტომაც მივმართავთ საერთაშორისო და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ დამნაშავეების შეჩერებაში,“ - აცხადებენ ლტოლვილები.

ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნებს არ იზიარებს

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ 2006 წლის 30 ივნისის მოხსენებაში საქართველოს შესახებ, საქართველოს მთავრობას არაერთი რეკომენდაცია მისცა ჩეჩენ ლტოლვილებთან მიმართებაში. ევროპული კომისია, რომელიც ევროსაბჭოს მიერ არის დაარსებული, ხელისუფლებას მოუწოდებდა, შეესწავლა ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა ჰუმანიტარული მდგომარეობა და გადაეჭრა ყველა პრობლემა მათი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „გადაწყვეტით ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, სამართალდამცავების მხრიდან ჩეჩნეთიდან ლტოლვილების წინააღმდეგ ნებისმიერი უკანონო, თვითნებური ან დისკრიმინაციული ქმედების აღსაკვეთად და საჭიროების შემთხვევაში დასაჯოს კიდეც ასეთი ქმედება,“ - აღნიშნულია მოხსენების სარეკომენდაციო ნაწილში.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ბრალს სდებს ჩეჩენი ლტოლვილების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში, მათ შევიწროებასა და მათ წინააღმდეგ თვითნებური რეიდების მოწყობაში, უსაფუძვლოა,“ - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი, ჩეჩენი ლტოლვილების გაუსაძლისი მდგომარეობის მოსაგვარებლად ხელისუფლებას ღონისძიებების გატარებისაკენ მოუწოდებს. „ბოლო დროს ექსტრადიციის ფაქტები აღარ ფიქსირდება. თუმცა, ჯოყოლოში მომხდარი მკვლელობა, თბილისში ჩეჩენი ლტოლვილის გაუჩინარება, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს აფიქრებინებს, რომ თითოეული მათგანი, ნებისმიერ დროს სავსებით შესაძლებელია იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მათ აქვთ გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობა და განათლების მიღების სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობის მისამართით, ჩეჩენ ლტოლვილებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ობიექტურია და შენიშვნები შესრულებას საჭიროებს,“ - აღნიშნა კობა ჩოფლიანმა.

ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების მონიტორინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მუშაობს. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს საერთაშორისო სტანდარტებს ლტოლვილების შესახებ. „ხელისუფლების მოპყრობა საერთოდ არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. შეიძლება ითქვას, თვითონ საქართველოს კანონი „ლტოლვილთა შესახებ“ ითვალისწინებს ლტოლვილების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ჩეჩნეთიდან დევნილების ბედი მთლიანად აქვთ მინდობილი საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პანკისის ხეობაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ლტოლვილებისათვის. როგორც ვიცი, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ არის მათთვის გამოყოფილი. რაც შეეხება ბოლო დროს მომხდარ სამწუხარო ფაქტებს, შეიძლება ითქვას, ეს უფრო პროვოკაციაა, ვიდრე რაღაც დაპირისპირება. პანკისის ხეობაში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვით სხვა ძალები არიან დაინტერესებულნი. ჩემი ინფორმაციით, უახლოეს ხანში იგეგმება ხეობაში რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი, რათა ჩეჩნეთიდან დევნილები დაბრუნებაზე დაიყოლიონ. სიტუაციის დაძაბვა, მათთვის აუტანელი სოციალური მდგომარეობის შექმნა და სხვა პრობლემებიც, ვფიქრობ იმას ემსახურება, რომ დევნილები იძულებულები გახდნენ სამშობლოში დაბრუნდნენ,“ - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები