კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლების მდგმურები

13 აპრილი, 2007

kalaebib.gif

დღეს პარლამენტმა,  კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ისტორიულ უბნებში მოსაკრებლის დაწესების შესახებ ჯერჯერობით ვერ მიაღწია. ხელისუფლება კვადრატულ მეტრზე სამი ლარიდან  ერთ ლარსა და 50 თეთრზე  ჩამოვიდა, მაგრამ ოპოზიცია აღნიშნულ ტარიფსაც აპროტესტებს და ითხოვს ტარიფის მაქსიმალურმა ზღვარმა 50 თეთრი შეადგინოს.

კანონპროექტმა ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” ახალციხის  ისტორიული უბნების მოსახლეობაც ააფორიაქა.

რაბათი ისტორიული დასახლებაა. უკვე რამდენიმე ათეული წელია აქ ერთმანეთის გევრდიგვერდ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს.

ამ პატარა დასახლებაში ქრისტიანული ეკლესის, სინაგოგას, მეჩეთსა და თურქული აბანოებს ერთად მოუყრია თავი. აქ ცხოვრობს თაობა, რომელიც თითოეულ ისტორიულ დანატოვარს მოწიწებით უფრთხილდება.

,,ეს დასახლება მართლაც ისტორიულია, რაბათი აქაურმა მაცხოვრებლებმა შექმნეს, მომავალს გადასცეს და აქამდე მოიტანეს. აქ ჩემთვის ყოველი გოჯი მიწა ძვირფასია. ასე ვეუბნები ჩემს შვილსაც, ასე მასწავლიდა მამაჩემი,” - გვესაუბრება რაბათელი 45 წლის როზა იგნატენკო.
 
tbilisi.gifრაბათის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ტელევიზიით გაგებული კანონპროექტის არსებობამ  შეაშფოთა.

,,შეძრწუნებული ვარ. ტელევიზიით რომ გადმოსცეს, საკუთარ სახლებზე გადასახადი უნდა გადაიხადოთო, ჯერ სააპრილო ხუმრობა მეგონა. მერე კი გავოგნდი. ჩემი შემოსავალი 80 ლარს შეადგენს. ლაპარაკობენ პრესტიჟულ უბნებზე მეტი გადსახადი იქნებაო, ჩემი უბანი პრესტიჟულია. დიდ გადასახადს კი არა 10 თეთრსაც ვერ გადავიხდი. საკუთარი სახლი მშობლებმა დამიტოვეს, აქამდე მიხაროდა ახლა კი სატირალი ყოფილა დიდი სახლის ქონა,” - ამბობს როზა იგნატენკო.

58 წლის მანანა იგითხანიშვილიც რაბათის პრესტიჟული უბნის მკვიდრია. თუმცა ახლა პრესტიჟულობა თავსატეხად ექცა: ,,წუთისოფლის მდგმურები კი ვართ, მაგრამ ახლა ამ მთავრობის მდგმურებიც გავხდით, აბა საკუთარ სახლში, ყოველთვიურ გადასახადს რომ დაგიწესებენ, ნორმალურია? ხუთ კილომეტრიან გზას ვგვი და ხელფასს 104 ლარს ვიღებ. 64 კვ.მ საკუთარი სახლი მაქვს. 50 თეთრიც, რომ დააწესონ, თვეში დაახლოებით 32 ლარი გამოდის. ანუ მე და ჩემმა დიაბეტიანმა შვილმა, რომელსაც პენსია მოუხსნეს, 70 ლარით უნდა ვიცხოვროთ? რცხვენოდეთ! სამი დღეა თავი მტკივა და ანალგინიც ვერ მიყიდია. ყველა კაპიკს ჩემი დიაბეტიანი შვილისთვის ვინახავ. ესენი კი ახალ-ახალ გადასახადებს იგონებენ,” - გაცხარებული საუბრობს მანანა იგითხანიშვილი. ,,ერთ თვეს ვერ გადაიხდი, მეორე თვეს ვერ გადაიხდი... მერე მოვა მთავრობა და საკუთარი სახლებიდან გამოგვყრის,” - წუხს რაბათელი 34 წლის მანუშაკ კარსლიანი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა”, მდგომარეობის გასარკვევად რაიონის მუნიციპალიტეტს მიმართა.

,,ჩვენს მოსახლოებას ნურაფრის შეეშინდება, მსგავსი პრობლემა მათ არ შეეხება,” - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შალვა დალალიშვილი.

ჟურნალისტი: ,,კანონპროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. მაშ რაბათელები როგორ აუვლიან გვერდს ამ პრობლემას?

შალვა დვალიშვილი: ,,წელს ისტორიული რაბათის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის, ამიტომაც გადასხადის გადახდა არ მოუწევთ.

- და როცა გადასახადის გადახდის დრო მოვა?

შ. დ: ვიზრუნებთ, რომ გადასახადი ხუთ თეთრამდე დავიყვანოთ.

ბათუმის ძველ უბანში მოსახლეობა ახალი გადასახედების დაწესებას შიშით უყურებს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამას, შედეგად ძველი უბნების ბათუმელებისაგან „დაცლა” მოჰყვება. ასე კი ზღვისპირა ქალაქი თავის ხიბლსაც დაკარგავს, რადგან ქალაქის კოლორიტულობას, აქრქიტექტურასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობაც ქმნის.

ნატო ბერიძე „ძველ ბათუმში“ ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ეს სიახლე ისევ ინვესტორების მოსაზიდად არის გამიზნული და ამ უბნებში მალე სოციალურად დაბალი ფენის ადამიანები აღარ იცხოვრებენ: „სოციალურად ყველა გამრთული არ არის და ამ თანხას ვინ გადაიხდის? ლაპარაკია რომ აქ ინვესტორები უნდა შემოვიდნენ და ჩვენ ასე დაგვაცლევინებენ აქაურობას.“

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ სიახლეს შედეგად შეიძლება მათი გასახლება მოჰყვეს მაყვალა კახიძეც იზიარებს. მართალია პსრესტიჟულ უბანში ცხოვრობს, მაგრამ მისი საცხოვრებელი ფართი 24 კვადრატული მეტრია. ქალბატონი მაყვალა იმ ადამიანების გამოჩენას ელოდება, რომლებიც მის სახლს შეიძენენ: „რემონტსაც ვერ გავაკეთებთ, კედლები და ჭერიც გამოსაცვლელია. დაგვეხმაროს მთავრობა. ააშენოს ამ ადგილას ახალი კორპუსი და შეგვასახლონ შიგ. ან იყიდოს ვინმემ და ჩვენ თანახმა ვართ წავიდეთ აქედან.“

ალბერტ მურადიანს კი სახლი მემკვიდრეობით ერგო და მის დატოვებას არ აპირებს. იმედი აქვს ასეთი გადასახადების შემოღებას ხელისუფლება არ დაუშვებს.

batumi.gifგიორგი ლომთათიძეც ძველ ბათუმში ცხოვრობს და იხსენებს კანონს, რომლის ძალითაც მისმა ოჯახმა „ქონების გადასახადი“ გადაიხადა: „მაშინ ეს გადასახადი, მგონი მხოლოდ ჩვენ გადავიხადეთ. მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ გააუქმეს. ახლაც ასე მოხდება. ამას ხალხი არ დაუშვებს. ეტყობა მთავრობაში ვიღაცას ფული დასჭირდა და ამიტომაც შემოიღეს ახალი მოსაკრებელი.“ გიორგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ ხელისუფლება პრინციპული იქნება მაშინ ქონებას ყადაღასაც დაადებენ და სახლსაც გაუყიდიან.

ახალ გადასახადებზე ბათუმის საკერბულოშიც მსჯელობენ. „რესპუბლიკელი“ დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუნარიანი არ არის და ამიტომაც ამაზე მსჯელობა ნაადრევია: „მე ქალაქის პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობ. საკრებულოს წევრი ვარ, შემოსავალი მაქვს და გადავიხდი, მაგრამ ჩემს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ელექტროენერგიის თანხასაც ვერ იხდიან. მათ წინაპრებისაგან დარჩათ ეს სახლები და რა ქნან, წავიდნენ იქედან? ტრაგედიას კიდევ ტრაგედია უნდა დაემატოს?!“

განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტან ღლონტი ახალი გადასახადების წინააღმდეგია. ამასთან დეპუტატი ამბობს,  რომ ქალაქი ხიბლს მხოლოდ ისტორიული შენობები არ ქმნიან: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ. როგორ შეიძლება ცარიელ-ტარიელს რაიმე გადასახადი მოსთხოვო? ჯერ გავაძლიეროთ ეს ადამიანები და თუ მერეც არ გადაიხდიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსინდისოდ იქცევიან.

ქალაქს ადამიანები ალამაზებენ, მათი ადათ-წესები, ტრადიციები. ისინი ქმნიან ამ ქალაქის კოლორიტს. ხალხი გატანჯულია და ყველა ასეთი ინიციატივის დროს დაფიქრება და დიდი სიფრთხილეა საჭირო.“

„არავითარი მოსაკრებელი! ჩვენ ერთ თეთრსაც არ გადავიხდით. ვიშიმშილებთ, ქუჩაში გამოვალთ და მამა-პაპის დანატოვარს არავის დავანებებთ. რცხვენოდეს ამ ქვეყნის მთავრობას, რომ გვაიძულებს, აქაურობას გავეცალოთ და უცხოეთში გადავიხვეწოთ,“ - ასე პასუხობს ქუთაისის მკვიდრი, 73 წლის ლიზა ბაქრაძე საქართველოს მთავრობის ინიციატივას საბინაო მოსაკრებლის შესახებ. მისი ოჯახი ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, წერეთლის ქუჩაზე, საუკუნე ნახევარია  ცხოვრობს.

ქუთაისში ქალაქ-მუზეუმის ტერიტორია წერეთლის ქუჩის გარდა ნიუპორტის, რუსთაველის, ფალიაშვილის, წმინდა ნინოს, თამარ მეფის და სხვა ქუჩებს მოიცავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშმა მოიცვა, რომ საკუთარი ქონების შენარჩუნებას ვერ შესძლებს, რომ დაწესებულ გადასახადს ვერ გადაიხდის და ხვალ, მათ კუთვნილ ბინას სხვა, უფრო მდიდარი მეპატრონე გამოუჩნდება.

ნინო მინდაძე, რუსთაველის ქუჩის მცხოვრები: „ვინმე რომ მოვიდეს და მითხრას, ერთ კვადრატულ მეტრზე თუნდაც 10 თეთრი უნდა გადაიხადოო, ვერ გადავიხდი. არ შემიძლია და იმიტომ. ან საიდან უნდა გადავიხადო, როცა ოჯახის არცერთი წევრი არ ვმუშაობთ. მოგვცეს მთავრობამ სამსახური, ნორმალური პენსია და კი ბატონო, მერე მოგვთხოვოს ეს გადასახადი. მიკვირს, რომ არ რცხვენიათ. რა დავაშავეთ ასეთი, სუნთქვასაც რომ გვიკრძალავენ?“

თემურ ცერცვაძე, წერეთლის ქუჩის მცხოვრები: „რა უფლება აქვს მთავრობას, სახლში შემომივარდეს და გადასახადი გადამახდევინოს. ფულის გადახდა გამიგია წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე, ტელეფონზე... ეს რისი გადასახადია, ვერ ვხვდები. ხალხს მშობლებმა დაუტოვეს ქონება. ზოგს მემკვიდრეობა ბებია-ბაბუისგან ერგო და მთავრობას რაში უნდა გადაუხადოს ეს თანხა?“

მარგო არაბიძე, ნიუპორტის ქუჩის მცხოვრები: „თავს გაუვიდა ამ ხელისუფლებას. ახლა დროა, ყველანი ერთად დავდგეთ და ქუჩაში გამოვიდეთ. უნდა დაინახონ, რომ ქვეყანა ჩალით არაა დახურული. დღეს ეს გადასახადი მოიგონეს, ხვალ სხვა რამ გაახსენდებათ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.”

ლილი მარგველაშვილი, წერეთლის ქუჩის მცხოვრები: „მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ჩვენს ნებისყოფას ამოწმებს. გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მეტის მოთმენა მართლა აღარ შეგვიძლია. რას ითხოვს ჩვენგან, როცა ჩვენთვის არაფერი ემეტება. რითი გადავიხადოთ? მერე შვილებს რა ვაჭამოთ და რითი ვასწავლოთ? თუმცა, ან სწავლა ვის რაში სჭირდება. ირგვლივ უცოდინარობის ზეიმია. ეს საკენკი თავიანთ ახლობლებს დაუყარონ...“

რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებას ე.წ. საბინაო მოსაკრებელის თაობაზე, ქუთაისის ვიცე-მერი გიგა შუშანია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია: „ჩვენ ამ საკითხზე, საკრებულოსთან ერთად, მხოლოდ მას შემდეგ ვიმსჯელებთ, როცა ეს კანონი ძალაში შევა. საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება კი, მედიის საშუალებით გავრცელებულმა იდეის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები იდეას, რომ საქართველოს მოსახლეობამ წვლილი შეიტანოს ისტორიული შენობა-ნაგებობების შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის საქმეში. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც უნდა დაინერგოს. რაც შეეხება მოსაკრებელს, თუ მე სწორად გავიგე, ეს არ იქნება მუდმივი პროცესი. მესაკუთრე დაწესებულ გადასახადს გადაიხდის მხოლოდ ისტორიული შენობა-ნაგებობის აღდგენის პერიოდში. თუ რა თანხა იქნება გადასახდელი, ამას მოგვიანებით გავარკვევთ,“ - აცხადებს შუშანია.

გორის მოსახლეობა უკვე გადასახადის დაწესებამდე დარდობს.  ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ დაუდგენია ისტორიული უბნების საზღვრები, თუმცა ამ საზღვრებში სავარაუდოდ გორის ციხის მიმდებარე ტერიტორია მოხვდება. ვინაიდან გორის ციხის ირგვლივ განლაგებულ უბნების მოსახლეობას დაშენებებისთვის კულტურისისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ჭირდებოდათ ნებართვა. ასეთი უბნებია სამეფოს, ქართლის, ხერხეულიძის, წერეთლის და რუსთაველის ქუჩის ნაწილიც. 

axalcixe.gifგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის განცხადებით, მათ არ მიუღიათ რაიმე დოკუმენტი, რაც მოსახლეობას გადასახადების დაწესებას დაავალდებულებთ.

„ასეთი დირექტივა არ გვაქვს, როგორც ვიცი ისტორიულ უბნებზე გადასახადი მხოლოდ თბილისზე ვრცელდება, თუ ეს საყოველთაო გახდება, მაშინ გორის მუნიციპალური საკრებულო გადასახადების დაწესებაზე იმსჯელებს. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ საკითხს მომზადება და დამუშავება ესაჭიროება,“ - ამბობს მარლენ ნადირაძე.

ისტორიული უბნების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ გადასახადს იმ შემთხვევაშიც ვერ გადაიხდიან, თუ ის კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 10 თეთრს შეადგენს.

მარინა კუზანოვი, ქართლის ქუჩის მცხოვრები: „ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. სახლი 1920 წელსაა აშენებული. ეს ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ქმედებაა, რომ აქედან ძირძველი მოსახლეობა აყარონ. როგორც ამბობენ გადასახადი ორი წლის განმავლობაში ამიქმედებსო, ღარიბი ამას ვერ გადაიხდის, მათ ბინების გაყიდვა მოუწევთ.”

ვასილ გულეური, სამეფოს ქუჩის მკვიდრი: „ხელისუფლებას თუ ასე შესტკივა გული ისტორიულ უბნებზე, როგორც ვიცი, გორში, სტალინის ქუჩაზე, აივნებს რომ ფერადი პლასტიკატები მიაკრეს ამაში 250 ათასი ლარი დაიხარჯა. ის თანხა ისტორიული ძეგლებისათვის მოეხმარებინათ. რაც უნდა დაბალი იყოს გადასახადი, ის მაინც მძიმედ დააწვება მოსახლეობას. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება ბინების გაყიდვის შესახებ ცინიზმია, ეს არის მიზანიმამართული მოქმედება იქითკენ, რომ პრესტიჟული ადგილები თვითონ შეიძინონ.“

არინა თავაქარაშვილი, რუსთაველის ქუჩის მკვიდრი: მე ისტორიულ უბანში, პაპისეულ სახლში ვცხოვრობ. მართალია 16 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ ჩემი შემოსავალი ასეთ გადასახადს ვერ გაწვდება. გადასახადის დაწესების შემთხვევაში მე ხელფასი არ მეყოფა, რადგან ამ რაოდენობის შემოსავალი სულ არ მაქვს. იდეა მთლად ცუდი არ არის, მაგრამ ამისთვის ჯერ ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა საჭირო.“

გულო კოხოძე, ახალციხე
ირმა ზოიძე, ბათუმი
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები