კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსური სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

16 აპრილი, 2007

busb.gif

სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე 15 კილომეტრია. ამ მანძილს მოსახლეობა უკვე მეორე წელია ფეხით გადის. მეზობელი სოფლებიდან ფეხით დადიან პედაგოგებიც, რომლებიც ყიტაანის სკოლაში ასწავლიან. მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადასაადგილებლად სასკოლო ავტობუსი გამოუყო, მაგრამ ტრანსპორტი დღემდე სკოლის დარაჯის ეზოშია „დაპატიმრებული“.

სოფელი ყიტაანი გურჯაანის რაიონში ერთადერთი სოფელია, სადაც ოსი მოსახლეობა ცხოვრობს და იგი სოფელ ჩუმლაყის თემში შედის. ადგილობრივების თქმით, აუტანელი პირობების გამო, სოფელი ბოლო წლებში ბევრმა დატოვა. მიგრანტთა რიცხვი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოსახლეობას სოფლიდან გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

„ბევრნი ვლადიკავკაზში წავიდნენ. ვინც დავრჩით, თავი ძლივს გაგვაქვს. ნორმალური, ადამიანური ცხოვრება ჩვენთვის არ არსებობს. ერთი ავტობუსიღა იყო, რომელიც გურჯაანთან გვაკავშირებდა, მაგრამ რაც სოფლიდან ხალხი წავიდა და შევმცირდით, ისიც აღარ დადის. მძღოლმა გვითხრა, „საწვავის ფულსაც ვერ ვინაზღაურებ და ტყუილად ხომ არ ვივლიო.“ უტრანსპორტობის გამო უკვე მეორე წელია სოფელ ჩუმლაყამდე ასვლა ფეხით გვიწევს. იქამდე კი შვიდ კილომეტრზე მეტია. ჩვენ ვიტანთ და შევეგუეთ, მაგრამ პატარა ბავშვებს რა ვუყოთ? ისინი ყველაფერს მოკლებულნი არიან. სოფელში მანქანაც იშვიათს აქვს. თუ ვინმე ბავშვს ექიმთან წაიყვანს, ამით ჩვენც ვსარგებლობთ და არის ხოლმე ერთი ამბავი, ვინ ჩაჯდება მანქანაში,“ - ამბობს ყიტაანის მკვიდრი ნათია ნაცვლიშვილი.

ყიტაანში მცხოვრებთ სხვა პრობლემებიც აქვთ, თუმცა ისინი უტრანსპორტობით იმდენად შეწუხებულები არიან, რომ სხვა საკითხზე საუბარი არ სურთ: „იცით რა, ტრანპორტის ქონას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბოლოს და ბოლოს კვირაში ორჯერ მაინც ხომ გვჭირდება მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა? ავტობუსი არ არის. ტაქსი რომ გამოიძახო, 15 – 20 ლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში - არ მოდიან. გზა ძალიან ცუდია და მანქანებს ვერ დავანგრევთო, გვეუბნებიან. ამ თანხის გადახდის საშუალება კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ამიტომაც ვართ რაიონულ ცენტრს მოწყვეტილები და იზოლაციაში ვიმყოფებით,“ - აცხადებს თამარ გაბრუაშვილი.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, მათ ხელისუფლებას დახმარება ბევრჯერ სთხოვეს, მაგრამ თითქმის უშედეგოდ: „გურჯაანში ოსები მხოლოდ ამ სოფელში ვცხოვრობთ და გვეგონა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მოგვაქცევდა. რაიონულ გამგეობას ყიტაანი – გურჯაანის მიმართულებით, ავტობუსის დანიშვნა არაერთხელ ვთხოვეთ, მაგრამ დღემდე ფეხით გვიწევს კილომეტრების გავლა. გამგეობაში კი გვითხრეს, დაგეხმარებითო, მაგრამ მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ პრობლემით არავინ დაინტერესებულა. განათლების სამინისტრომ თითქოს სკოლაც გააუქმა და ჩუმლაყის სკოლას შეუერთა, მაგრამ ყიტაანის სკოლაში ბავშვები დღემდე სწავლობენ. მასწავლებლები მეზობელი სოფლებიდან დადიან. დილით 9 საათზე სკოლაში რომ იყვნენ, გზაში 2 საათი მაინც სჭირდებათ. განათლების სამინისტროს მიერ ჩუმლაყის სკოლისთვის ნაჩუქარი ავტობუსი კი, რომელიც ბავშვებისა და მასწავლებლების გადაადგილებას უნდა მომსახურებოდა, „დაპატიმრებულია“, -  აღშფოთებას ვერ მალავს გიორგი თედეშვილი.

ავტობუსი რომ დანიშნულებისამებრ ვერ ფუნქციონირებს, ამას ჩუმლაყის სკოლის დირექტორი დალი ქიტესაშვილი, საწვავის შესაძენად საჭირო თანხების არ არსებობით ხსნის: „ყიტაანისა და ჩუმლაყის სკოლები უნდა გაერთიანებულიყო, მაგრამ ვერ გაერთიანდა, რის გამოც სასწავლო პროცესი ორივე სკოლაში ტარდება. ამის გამო, ყოველთვიურად ჩუმლაყის სკოლის ბიუჯეტიდან, ყიტაანის საბაზო სკოლას, პედაგოგთა შრომითი ანაზღაურებებისათვის 1500 ლარამდე თანხას ვურიცხავთ. ავტობუსის სამოძრაოდ საჭირო საწვავის შეძენის ხარჯები კი აღარ გვრჩება. გარდა ამისა, სულ მალე დირექტორების არჩევნები ჩატარდება და ამიტომ ამ საკითხის მოგვარებაც სექტემბრამდე გადავდეთ,“ - აცხადებს დალი ქიტესაშვილი.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი კი განმარტავს, რომ რადგან სკოლამ ავტობუსი მიიღო, უნდა გამოიყენოს კიდეც. რესურს – ცენტრის ხელმძღვანელი იქვე დასძენს, რომ ჩუმლაყის სკოლას ავტობუსი სწორედ ყიტაანის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლელების მომსახურებისათვის გადაეცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი აცხადებს, რომ გამგეობა ყიტაანელთა პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობს და მის მოგვარებას ცდილობს; „ამის თაობაზე ვიცით და ვცდილობთ, რომ პრობლემა გადავჭრათ. ალბათ მალე მოგვარდება პრობლემა“...- აღნიშნავს გამგებელი.

ამჟამად ყიტაანის სკოლაში სულ 6 კლასი ფუნქციონირებს. ბავშვების რაოდენობა ოცს, მასწავლებელთა რაოდენობა კი თოთხმეტს არ აღემატება. სკოლაში მომსახურე პერსონალიდან ადგილობრივი მხოლოდ დარაჯი და დამლაგებელია. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციით იმუქრება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები