კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთიდან დეპორტირებულებს თავშესაფრიდან ასახლებენ

16 აპრილი, 2007

roomb.gifმოსკოვიდან დეპორტირებული ოჯახი თავშესაფრის გარეშე რჩება. კვარაცხელიების ოჯახი დაპირებულ დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს, თუმცა მათ ამ ეტაპზე არავინ გამოხმაურებია, უფრო მეტიც, მათ ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის გაპარტახებულ საკუჭნაოში ცხოვრების უფლებასაც არ აძლევენ.     
საქართველო-რუსეთს შორის გართულებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა რუსეთში მცხოვრები ათასობით ქართველი დააზარალა. რუსეთიდან გამოძევებულებმა  დეპორტაციის მოლოდინში გარკვეული პერიოდი იზოლატირებშიც კი გაატარეს. მძიმე და არაადამიანური პირობების გამო, იქ არაერთი ქართველი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი მანანა ჯაბელია გახლდათ.

51 წლის ჯაბელია მოსკოვის იზოლატორში სხვა ქართველებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მართალია, მას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და დეპორტაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა, იზოლატორში მაინც აღმოჩნდა.
2006 წლის 2 დეკემბერს, მანანა ჯაბელია იზოლატორში გარდაიცვალა. ის თბილისში დაასაფლავეს. მართალია, მის ოჯახს, მეუღლესა და 3 ვაჟიშვილს საქართველოში საცხოვრებელი არ ჰქონდათ, თუმცა, მათ ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა. დროებით კი ისინი მამიდასთან 18 კვადრატული მეტრის  ფართის ერთოთახიან  საერთო საცხოვრებლის ბინაში შესახლდნენ. თითქმის 5 თვეა, ამ ფართში 12 ადამიანი ცხოვრობს. მამიდაც აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ოჯახთან ერთად უკვე 15 წელია ვაჟა ფშაველას 42 ნომერში, საერთო საცხოვრებელშია შესახლებული.  

როგორც მამიდა ამბობს, ძალიან ვიწროდ ცხოვრობენ. იატაკზე ლეიბებს აფენენ და იქ სძინავთ. მძიმე პირობების გამო მოსკოვიდან დეპორტირებულმა ოჯახმა ამავე საერთო საცხოვრებლის მიტოვებულ ლაბორატორიაში გატაწყვიტა შესახლება, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას  სთხოვს:

„ნახეთ, რამდენი სული ვცხოვრობთ ერთ პატარა ოთახში და რა სიტუაციაში ვიმყოფებით. აქ ცხოვრება შეიძლება? ამ პატარა ოთახში წარმოუდგენელია 12 ადამიანი დაეტიოს. სასწაულს არაფერს ვითხოვთ, თუ იმ მიტოვებულ ოთახში არ შეგვიშვებენ, ეს მაინც არ წაგვართვან. სხვა თავშესაფარი არაფერი გვაქვს და 12 ადამიანს ქუჩაში ნუ დაგვტოვებენ,“ - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე შახი კვარაცხელია.

მისი შვილები კი  აცხადებენ, რომ მათი დედა ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეწირა და აქედან გამომდინარე, მათ საქართველოში თავშესაფრის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ: „ამ მთავრობას, ამ საქართველოს და ამ ქვეყნის პოლიტიკას შეეწირა დედაჩემი. ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არასდროს არაფერი აწუხებდა. ის საკუთარი ქართული წარმომავლობის გამო აღმოჩნდა იზოლატორში და არა რაიმე დანაშაულისთვის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ვალდებულია, თავშესაფარი მოგვცეს,“ - ამბობს გოგიტა კვარაცხელია. 

მართალია, ხელისუფლება მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დღეს დანგრეულ ოთახშიც კი არ უშვებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა აღნიშნული შენობისა და ოჯახის ბედი ეკონომიკის სამინისტროში გაერკვია, თუმცა, იქ ამ საკითხზე პასუხის გამცემი არავინ აღმოჩნდა.

როგორც კვარაცხელიები აცხადებენ, ისინი ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის აპირებენ მიმართვას. თუკი მათ მამიდის დროებითი საცხოვრებლიდანაც გამოყრიან, ქუჩაში მოუწევთ ცხოვრება.    
 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები