კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკი სოციალური დახმარების სააგენტოს სასამართლოში უჩივის

17 აპრილი, 2007

gatakib.gif

60 წლის მარტოხელა ლამზირა ბურდულაძე უკვე რამდენიმე წელია ფარდულში ცხოვრობს. მას არც ავეჯი აქვს და არც შემოსავალი, გარდა პენსიისა. დახმარება რამდენჯერმე ითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. უკიდურესად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური დახმარების სააგენტო მას არ ეხმარება. მიზეზი კი რამდენიმე კურდღელია, რომელიც გაჭირვებულ ქალბატონს ჰყავს.

სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნით, ლამზირა ბურდულაძემ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას, პირველად 2005 წლის დეკემბერში მიმართა. სოციალურმა აგენტმა განმცხადებლის ოჯახი შეამოწმა და ოჯახის დეკლარაციაც შეავსო. 2006 წლის მაისში ქალბატონმა ლამზირამ მოწმობა მიიღო, სადაც სარეიტინგო ქულად მინიჭებული აქვს 90530, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანახმა და ოჯახის განმეორებით გადამოწმება მოითხოვა. ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდა, ოღონდ სარეიტინგო ქულათა რაოდენობა არ შეცვლილა. „ამის შემდეგ, განცხადებით კიდევ ერთხელ მივმართე სოციალური დახმარების სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციის შევსებისას, სოციალურ აგენტს ვუპასუხე და თავადაც ნახა, რომ ვცხოვრობდი მარტო, არ მქონდა შუქი, გაზი ან გათბობის სხვა საშუალება; ფიზიკურად მუშაობა მეტ-ნაკლებად შემეძლო; ვიყავი მარტოხელა; არ მქონდა არანაირი ფულადი შემოსავალი, ვერ ვეწეოდი მიწის სამეურნეო სამუშაოებს; არ მყავდა შინაური ფრინველი ან ცხოველი, გარდა 5 კურდღლისა. ვცხოვრობდი, მშობლებისა და დების კუთვნილი ბინის სიახლოვეს მდგარ ფარდულში; არ მქონდა ავეჯი, პირადი ჰიგიენის საშუალებები და პრაქტიკულად საცხოვრებლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,“ - აცხადებს გაჭირვებული ქალბატონი.

მესამე შემოწმების შემდეგ, ოჯახის სარეიტინგო ქულათა ოდენობამ 69620 შეადგინა. მიუხედავად ცვლილებისა, ბურდულაძეს დახმარება არც ამჯერად ერგო, რადგან ფულადი დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს ენიშნება, რომელთა რეიტინგიც 52 ათას ქულას არ აღემატება.

ლამზირა ბურდულაძემ ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების თხოვნით რაიონის გამგეობასაც არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. 2006 წლის დეკემბრიდან მას ასაკის პენსია – 38 ლარი დაენიშნა. როგორც თავად ამბობს, პენსია რომ არა, მძიმე სოციალური პირობებისა და შიმშილისგან ალბათ უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა: „მეზობლები მეხმარებიან, მაგრამ როდემდე მომაქცევენ ყურადღებას? მათაც ხომ უჭირთ... ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. რამდენიმე კურდღელი რომ მყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის რჩენა შემიძლია. კურდღლებს ბალახით ვკვებავ. მათი მოვლისათვის ფინანსები არ მჭირდება. კურდღელი რომ არ მყავდეს, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ხანდახან ვკლავ, ხორცის ნაწილს მე ვჭამ, ნაწილს კი მეზობლებს ვუწილადებ, სანაცვლოდ კი ისინი ხან პურს მაძლევენ, ხან შეშას და ასე გამაქვს თავი,“ - ამბობს ბურდულაძე და იქვე დასძენს, რომ დახმარების დანიშვნის თხოვნით, მეზობლების თანადგომით, მან სოციალური დახმარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსაც მიმართა, მაგრამ მისთვის ყურადღება მაინც არავის მიუქცევია.

„იმდენად მიჭირს, რომ გათბობის მიზნით, ხანდახან ზამთარში პურის საცხობი თონითაც მისარგებლია, სადაც ჩამჯდარს რამდენჯერმე დამეძინა და კინაღამ დავიწვი. ჩემი პირობები ძალიან მძიმეა. მისი აღწერა შეუძლებელია. ბევრი რამ გაოცებასაც იწვევს, რაც ზოგიერთებს საბაბს აძლევს, ფსიქიკურად ავადმყოფადაც შემრაცხონ, მაგრამ მე ჯანმრთელი ვარ. უბრალოდ, თავმოყვარეობა და ღირსება მაქვს, ამიტომ ბევრს ვერაფერს განვაცხადებ. როგორც უკვე გითხარით, არაფერი მაქვს, გარდა მიწურისა, სადაც წყალი ჩამომდის და ამდენ ქულებს საიდან მაძლევენ, არ ვიცი. ყოველივე ამის გამო, მიმაჩნია, რომ, ჩემი ოჯახისთვის სააგენტოს მიერ მონიჭებული ქულათა რაოდენობა სრულიად უკანონოა,“ - აცხადებს ბურდულაძე.

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში ბურდულაძის ბრალდებებს უარყოფენ. განყოფილების უფროსის, ხათუნა პაპუნაშვილის თქმით, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან ბურდულაძის ოჯახის მიმართ  დარღვევას ადგილი არ ჰქონია: „სოცაგენტის მიერ მისი ოჯახის დეკლარაცია შეივსო კანონიერად. ისიც აღინიშნა, რომ ქალბატონს კურდღლები ჰყავს. ბურდულაძის ოჯახს მიენიჭა მაღალი ქულა და შესაბამისად მას დახმარება არ დაენიშნა. არ უარვყოფთ, რომ მისი საცხოვრებელი პირობები ნამდვილად მძიმეა,“ - დასძენს ხათუნა პაპუნაშვილი.

საკუთარი უფლებების დასაცავად, ლამზირა ბურდულაძემ, რამდენიმე დღის წინ, ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს მიმართა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები განმცხადებლის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სოციალური დახმარების სააგენტოს მხრიდან ბურდულაძის უფლებები უხეშად არის დარღვეული და მას სოციალური დახმარება აუცილებლად ეკუთვნის.

„სოციალური დახმარების სააგენტოს სამჯერ აქვს შემოწმებული ბურდულაძის ოჯახი და დახმარება არ დაუნიშნეს. ამიტომ სარჩელით მივმართეთ რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ვითხოვთ, სასამართლომ ბათილად ცნოს ლამზირა ბურდულაძის ოჯახზე გაცემული მოწმობა. ასევე სასამართლოს ვთხოვთ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22, 23, 24 და 33 პრიმა მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს, სოციალური დახმარების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას დაავალოს ქმედების განხორციელება – ბურდულაძისთვის სოციალური (ფულადი) დახმარების დაუყოვნებლივ დანიშვნა,“ - გვითხრა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ლია ხუროშვილმა.

სტატისტიკის მიხედვით, ბურდულაძის სარჩელი პირველი პრეცენდენტია რეგიონში, როდესაც მოქალაქე სააგენტოსგან დახმარების დანიშვნას სასამართლოს გზით ითხოვს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები