კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიმშილობის აქცია გორში

17 აპრილი, 2007

gamosaxlebab.gif

უკვე სამი დღეა გორში გარემოვაჭრეები შიმშილობენ. მათთან  ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯერ არ გამოჩენილან. გარემოვაჭრეებს მხოლოდ საკრებულოს ორმა წევრმა დავით კეკელიშვილმა და მამუკა დავითულიანმა მიაკითხა. ისინი მოვაჭრეებს ადგილის „მოძებნას“ დაპირდნენ. შიმშილობის აქციამ ჯერ მხოლოდ ის „შედეგი" გამოიღო, რომ მათთან სასწრაფო დახმარება დღეში რამდენჯერმე მიდის.

გარემოვაჭრეები ადგილებს ბაზრის მიმდებარე სკვერში, სავალ ნაწილზე ითხოვენ:
„ჩვენ წლების მანძილზე აქ ვვაჭრობდით და შესაბამისად გადასახადსაც ვიხდიდით. 5 დეკემბერს საპატრულო პოლიციამ ჩვენს მაგიდები დაშალა. მოვითხოვთ, მოგვცენ უფლება ისევ აქ ვივაჭროთ, რადგან ბანკიდან კრედიტი გვაქვს აღებული და პროცენტი გვემატება. ჩვენ კი 4 თვეა ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას არ გვაქცევენ და არც ალტერნატიულ ადგილს გვპირდებიან,“ - აცხადებს გარემოვაჭრე ზაირა ბალიაშვილი.

გარემოვაჭრეების ადვოკატი მარიკა ლომინაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ბაზრის დირექტორი მათ ფართის გამოყოფას შეჰპირდა. თუმცა, იმ ადგილზე, სადაც ტერიტორიის გამოყოფა დაიგეგმა, ბაზრის ავტოსადგომია განთავსებული და ვაჭრობისთვის ბორდიულების ჩალაგებაა საჭირო.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრის დირექტორის მიერ შეთავაზებულ ადგილზე წვიმის დროს წყლები დგება და ვაჭრობა შეუძლებელია. ამ მიდგომის გამო ბაზრის დირექტორმა ფართის გამოყოფა საერთოდ გადაიფიქრა.

„ჩვენ მხოლოდ სავალ ნაწილს ვითხოვთ, გადაგვიხურონ პატარა მონაკვეთი, რომ ვაჭრობა შევძლოთ, თუ ის არის დასაშვები, რომ მწვანე ზოლში კაპიტალური მშენებლობა აწარმოონ, ჩვენმ, ამ გაუბედურებულ ადგილზე რომ დავდგეთ, რას დავუშლით?“ - კითხულობს გარემოვაჭრე ლეილა სამხარაძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მამუკა დავითულიანის თქმით, ის ტერიტორია, რომელსაც გარემოვაჭრეები ითხოვენ სკვერს ეკუთვნის და ვაჭრობის ნებართვას ვერ მისცემენ:

„ჩვენ მათ ბაზრის ტერიტორიაზე შევთავაზეთ ადგილის გამოყოფა, იქ ბორდიულების ჩალაგებაა საჭირო, რაც ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა მოაგვაროს. გარემოვაჭრეების ნაწილი თანახმაა იქ ივაჭროს, ნაწილს კი ეს ადგილი არ უნდა. ჯერ თვითონ შეთანხმდნენ და მერე გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ბაზრის დირექტორის ანზორ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, მან მოვაჭრეებს რამდენიმე ადგილი შესთავაზა, რაზეც მათგან უარი მიიღო:

„მე სამი თვეა მათ სხვადასხვა ადგილებს ვთავაზობ, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მაინცდამაინც სკვერში უნდათ ვაჭრობა, რასაც კანონი კრძალავს. თუ გადაწყვეტენ ივაჭრონ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვუზრუნველყოფთ ბორდიულების ჩალაგებას,“ - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

გარემოვაჭრეები, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციის გამართვას თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გეგმავენ.

მოვაჭრეების ადვოკატი უახლოეს დღეებში სასამართლოს და საპატრულო პოლიციას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს.

„დემონტაჟის დროს საპატრულო პოლიციამ მოვაჭრეებს შეურაცხყოფა მიაყენა და  დახლები დაარბია. ერთ-ერთმა მოვაჭრემ, თამილა შევარდენიძემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო,“ -ამბობს ადვოკატი.

მოვაჭრეებს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოსული წერილი აქვთ, სადაც წერია, რომ დემონტაჟის დროს, გორის საპატრულო პოლიციის ქმედება, ცილდებოდა საპატრულო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებს.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები