კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მშიერ“ ციხეში სასურსათო ობიექტი გაიხსნა

19 აპრილი, 2007

cixeb.gif

ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმრები ცუდი პირობების გამო მისი გახსნის დღიდან ჩივიან. დაგვიანებით მიწოდებული საკვები, მწირი სამედიცინო ბაზა, მოშლილი კანალიზაცია და სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლით დატბორილი საკნები - ეს ის დეტალებია, რომლებიც დღემდე კრიტიკის საგნად რჩება.

რამდენიმე დღის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს, საპატიმროს ხშირმა „სტუმარმა“, ორი პატიმრის „პატრონმა“ მიმართა. ახალგაზრდა ქალბატონს, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი, გარკვეული მიზეზების გამო არ დაგვესახელებინა, ციხეში მეუღლე და მაზლი ჰყავს. აქედან ერთ-ერთი განსასჯელია.

„ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებ. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჩემს პატიმრებთან ყოველი შეხვედრისას ერთიდაიგივე პრობლემები მესმის. პრობლემები კი უხვადაა. შეიძლება ადამიანს საჭმელს არ აჭმევდნენ? ან აჭმევდნენ, მაგრამ უვარგისს? როგორც ჩანს, აქ ყველაფერი შეიძლება. საქართველოს არცერთ საპყრობილეში, ამანათების მხრივ,  ისეთი საშინელი მდგომარეობა არაა, როგორც ქუთაისში. როცა პატიმრებს საჭმელს არ აჭმევენ და შიმშილით კლავენ, ხომ შეიძლება ჩვენ მაინც მოგვცენ საშუალება, მათ ოჯახიდან მივაწოდოთ პროდუქტები. მუდმივი შიშის ქვეშ ვართ, რომ როცა პატიმრის სანახავად ან მისი ამბის გასაგებად მივალთ, რაიმე საშინელი ამბავი  დაგვხვდება. გამორიცხული ნამდვილად არაფერია,“ - ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 1500-მდე პატიმარია. მათ შორის არიან როგორც განაჩენმისჯილები, ისე განსასჯელები; ასაკიანებიც და არასრულწლოვნებიც; ქრისტიანებიც და სხვა რელიგიის მიმდევრებიც. პრობლემა კი ყველას საერთო აქვს -გაუსაძლისი პირობები. ციხეში კი თითქმის არ დარჩა კადრი, ვინც პატიმართან სოციალური რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს. სოციალური სამსახური, რომელიც დღეს თითქმის ლიკვიდირებულია, მეტ-ნაკლებად ახერხებდა პატიმართა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სპეციალისტთა განმარტებით, სოციალური მუშაკები ამ კუთხით საინტერესოდ მუშაობდნენ. მათივე აზრით, სოციალური სამსახურის გაუქმებამ პატიმართა სოციალური მდგომერეობის გაუარესებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. გავრცელებული ინფორმაციით, კადრების შემცირება მომავალშიც იგეგმება.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი, როდესაც ციხის პრეზენტაცია მოეწყო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ისევე როგორც, ციხის ადმინისტრაცია, თავს სწორედ სოციალური განყოფილების უხვკადრიანობით იწონებდა. დღეს კი, „დიდი შემცირებების“ შედეგად ე.წ. სოცსამსახური უკვე წარსულია.

„პატიმრის უფლებების დარღვევებზე საუბარი მანამდე იქნება, სანამ ეს და სხვა პრობლემებიც არ გამოსწორდება. არ შეიძლება პატიმარს საკვები დაგვიანებით ან საერთოდ არ მიეწოდებოდეს. ჩვენ ამ და სხვა საკითხებზე არაერთხელ მივმართეთ ციხის ადმინისტრაციას, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ არსებობს არანაირი რეაგირება. კომენტარსაც კი არ აკეთებენ. ჩვენ ისევ კერძო ინიციატივით ვცდილობთ ამ ხალხს გარედან დავეხმაროთ,“ - ამბობს ციხის მონიტორინგის საბჭოს წევრი ირაკლი ლალიაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ციხეში სასურსათო მაღაზია გაიხსნა. თითოეული პატიმრის სახელზე „სახალხო ბანკში“ გახსნილია ანგარიში, რომელზეც მათ ახლობლებს სასურველი და განუსაზღვრელი რაოდენობით თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ციხის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარის მანანა მანაგაძის განმარტებით, „მაღაზიაში უკვე არსებობს მონაცემები,  თუ რომელი პატიმრის ანგარიშზე რა რაოდენობით თანხაა ჩარიცხული. შესაბამისად, მათ საშუალება ექნებათ შეიძინონ პროდუქტები. თანხის ოდენობა განსაზღვრული არ არის. თუკი პატიმარს დიდი ოდენობით თანხა დაუგროვდება და მის დახარჯვას საპყრობილეში ვერ შესძლებს, იგი ანგარიშზე დახვდება, როცა იქედან გამოვა.“

რამდენად გაამართლებს და „სწორად იმუშავებს“ ციხეში სასურსათო ობიექტი, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია აპირებს, მაღაზიის გახსნის დღიდან მისი მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები