კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედა 7 წლის შვილთან ერთად თელავის სასამართლოს შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება

20 აპრილი, 2007

azerb.gif

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები გულნაზ არიხ ყიზი თვითმკვლელობით იმუქრება. აზერბაიჯანელი ეროვნების ქალბატონის თქმით, პროტესტის მიზეზი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც თვითნებობის მუხლით მის წინააღმდეგ თელავის პოლიციამ აღძრა. გულნაზ არიხ ყიზი ამბობს, რომ მას სამართალდამცავები ეროვნული ნიშნით ჩაგრავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან.

გულნაზ არიხ ყიზის მეუღლე ორუჯ ყარა ოღლი სამართალდამცავებმა უკვე დააპატიმრეს. ამის მიზეზი კახეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის დავით ჯორჯაძის განკარგულების შეუსრულებლობა გახდა. საქმე იმაშია, რომ ორუჯ ყარა ოღლის, პირველი მეუღლის - საფაიათ ალიევას სასარგებლოდ, რომელთანაც იგი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, თელავის რაიონული სასამართლოს1999 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 4500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან ერთად, საფაიათ ალიევას გამოეყო საცხოვრებელ სახლში ერთი ოთახი და ეზოში სათავსო. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დავით ჯორჯაძის განკარგულებით, მოსარჩელის – საფაიტა ალიევას საკუთრებაში გადავიდა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ორუჯ ყარა ოღლი მეორე მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სააღსრულებო ბიუროს არ დაუდგენია სახლის საკუთრება და განკარგულება ისე მიიღო, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

2001 წელს საფაიათ ალიევამ სასამართლოს კვლავ მიმართა სარჩელით და მოითხოვა ყოფილი ქმრის და მისი მეუღლის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება და მათთვის სადავო სახლით სარგებლობის აკრძალვა, რაც სასამართლომ ისე, დააკმაყოფილა, რომ არ დაინტერესებულა სადავო სახლი ნამდვილად იყო თუ არა ორუჯ ყარა ოღლის საკუთრებაში. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ისე შევიდა, რომ სააპელაციო წესით არავის გაუსაჩივრებია.

მხოლოდ მოგვიანებით, თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ოფიციალური მესაკუთრის მეუღლემ ლეილა ქარამ ყიზიმ და მოითხოვა, სასამართლოს ბათილად ეცნო ჯორჯაძის ხსენებული განკარგულება და თელავის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი. სასარჩელო განცხადებაში ლეილა ქარამ ყიზი მიუთითებდა, რომ 2002 წლის 5 თებერვალს მას გარდაეცვალა მეუღლე ყურბანოვი ყარა იბათ ოღლი. მისი გარდაცვალებიდან მესამე თვეს მიაკითხა სოფლის საკრებულოს მემკვიდრეობის მისაღებად, მაგრამ გაიგო, რომ მისი მეუღლის სახელზე აღრიცხული სახლი გადაფორმებული იყო ყოფილი რძლის - საფაიათ ალიევას სახელზე, რაც მათთვის არავის უცნობებია. როგორც ლეილა ქარამ ყიზი სარჩელში აღნიშნავს, მისთვის ცნობილი იყო მხოლოდ თელავის რაიონული სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რითაც ს. ალიევას მიეკუთვნა ერთი საცხოვრებელი ოთახი. მოსარჩელისათვის გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა მისი ქმრის, ყურბანოვი ყარა ოღლის სახლი, ალიევას სახელზე. ლეილა ქარამ ყიზი თვლის, რომ აღმასრულებელს უნდა დაედგინა სახლის საკუთრება და განკარგულება ისე მიეღო.

სასამართლომ ლეილა ქარამ ყიზის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მარიკა ცერცვაძე გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, იგი კანონიერ ძალაშია შესული და მას ვერ გადახედავს.

ორუჯ ყარა ოღლის წარმომადგენელი ზაქრო ბუთიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ცერცვაძეს უნდა გამოეთხოვა საჯარო რეესტრიდან დოკუმენტი, რითაც დარწმუნდებოდა ნამდვილად ირიცხებოდა თუ არა საცხოვრებელი სახლი ყარაჯალაში ყარა იბათ ოღლის სახელზე და გადაწყვეტილება ისე მიეღო. „მოსამართლე არ უნდა დაყრდნობოდა სასამართლო აღმასრულებლის ზეპირ განმარტებას და არ უნდა მიეღო უკანონო გადაწყვეტილება,“ - ამბობს ზაქარია ბუთიაშვილი.

ორუჯ ყარა ოღლის სახელზე რომ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი არ ირიცხებოდა, ამას ადასტურებს, თელავის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა. ამავე  ცნობის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი არ ირიცხება საფაიათ ალიევას სახელზე, არადა იმავე სამსახურის მიერ ერთი წლით ადრე გაცემულია ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი საფაიათ ალიევას სახელზე.

გულნაზ არიხ ყიზის თქმით, მისმა მეუღლემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, თელავის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ამ დარღვევების გამო, სამართალდამცავ ორგანოებს არაერთი განცხადებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. „ქმარი იმიტომ დაიჭირეს, რომ თავისი მამის სახლიდან არ გამოდიოდა. ეს სახლი ჩემი მეუღლის არასდროს ყოფილა, მაგრამ სასამართლომ და აღმასრულებელმა გააყალბეს ყველაფერი. ახლა სისხლის სამართლის საქმე ჩემზეც აღძრეს. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, სახლიდან შენც უნდა გამოგასახლოთ, თუ არადა დაგიჭერთო. ბავშვს რა ვუყო – მეთქი, ვიკითხე და მითხრეს, სადაც შენ წახვალ, ისიც იქ წაიყვანეო. წასასვლელი არსად მაქვს. 7 წლის ბავშვი ღია ცის ქვეშ როგორ დავტოვო? პოლიციაში მასხრად მიგდებენ. გამომძიებელი გიორგი გახუტაშვილი ადამიანად არ მცნობს. წადი და სამართალი აზერბაიჯანში მოძებნეო. მე აზერბაიჯანელი კი ვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ვარ. აქ დავიბადე და აქ გავიზარდე. ეროვნული ნიშნით არ უნდა მამცირებდნენ,“ - აღშფოთებულია გულნაზ არიხ ყიზი.

გულნაზ არიხ ყიზის ბრალდებებთან დაკავშირებით შს თელავის სამმართველოს გამომძიებელი გიორგი გახუტაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

თელავის რაიონული პროკურორი ალექსანდრე ფერიაშვილი კი აცხადებს, რომ არიხ ყიზის ეროვნული ნიშნით არავინ ჩაგრავს. „მე დავინტერესდი მისი ბრალდებით და აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა გარწმუნებთ, რომ თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა ან ექნება, ის ადამიანი, ვინც მის უფლებებს არღვევს, აუცილებლად დაისჯება,“ - აღნიშნავს პროკურორი. მისივე თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან თელავის რაიონულ პროკურატურაში შემოსული ორუჯ ყარა ოღლის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც იგი მიუთითებს სააღსრულებო ბიუროს თელავის აღმასრულებლის დავით ჯორჯაძის უკანონო ქმედებებზე, მოკვლევა არ მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ კახეთის სააღსრულებო ბიუროში. თავად აღამსრულებელ დავით ჯორჯაძესთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.

გულნაზ არიხ ყიზის საქმე, მისივე მიმართვის საფუძველზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმაც შეისწავლეს: „სასამართლოს გადაწყვეტილებები აშკარად უკანონოა, მაგრამ იგი კანონიერ ძალაშია შესული, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ამ გზით უკანონობა დაკანონდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წინამძღვრები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ დადგინდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რომ აღმასრულებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას, ეს შეიძლება გახდეს საქმის განახლების საფუძველი,“ - აცხადებს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

გულნაზ არიხ ყიზიმ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თუ აღმასრულებლის დავით ჯორჯაძის წინააღმდეგ, მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა, უკანონობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თელავის რაიონული სასამართლოს შენობის წინ, 7 წლის გოგონასთან ერთად თავს მოიკლავს.

გელა მთივლიშილი კახეთიდან

ახალი ამბები