11:58, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 20 წლის ბიჭი გაიტანა

25.04.2007
giga_carbaze.gif„ჩემი შვილის მკვლელს გენერალური პროკურორის ძმა მფარველობს“

25 მარტს, თელავში, საზარელი ავტოავარია მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბესიკ მრელაშვილმა, კუთვნილი ავტომანქანით, რომელსაც ნასვამი მართავდა, ქალაქის ცენტრში 20 წლის გიგა ჩარბაძე გაიტანა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ჩარბაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ დანაშაულის დაფარვა სცადა და გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, პროკურატურას ისინი პასუხისგებაში დღემდე არ მიუცია. თავისუფალია ბესიკ მრელაშვილიც, რომელმაც გირაოს სახით 25 ათასი ლარი გადაიხადა. (ფოტოზე გიგა ჩარბაძე)

„კვირა დღე იყო. გიგა მეორე დღეს თბილისში უნდა წასულიყო. ზოოვეტერინარულ უნივერსიტეტში სწავლობდა მესამე კურსზე. იმ საღამოს მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში ბრუნდებოდა. გზაზე გადმოდიოდა, როდესაც, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა,“ - ყვება გიგა ჩარბაძის დედა თამარ ჩარბაძე.

ინციდენტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, რადგან შემთხვევის ადგილას თელავში მოქმედ საკაბელო ტელევიზიას ვიდეოთვალი აქვს დამონტაჟებული და ავტოავარიის დეტალები პირდაპირ ეთერში გადიოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლის ვინაობასაც კახეთის საოლქო პროკურატურაში „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ არ ასახელებენ, კოლეგა - ბესიკ მრელაშვილი არ დაუკავებიათ. უფრო მეტიც, სამართალდამცავებმა მრელაშვილი სიმთვრალე-სიფხიზლეზე შეამოწმეს და შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ იგი ფხიზელი იყო. ამ ხნის განმავლობაში მძიმედ დაშავებული გიგა ჩარბაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ავტოავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ჩარბაძე უგონოდ იყო. ექიმები კონტაქტში ვერ შევიდნენ. აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობა და ატონიური კომა. როგორც ვიცი, იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა,“ - გვითხრა თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა ვასილ კობიაშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ მრელაშვილი, ადვოკატთან ერთად, კახეთის საოლქო პროკურატურაში, 26 მარტს, დილის 4 საათზე გამოცხადდა. „პროკურატურისთვის უცნობია სად იმყოფებოდა მანამდე ბესიკ მრელაშვილი. საპატრულო პოლიციას იგი შემთხვევის ადგილზევე უნდა დაეკავებინა და კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოქმედება განეხორციელებინა. მანქანა საჯარიმო სადგომზე უნდა გადაეყვანათ და მრელაშვილისთვის არ უნდა მიეცათ იმის უფლება, რომ თავად გაეგრძელებინა მანქანის მართვა,“ - აღნიშნავს კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ვაჟა მაღრაძე.

პროკურატურიდან მრელაშვილი შესამოწმებლად თელავის ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. „ნარკოლოგიურში მრელაშვილის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი საშუალო დონის ნასვამი იყო, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა. ამიტომ, დახმარებისათვის თბილისის ნარკოლოგიურ სამსახურსაც მივმართეთ, სადაც მრელაშვილს საშუალოზე მეტი სიმთვრალე დაუდგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ინციდენტის დროს გაცილებით მეტად იყო მთვრალი,“ - აცხადებს პროკურორი.

მომხდართან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურაში 26 მარტს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლის, ზურაბ ბეგიაშვილის თქმით, საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ჩადენილს მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თელავის რაიონულ სასამართლოს მათ, მრელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა მოსამართლე ლია ოთარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მრელაშვილს 15 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. მოსამართლე ოთარაშვილი თავის ბრძანებას იმით სხნის, რომ პროკურატურას, სასამართლოსთვის, დაკავებულისთვის პატიმრობის შესაფარდებლად საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

სასამართლოს პოზიციასთან დაკავშირებით, კახეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. ამ საკითხზე საუბარი არ სურთ არც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში.

თავად ბესიკ მრელაშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ავტოავარია გარდაცვლილის მიზეზით მოხდა, რადგან მან მანქანას წინ გადაურბინა: „ბესიკ მრელაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არ ყოფილა. იგი შსს მომსახურების სააგენტოს დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს თანამშრომელი იყო. მას ევალებოდა ავტომანქანების რეგისტრაცია – გაფორმება და ა.შ. ავტოავარიის კადრები პირდაპირ ეთერში არ გასულა, ეს ტყუილია. რაც შეეხება მრელაშვილს, იგი ინციდენტის დროს მთვრალი არ ყოფილა. 2007 წლის 2 აპრილის ქიმიურ – ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნიდან ვკითხულობთ, რომ მრელაშვილის შარდში და არა სისხლში, აღმოჩენილია ეთილის სპირტი 2,2 ოდენობით, მაგრამ არ არის განსაზღვრული სიმთვრალის ხარისხის კატეგორია. სამაგიეროდ, 2007 წლის 26 მარტის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გ. ჩარბაძის სისხლში აღმოჩნდა 2,25 პრამილე ეთილის სპირტი. აღნიშნული რაოდენობა შეეფარდება მძიმე ხარისხის სიმთვრალეს. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ავტოავარია მომხდარია ავტომანქანის სავალ ნაწილზე. კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ ნამდვილად შევთავაზეთ დაზარალებულ მხარეს შერიგება, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. ამჟამად დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც მოგვცემს ბრალეულობის ხარისხს. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩვენი მხარე გარდაცვლილის მეგობრებზე ზეწოლას ახდენს, სიმართლეს არ შეესაბამება. მრელაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები რომ არ არსებობს, თელავის სასამართლომ მას ამიტომ შეუფარდა გირაო. ადეიშვილები მისი პატრონები რომ ყოფილიყვნენ, პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა. სააპელაციო სასამართლომ თელავის სასამართლოს ბრძანება ძალაში დატოვა, ოღონდ გირაოს ოდენობა 10 ათასი ლარით გაზარდა. რაც შეეხება, საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მრელაშვილი შემთხვევის ადგილზე შეამოწმეს სიმთვრალე- სიფხიზლეზე, მათი ობიექტურობის შესახებ ვერაფერს გეტყვით. თუ მათ რამე დაარღვიეს, პასუხიც მათ უნდა აგონ,“ - აცხადებს მრელაშვილის ადვოკატი თამარ მეტრეველი.

გარდაცვლილის ოჯახი კი სასამართლოს არაობიექტურობაში და მიკერძოებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, გიგა ჩარბაძის მამა, ზაზა ჩარბაძე საუბრობს იმაზეც, თუ რატომ დაინდეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ მრელაშვილი: „მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ დღევანდელ გენერალურ პროკურორთან და მის ძმასთან დავით ადეიშვილთან, თორემ როდის იყო თუ დამნაშავეს ვინმე გავლენიანი არ მფარველობს, ადამიანის მკვლელობისათვის გირაოს უფარდებდნენ. მრელაშვილის სიმამრმა ისიც შემოგვითვალა, ყველაფერს გადავიხდი რასაც მოითხოვთ, ოღონდ არ იჩივლოთო. ზეწოლას ახორციელებენ ჩემი შვილის მეგობრებზეც, რომ ობიექტურები არ იყვნენ. ამის შესახებ სამართალდამცავები ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ...რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, რომ დანაშაულის ჩამდენი მკაცრად დაისაჯოს,“ - აცხადებს ზაზა ჩარბაძე.

მომხდართან დაკავშირებით საპროტესტო განცხადება გაავრცელა ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“. „სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს პროკურატურას რეალურად უნდოდა, სასამართლოს მრელაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობა შეეფარდებინა. ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა ფიქტიურად დააყენა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, გამორიცხულია, მოსამართლეს პროკურატურის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა. ბრალდების მხარემ სასამართლოში არასაკმარისი მტკიცებულებები თუ წარადგინა, ეს ალბათ შეგნებულად გააკეთეს, რათა შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი ჰქონოდათ. ჩვენი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გენერალურ პროკურატურასთან იყო შეთანხმებული და შეშფოთებასაც სწორედ ის იწვევს, რომ ახალგაზრდა ბიჭების მკვლელები გარეთ დასეირნობენ, საბავშვო სათამაშოს ქურდობისთვის კი არასრულწლოვნებს აპატიმრებენ,“ - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში. ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს და იქვე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მომხდარით ტელეკომპანიები არ დაინტერესებულან და ამის შესახებ მხოლოდ პრესა წერს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC