კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია “ბოდიშს” ზუგდიდში არაერთგვაროვნად ეხმიანებიან

26 აპრილი, 2007

iuristi.gif,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ მიმართვას აფხაზი ხალხისადმი, კამპანია “ბოდიშს”, ზუგდიდში მცხოვრები დევნილები და არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. მათი მოსაზრება მიმართვის გავრცელებისა და საჯარო ბოდიშის მოხდაზე განსხვავებულია. ზოგისთვის ბოდიში ურთიერთობის მიუღებელი ფორმაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ურთიერთობის ამ ფორმას საჭიროდ, რიგ შემთხვევაში დაგვიანებულადაც კი მიიჩნევენ.  (ფოტოზე: „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ზაზა ქვაცაბაია)

დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ ფაქტზე თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარების” თავმჯდომარე, მერაბ ხუბუტია: „მიმაჩნია, რომ ბოდიში ამ ომისთვის ვიღაცამ აუცილებლად უნდა მოიხადოს, მაგრამ ბოდიში ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს არ გვაქვს სათქმელი, რადგან ასეთი საკიხები ხელისუფლების დონეზე წყდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს არა მარტო აფხაზებს, არამედ იმ დევნილ ქართველებსაც, რომლებიც ომის გამო დაზარალდნენ და ამ ომის მსხვერპლნი არიან. დამნაშავე ხელისუფლებაა. მათ ვერ მონახეს სხვა გზები, რათა პრობლემები მოეგვარებინათ და პირდაპირ მუშტებზე გადავიდნენ. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ საზოგადოებამ უნდა მოიხადოს ბოდიში. თუ საზოგადოება ამ პროცესში ჩაერთვება, მან პირველ რიგში უნდა ხელისუფლებას მიმართოს და მოუწოდოს მას ბოდიშის მოხდისკენ, ოღონდ ამ შემთხვევაში მან ბოდიში უნდა მოუხადოს არა მარტო აფხაზებს, არამედ ქართველ ხალხსაც.”

აფხაზი ხალხისადმი მიმართვას დადებით მოვლენად აღიქვამს იმავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, აფხაზეთიდან დევნილი კახა გოგოხია, თუმცა ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საზოგადოებამ ბოდიში ქართველი მეომრების გამოც უნდა მოიხადოს: „ეს მიმართვა დროულიც არის და შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც. ამ ტექსტის მიხედვით გამოდის, რომ ჩვენ ბოდიშს ყველას ერთად ვუხდით, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ომის პროვოკატორი იყო. ბოდიში მოსახდელია, მაგრამ არა ყველა აფხაზისათვის, იმიტომ რომ ზოგი მათგანი თვითონ იყო ომის ინიციატორი. მე მგონი ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ხალხმა, ვინც ომის დროს ქვეყანას მართავდა და ვისაც ხელეწიფებოდა ომის თავიდან აცილება. მე სასტიკად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ თითქოს იმისთვის, რომ ქართველები ერქვათ იმ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდნენ. აფხაზეთში ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი იბრძოდა, ისინი თავიანთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და ამაში საბოდიშო არაფერია,“ ამბობს კახა გოგოხია.

ჟურნალისტი თამუნა შონია ერთერთი იმათგანია ვისაც აფხაზ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვს და ბევრ მათგანთან დღემდე მეგობრობს. მისი აზრით, დამნაშავეები კონფლიქტის ორივე მხარეს არიან. ის ამბობს, რომ პირადად მას ძალუძს ბოდიში იმ ადამიანების სახელითაც მოიხადოს, ვინც ომში მონაწილეობა მიიღო. „ბოდიში ორივე მხარისათვის მისაღები ფორმა უნდა იყოს, თუ ეს ასე მოხდება, ვფიქრობ, შერიგების თვალსაზრისით ერთი წინ გადაადგმული ნაბიჯი იქნება. ორივე მხარეს ჰყავს დამნაშავეები და ამავდროულად ათასობით უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ბოდიში თბილი და კეთილგანწყობილი ჟესტია და ამით არაფერი დაშავდება. მე მყავს ბევრი აფხაზი მეგობარი. მე შემიძლია ჩვენი მეგობრობისთვის მათ ბოდიში იმ ადამიანების სახელითაც მოვუხადო, ვინც აფხაზეთში ომობდა,” ამბობს თამუნა შონია.

აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის იდეა მისაღებია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტური ლიგის” წარმომადგენლისათვის, დათო ლოგუასთვისაც. მისი აზრით, ქართულ - აფხაზური ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება. „მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდის იდეა საინტერესო და საჭიროცაა. ბოდიშის მოხდა ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამომხატველი ჟესტი იქნება. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ თვითონ ტექსტი დასახვეწია. თუნდაც ის ნაწილი, სადაც წერია, რომ დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მე პირადად ამ აზრს არ ვეთანხმები, რადგანაც მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩემი აზრით, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს,” - ამბობს ლოგუა და დასძენს, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის სახალხო დიპლომატია საუკეთესო გამოსავალია.

ბოდიშის მოსახდელად მზადყოფნას გამოთქვამს დევნილი კახა მიქელბაიაც: „ზოგადად ბოდიშის მოხდის იდეას ვეთანხმები, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავენი.  ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ მტრები არ ვართ, ტექსტში ნათქვამია „ნუ დავყოფთ ერთმანეთს  „ჩვენებად” და „იმათიანებად“, „მტრად“  და „მოყვარედ“... ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს”.  თუმცა, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს.  ჩემი აზრით, ამაში თავიანთი წვლილი მიუძღვით, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებსაც, მაგრამ დროა გონს მოვეგოთ, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდოთ. ამით ჩვენს მტერს ჩვენზე გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ.” 

მაშინ, როდესაც აფხაზეთიდან დევნილები ბოდიშის მოხდას სხვადასხვანაირად აღიქვამენ და მის შედეგებზე მსჯელობენ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ბოდიშის იდეას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ქართველებს საბოდიშო არაფერი აქვთ.

„მე არ ვეთანხმები არც ბოდიშის მოხდის ინიციატივას და არც ამ მიმართვის ტექსტს. ვერ გამიგია თუ რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში. ამჟამად ქართულ-აფხაზური ურთიერთობები იმ ეტაპზეა, როდესაც მათ შორის დიალოგი არ იმართება, ასე რომ ჩვენ ჯერ გამარჯობა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. მე არ ვთვლი საჭიროდ არც საქართველოს მოსახლეობის და არც მთავრობის მხრიდან ბოდიშის მოხდას. საქართველო სახელმწიფოა, აფხაზები სეპარატისტები არიან. საერთაშორისო სამართლი კი სეპარატისტებს არ აღიარებს,” - ამბობს გალის გამგეობის კოორდინატორი თორნიკე კილანავა.

„ადამინის უფლებათა ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, იურისტ ზაზა ქვაცაბაიას თქმით, აფხაზებისთვის სპეციალური მიმართვის გავრცელება აუცილებელია. ამავდროულად ის საუბრობს ტექსტის ცალკეულ ნაწილებზე, რომელიც მისთვის როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის მნიშვნელოვანია: „ჩემი აზრით, აღნიშნული მიმართვა აუცილებელია. გავიდა წლები და აფხაზი და ქართველი ხალხი სულ უფრო შორდება ერთმანეთს. დრო კი ნამდვილად მუშაობს იმ სახელმწიფოებისა თუ ადამიანების სასარგებლოდ, რომელთა მზაკვრული ზრახვების შედეგად მოსისხლე მტრად გადაეკიდა ერთმანეთს ქართველი და აფხაზი ხალხი. რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა ამ პროვოკაციულ ომს. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს და საუკუნეების მანძილზე ქართველი და აფხაზი გვერდიგვერდ იბრძოდა საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მიმართვის შინაარსს, არის ისეთი მომენტები, რომლებიც ჩემთვის სრულიად მისაღებია. ქართველებმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ომი ვერ ავიცილეთ, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს. რომ ყველას ვისაც იარაღი ეჭირა ხელში და ისროდა აფხაზეთში არაქართველებად გამოვაცხადოთ, რამეთუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მამულიშვილები ისროდნენ არა აფხაზი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ჩვენი - აფხაზი და ქართველი ხალხის საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელთა პროვოცირებულიც იყო აფხაზეთში გამართული ომი. ჩვენი მოვალეობაც ისაა, რომ ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ არ გაქრეს ეს პატარა ერი და მათი კულტურა,“ -  განმარტავს ზაზა ქვაცაბაია.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია „ბოდიშმა“ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ ოფიციალურ პირებს შორის არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა, ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა აღიარებს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ახალ ფაზაში უნდა გადავიდეს, მათივე თქმით, ურთიერთობის ფორმები დელიკატურია და შესაბამისად ნებისმიერი მიმართვის ფორმა დიდ ყურადღებას და დახვეწილ ტექსტს მოითხოვს.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

 

 

ახალი ამბები