კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუცმენი ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ

30 აპრილი, 2007

ltolvilebi.gifსახალხო დამცველი სოზარ სუბარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უპირისპირდება. ის კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს და დევნილთა დასაცავად წერილს პრეზიდენტს უგზავნის.  მინისტრი ხევიაშვილისთვის  კი სუბარის მოსაზრებები არაფერს ნიშნავს და ურჩევს, თანამდებობა დატოვოს. 

იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალში, რომლებიც ყველაზე მეტად არღვევენ ადამიანის უფლებებს, წელს პირველად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც მოხვდა. აღნიშნულს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი და ოპოზიციაც ეთანხმება. ამის ძირითადი მიზეზი დევნილთა მიმართ ის დამოკიდებულება აღმოჩნდა, რაც სამინისტროს მხრიდან არსებობს. კერძოდ, იმ ფართიდან გასახლება, რომელიც მათ დროებით უკავიათ და ამ ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სახალხო დამცველის დაპირისპირება დევნილთა გამოსახლების ბოლო შემთხვევამ გაამწვავა. კერძოდ, იმან, რომ რამდენიმე დღის წინ, შანდორ პეტეფის ქუჩის #15-დან დევნილები ქუჩაში გაყარეს. 8 ოჯახი დღემდე ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. დიდი ხმაურის შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო  ერთი თვით ბინის დასაქირაველად თითო ოჯახს 250 ლარს დაპირდა. ამის შემდეგ კი მათთვის საცხოვრებელ ფართს გამონახავდნენ. მიუხედევად ამ დაპირებისა, უკვე მეხუთე დღეა, დევნილები ქუჩაში ცხოვრობენ. ამ ეტაპისთვის სამინისტროს არცერთი ოჯახისთვის დაპირებული თანხა არ გადაუხდია. 

„ისე გამოგვყარეს, სამინისტროდან ჩვენთან არავინ მოსულა და არ უკითხავთ, სად მივდიოდით და გვქონდა თუ არა ალტერნატიული თავშესაფარი. აი, ხედავთ ჩვენი ავეჯი და ნივთები  ქუჩაში როგორ ყრია? ფორმიანები მოვარდნენ და ყველაფერი გარეთ გამოყარეს. სად რა დაიკარგა, ჯერ არ ვიცით.  ასეთი სადიზმი გაგონილა? ჩვენი სამინისტრო კი არ გვპატრონობს, პირიქით გვიპირისპირდება და ჩვენს უფლებებს მაქსიმალურად არღვევს. თუ ეს შენობა სჭირდებოდათ, ჯერ ალტერნატიული ფართი მოეძებნათ და მერე გავეყარეთ გარეთ. ერთი თვით 250 ლარს დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი მიგვიღია. გარდა ამისა, ეს თანხა რომც მოგვცენ, ერთი თვით ბინის გაქირავება არავის სურს,“ - ასეთია გამოსახლებულ დევნილთა პოზიცია.

დევნილებმა შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი მათ დაპირდა, რომ 250 ლარის გადმორიცხვის საკითხს პირადად გააკონტროლებდა, აქცია შეწყვიტეს.

2007 წელს, 3 თვის განმავლობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ სახალხო დამცველის აპარატში 400-მდე მოქალაქის განცხადება შევიდა. დევნილებს მათი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოშიც არაერთი სარჩელი აქვთ შეტანილი. ერთ-ერთი საპასუხო წერილის შინაარსი, რომელიც ომბუცმენმა სამინისტროდან მიიღო, ასეთია - ჩვენ არ ვართ  ვალდებულნი დავიცვათ დევნილთა უფლებები და სასამართლოს მიმართეთო.

სუბარი რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მათი უფლებები სწორედ სამინისტროს მხრიდან ირღვევა: „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიდგომა გალის რაიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებთან. ის, თუ როგორ ეკიდება სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრთა პრობლემებს, ნათლად ჩანს გალის რაიონში მაცხოვრებელი დევნილების რეგისტრაციის საქმეში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ მოითხოვა სოფ. პირველ გალში მცხოვრები 104 წლის მოქალაქე პირადად გამოცხადებულიყო სამინისტროში. თუმცა, შესაძლებელი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გამოყენება - ხანდაზმული მოქალაქის ქ.ზუგდიდში ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, ან მათი დახმარებით, მოქალაქისათვის საჭირო დოკუმენტაციის სახლში შევსების უზრუნველყოფა. გალის რაიონში მცხოვრები დევნილებისადმი უყურადღებობას ის შემთხვევაც მოწმობს, როდესაც სოფ. ლეკუხონას მკვიდრი ოთხი შვილის დედა, პედაგოგი, ქ.თბილისში ოთხჯერ ჩამოიყვანეს და მაინც ვერ უზრუნველყვეს მისთვის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა მისი მეუღლეც, რომელიც ქართული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა და სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად, ქართულ ენაზე სწავლებას უზრუნველყოფს.“

ამ და სხვა დარღვევების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლით, სოზარ სუბარი წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევათა გამო.

რაც შეეხება სუბარის პრეტენზიებზე მინისტრ გია ხევიაშვილის დამოკიდებულებას, მისი პოზიციით, დროა, სუბარმა თავისი არაპროფესიონალიზმისა და არაკომპეტენტურობიდან  გამომდინარე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწეროს და წავიდეს.  

რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც დღემდე ღია ცის ქვეს რჩებიან, თუ მათი დაბინავების საკითხი მაქსიმუმ ორ დღეში არ მოგვარდა, შიმშილობის აქციის დაწყებას სამინისტროს შენობაში აპირებენ. 

ეკა გულუა

ახალი ამბები