04:13, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კახეთში პრესას შეუტიეს

02.05.2007
presab.gif„დღემდე ვერ გამიგია, რატომ ვითარდება მედია ყველაზე კარგად კახეთში,“ - საქართველოს პრეზიდენტის ამ კითხვას, რომელიც მან მცირე ხნის წინ დასვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტთა თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკვირს, როგორ ახერხებენ სერიოზული ზეწოლისა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები, აქტიურ ფუნქციონირებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვარაუდით კი, პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, კახეთში მედიას კიდევ ერთხელ შეუტევდნენ. ადგილობრივი ბიზნესკომპანიებისთვის დამოუკიდებელ გაზეთებში სარეკლამო ფართის გამოყენების აკრძალვის შემდეგ, ხელისუფლება პრესის გამავრცელებლებს დაერია. პრეზიდენტის რწმუნებულის დავალებით, კახეთში საგაზეთო ჯიხურების მასობრივი დემონტაჟი დაიწყეს.

საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურჯაანში, ზედიზედ არაერთი საგაზეთო ჯიხური გაძარცვეს და დააზიანეს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ყველა ხედავდა, მათ შორის სამართალდამცავებიც, სიტუაციაში გარკვევისა და რეაგირების მოხდენის სურვილი, გაზეთების გამყიდველების გარდა, არავის გასჩენია. „საგაზეთო ჯიხური, სადაც მე ვმუშაობ ბოლო დღეებში უკვე ორჯერ გატეხეს. დილით, როცა მოვდიოდი, მინები ჩამსხვრეული მხვდებოდა და გაზეთები გადაყრილი. ვინ გატეხა და რისთვის, ვერ გეტყვით. პოლიციაში განცხადების შეტანას რა აზრი აქვს, როცა თავადაც კარგად ხედავდნენ მომხდარს და თუ აინტერესებდათ სიმართლის გარკვევა, ისედაც შეძლებდნენ,“ - აცხადებს ლენა გოჩიტაშვილი.

კახეთში გამომავალი გაზეთების რედაქციებში, პრესის გავრცელების შეზღუდვის ფაქტები კარგად ახსოვთ. „2005 წლის აგვისტოდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს ვახორციელებდით, რომელიც მიზნად ისახავდა გაზეთის გავრცელებას მთელი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებშიც. ზუსტად მახსოვს, იანვარი იყო, როცა დისტრიბუტორებმა, რომელთაც გაზეთი გასაყიდად მაღაზიებში, სატელეფონო ჯიხურებსა და სხვა დაწესებულებებში შეჰქონდათ, ტირაჟის დიდი ნაწილი უკან დააბრუნეს. მათ აგვიხსნენს, რომ გამავრცელებლები უარს აცხადებდნენ გაზეთის გაყიდვაზე და მიანიშნებდნენ, რომ სხვა შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ. ჩვენ ეს ფაქტი მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ გამავრცელებლებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. კახეთის გუბერნატორის მაშინდელ მოადგილეს ვალერი ვარდოსანიძეს, რომელიც იმ დროს უშიშროების სფეროს კურირებდა, მაღაზიების მეპატრონეები დაიბარა და გაზეთის გაყიდვა აუკრძალა. დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ფინანსურ პოლიციასთან გართულებები ექნებოდათ. ამ ყველაფერმა გაზეთის გამოცემის პერიოდულობაზე იმოქმედა, რადგან კახეთში გამომავალი მედია მთლიანად ან დონორი ორგანიზაციების დახმარებაზეა დამოკიდებული, ან გაზეთის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით სულდგმულობს. მოიშალა გაზეთის დისტრიბუციის ადგილობრივი ქსელიც, რომელიც ერთადერთი იყო რეგიონში,“ - აცხადებს გაზეთ „იმედის? მენეჯერი ნატო სარქისაშვილი.

პრესის გამავრეცელებელი ჯიხურების აღებაც სწორედ გურჯაანიდან დაიწყო და ამ პროცესს, უშუალოდ, ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ვალერი ვარდოსანიძე ხელმძღვანელობდა.

- ბატონო ვალერი, რის საფუძველზე ახდენთ საგაზეთო ჯიხურების დემონტაჟს?- უსახურია და მორჩა. მეტი საქმე არ გაქვთ? მითვალთვალებთ, თუ...
- ვინ გიბრძანათ ამის შესახებ?- გამანებეთ თავი. ვერ ხედავ რომ უსახურია?.. გაზეთები თუ არ იყიდება, ან არ გაიყიდება, რა ჩემი საქმეა,“ - აღნიშნა გამგებლის მოადგილემ და იქაურობას გაშორდა.

მოგვიანებით, გურჯაანის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვანო ნატროშვილმა განაცხადა, რომ საგაზეთო ჯიხურების აღება, პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გია ნაცვლიშვილის დავალებით ხდება. „გუბერნატორმა დაგვავალა, ქალაქი უსახური საგნებისგან გაასუფთავეთო და ჩვენც ვწმენდთ,“ - განაცხადა ნატროშვილმა.

პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღების პროცესს ს/ს „საქპრესის“ ადგილობრივი ოფისის კოორდინატორი ნინო შავკაციშვილიც ესწრებოდა. „არავის გავუფრთხილებივართ, თქვენი ჯიხურები არ მოგვწონს და ან შეალამაზეთ, ან აიღეთო. დღეს მოულოდნელად რაიონული გამგეობის წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით აღჭურვილები მოვიდნენ და მითხრეს, ჯიხურები არ მოგვწონს და უნდა ავიღოთო. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს ჯიხურები აიღეს. თუმცა, როგორც ვიცი, სხვებსაც აიღებენ. ამის თაობაზე „საქპრესის“ დირექციაშიც იციან. მოხდება თუ არა ახალი ჯიხურების ჩადგმა და როგორ გავაგრძელებთ გაზეთების გავრცელებას, ვერაფერს გეტყვით,“ - გვითხრა ნინო შავკაციშვილმა.

მომხდარით განსაკუთრებით აღშფოთებულები მკითხველები დარჩნენ. „პრესა ჯერ-ჯერობით თავისუფლებას ინარჩუნებს და ამიტომაც, რადგან სხვანაირად ვერაფერი მოახერხეს, ასე ცდილობენ გაზეთების შეზღუდვას,“ - აღნიშნა ზურა კანდელაკმა.

მომხდართან დაკავშირებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC