კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოების რეაქცია კამპანიაზე „ბოდიში“

4 მაისი, 2007

 

sorry.gifარასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დაწყებული კამპანიის სახელი საკმაოდ მარტივად და მშვიდობიანად ჟღერს - „ბოდიში“. ახლა არ ღირს იმაზე საუბარი, რომ ბოდიშის მოხდა ღირსეულებს შეუძლიათო, რომ ბოდიში კეთილშობილური საქციელიაო და ა.შ.

კამპანიის უპირველესი მიზანი ქართულ-აფხაზური საზოგადოების შერიგების კიდევ ერთი მცდელობაა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ „ბოდიშს“ საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, როგორც ქართული, ასევე აფხაზური საზოგადოების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მიმართვის გავრცელების დღეს, 14 მარტს, პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მედიის საკმაოდ მცირე ნაწილმა და ისიც მხოლოდ პრესის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, გამონაკლისს მხოლოდ საზოგადოებრივი არხის აფხაზური ახალი ამბების გამოშვების ჟურნალისტი წარმოადგენდა. იმ დღესვე ცხადი გახდა, რომ კამპანია „ბოდიშს“ საზოგადოება არაერთგვაროვნად აღიქვამდა. ერთ-ერთი მოულოდნელობა კი მედიის (ნებით თუ იძულებით) ინდიფერენტულობა იყო.

მიმართვა ინტერნეტის საშუალებით იმავე დღეს გავრცელდა. კამპანია „ბოდიში“ არაერთი ფორუმის მთავარ განსახილველ თემად იქცა. ქართველებს და აფხაზებს საშუალება მიეცათ ღიად ესაუბრათ იმ „ავადმყოფობაზე“, რომელიც ამ ორ საზოგადოებას 15 წლის წინ ასტკივდა.

კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად ბევრია, რომ ტექსტში მათ სრულად მოყვანას აზრი არ აქვს. მკითხველისათვის ალბათ უკეთესი იქნება, თუკი მხოლოდ ისეთ კომენტარებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც კამპანია „ბოდიშთან“ დაკავშირებით ძირითად აზრს გამოხატავს.

ქართული საზოგადოების ნაწილის აზრით, ბოდიში მოსახდელია, ნაწილს კი ბოდიშის მოხდა შეურაცხყოფად მიაჩნია:

„იმ ბიჭების დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს, ჭებში ცოცხლად რომ ჩამარხეს?
ან ცოცხლად დამწვრების, გაუპატიურებულების, ტანჯულების ახლობლებს???
გამომივიდნენ ჰუმანისტები!!!“  - დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდა ქართულ ფორუმებზე დარეგისტრირებული მომხმარებლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს.

„ბოდიში იმ ხალხმა მოიხადოს, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, ვინც ჩვენს ბიჭებს არწმუნებდა, რომ ეს ომი იყო - ომი სამშობლოს დასაცავად, ვინც დანაშაულებრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აწერდა ხელს და დღესაც კი მენტორული ტონით გვესაუბრება და ჭკუას გვარიგებს. ვინც ამ ომის დროს ხელს ითბობდა და ჯიბეს ისქელებდა. მერე ვინც დადგა და იმ დაღუპულ ბიჭებს „მარადიორებსა“ და ბანდიტებს ეძახდა. ТОЖЕ МНЕ ГУМАНИСТЫ С ПАЦИФИСТАМИ НАШЛИСЬ,“ - წერს ერთ-ერთი ქართული ფორუმის მომხმარებელი.

თუმცა, კამპანია „ბოდიშს“ არც თუ ისე მცირერიცხოვანი მომხრე გამოუჩნდა:

„ბრალის ოფიციალურ აღიარებებს“ თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი და მაგდაგვარი სისულელეების ნაცვლად, რომელსაც ცხადია, არასდროს არავინ არ აღიარებს, მგონი, სახალხო აქციით სჯობს აფხაზებთან დალაპარაკების მცდელობა. იქაც შეიძლება თუნდაც მცირე ჯგუფმა დაიწყოს მსგავსი კამპანია (რა ვიცი აბა, ცდად მაინც ღირს). ჩემი პირველი რეაქცია ტიპიური და პროგნოზირებადი იყო: „რა ბოდიში, რის ბოდიში!“ .. რამდენიმე წუთში კი სიტუაციას სხვაგვარად შევხედე, როგორც ემოციური, ისე პრაგმატული მხრით და ურიგოდ არ მომეჩვენა,“  - აფიქსირებს საკუთარ აზრს ფორუმ.გე-ს მომხმარებელი.

„ყველას მაგივრად ვერ ვიმსჯელებ და ჩემთვის სწორედ ეს გულზე გამავალი გზა არის მისაღები, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კუჭზე გამავალი გზისაგან განსხვავებით. საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება და ბოდიშის მოხდა ძლიერთა პრივილეგიაა და ღირსებას თუ არ გვმატებს, ჩრდილს ნამდვილად არ გვაყენებს. მე დავსვამ ჩემს ხელმოწერას ამ მიმართვაზე,“ - წერს ერთერთი ფორუმელი.

„გუშინ ეს მიმართვა რამდენიმე აფხაზს მივაწოდე. ერთმა თქვა, თვალები მომჭრა აფხაზურად რომ წავიკითხე, არ ველოდი მშობლიურ ენაზე ასეთი რამის წაკითხვასო. ორმა ემოციების გარეშე პოზიტივად შეაფასა ეს კამპანია. მე არ ვამბობ, რომ ეს წერილი რევოლუციას მოახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ გუშინდელმა საღამომ კიდევ უფრო გამიმტკიცა რწმენა, რომ თუ რამემ შეიძლება გამოიღოს შედეგი ამ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებაში, ეს გულწრფელობაა და ჩემთვის ეს წერილი ამის პატარა, მაგრამ მაინც მაგალითია.მე ვიგრძენი რა გულით წერდა ავტორი ამ წერილს და რატომღაც მგონია, რომ ისინიც იგრძნობენ. ჩემთვის უთქვამთ ასეთი სიტყვები და ვიცი მათი მნიშვნელობა,“ - წერენ ფორუმზე.

http://www.mygagra.ru/ - ს ფორუმზე გამოქვეყნებულ მიმართვას, ვრცელი კომენტარები მოჰყვა. ზოგმა ეს პროვოკაციად შეაფასა, ზოგმა დაგვიანებულ ნაბიჯად, ზოგმა კი ხმამაღლა დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ აფხაზებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს არჩევანი და მათ მიუხედავად ეკონომიური პრობლემებისა, თავისუფლება აირჩიეს.

„უცნაურია, მაგრამ თქვენ, ქართველები, ხშირად ამბობთ, რომ ჩვენთან მშვიდობიანად ცხოვრება გსურთ, მაგრამ მოსკოვი არ გაძლევთ ამის საშუალებას. იქვე კი, როგორც წესი, იმ განცხადებებსაც აკეთებთ, რომ ჩვენ ის სეპარატისტები ვართ, რომლებმაც ქართველებს გენოციდი მოვუწყვეთ. ამ ტკბილ სიმღერებს მეგობრობასა და სიყვარულზე ჩვენ ადრეც ვისმენდით, ვისმენთ და კიდევ დიდხანს მოვისმენთ. ომში ორივე მხარე დამნაშავეა. პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საკუთარი სახლი იმ მომხვდურებისაგან დავიცვა, რომლებიც ტანკებითა და ვერტმფრენებით გვიტევდნენ. ამ შუღლის ფესვები საკმაოდ ღრმად არის გადგმული, ასე რომ ახლა ერთი ხელის მოსმით, ერთი ბოდიშით, ჩვენ ცხოვრებას ხელახლა ვერ დავიწყებთ. შეიძლება ჩვენმა შვილიშვილებმა იცხოვრონ ერთად და მეგობრულად, არ ვიცი. ახლა კი ჩემმა 12 წლის ძმამ მხოლოდ ის იცის, რომ ქართველები ცუდები არიან და რომ მათგად კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ მას სხვა ერებისა და კულტურების პატივისცემას ვასწავლით. ჯერ თქვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებაში გაერკვიეთ. სწორედ თქვენ ირჩევთ „ასეთ“ ხელისუფლებას და მერე ამბობთ, რომ ისინი ჩვენს აზრს არ გამოხატავენო,“ -  წერს ფორუმის mygagra.ru - ს ერთერთი წევრი, „აფხაზეთის მცხოვრები“.

ფორუმზე ასეთი ფრაზაც ჩნდება: „ჩვენი (აფხაზური) პოზიცია, დიდი ხანია ყველასათვის ცნობილია. ჯერ თავისუფლება და მერე სოხუმი, ზღვა და თქვენი მიტოვებული სახლები. ვინც ამ ომში არ იბრძოდა, მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და მშვიდობიანად იცხოვრონ, ხოლო, მათთვის, ვისაც კი ხელში იარაღი ეჭირა, მაპატიეთ, მაგრამ აფხაზეთში ყველა გზა მოჭრილია.“ 
„სამწუხაროდ, ბოდიშს იხდიან არა ისინი, ვინც ნამდვილი დამნაშავეები არიან, არამედ ისინი, ვისაც ომში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ბოდიშის მიუღებლობა უსამართლობა და სისასტიკე იქნება. ძალიან მინდა მოვუსმინო შევარდნაძეს, კიტოვანს, ყარყარაშვილს, სააკაშვილს, ბურჯანაძეს, ისინი რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით? მაგრამ ვიცი, არც მე, არც ჩემი შვილი და არც იმის შვილი, მათგან პასუხს ვერ ვეღირსებით. ასე რომ, მე ვღებულობ თქვენს ბოდიშს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თქვენ არ გჭირდებათ ბოდიშის მოხდა. დიდი უსამართლობაა, როდესაც სხვისი ნაგვის ქექვა პატიოსან ადამიანებს უწევთ. და კიდევ, თქვენ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღედ მოიხსენიებთ, მე კი ამ დღეს სოხუმის აღების დღეს ვუწოდებ. ჩვენი მენტალიტეტი რადიკალურად სხვადსხვა მხარეს იხრება. და ვფიქრობ, რომ ეს რამდენიმე ათეული წელი კიდევ ასე იქნება,“ - წერს აფხაზი დაური.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დაუკავშირდა. მათი რეაქცია ამ მიმართვაზე უარყოფითი იყო.

თუმცა, კანცელარიის წინ სტუდენტებთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „რა ბოდიში, ბოდიში აქეთ მოგვიხადონ!“

რაც შეეხება პრესას, „საქართველოს რესპუბლიკამ“ კამპანია „ბოდიშს“ სტატია მიუძღვნა, სათაურით „ნამეტანი დიდი „ჰათამზაითი“, უჩას ვენაცვალე, მაგრამ შენ თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყამს?“ ალბათ სათაურიდანაც ჩანს რა შინაარს უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატია: „თუ იცი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაც კი, რომელიც დიდად არ უწევს ამ საზოგადოებას ანგარიშს, მხარს არ დაგიჭერს და კაპიტულანტურ პოზიციად შეგიფასებს, შენ რის და ვის იმედად იხევ ტანზე პერანგს, რა „ჰათამზაითი“ აგიტყდა, რაც მთავარია, რომელი მოსე შენ ხარ, შეუცნობელისა და შორეულისაკენ ერის წაძღოლა რომ აგიჩემებია,“ - წერს პუბლიკაციის ავტორი სანდრო ალექსიძე.

გაზეთ 24 საათში „სპეციალური სვეტი დაეთმო კამპანია „ბოდიშს“:

„ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ არის პანაცეა. ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენი ბოდიშით აფხაზების ნდობა და ქართველების უნდობლობა და მეტწილად კიდევ გაღიზიანება დავიმსახუროთ. ისე არ უნდა ვქნათ, რომ ენა გონებას წინ უსწრებდეს. ქრისტიანული ჰუმანიზმი  - გიყვარდეს მტერი შენი -  უფრო ლოიალობას გულისხმობს და არა საზოგადოებაში ცალმხრივი დანაშაულის კომპლექსის გაღვივებას. ზემოთქმულის კონტექსტში კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიმართვა უფრო თვითგვემას ჰგავს („ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ”). კი ბატონო, მოვიხადოთ ბოდიში, მაგრამ რისთვის? ომისთვის? რომელი ომისთვის? რომლის ინსპირირებაც რუსეთმა მოახდინა და ქართველები ბოულინგის ბურთივით შეგვატაკა აფხაზურ კეგლებთან? კი, ბატონო, მოვიხადოთ ბოდიში, მაგრამ ორივე მხარემ. მიმართვაში ხომ ისედაც წერია ... „ომში მაინც ყველა დამნაშავეა. ომი უკვე დამარცხებაა”. მიმართვიდან კი ამოვიღოთ ყველა ის არაკორექტული დეფინიცია, რომელიც არა მარტო ქართველებს გაანაწყენებს, არამედ მოახდენს მამებისა და შვილების თაობების ხელოვნურ დაპირისპირებას,“ - წერს ჟურნალისტი გიორგი კალატოზიშვილი.

საინტერესო შეფასება მოჰყვა კამპანია „ბოდიშს“ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან:

„მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა განხორციელდება,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კონფლიქტების ექსპერტმა დენის მატვეევმა.

„რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ საქმეში,“ - ამბობს ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD).

ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი მიმართვის კითხვის დროს ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, „რომ მიტევება შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ გულწრფელები.“

2 მაისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში კამპანია „ბოდიშს“ ტრადიციული ოთხშაბათის დისკუსია მიეძღვნა. ფონდის დირექტორის განცხადებით, ასეთი მრავალრიცხოვანი აუდიტორია თითქმის არცერთ შეხვედრას არ ჰყოლია. აღნიშნულმა დისკუსიამ საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ როგორც კამპანიის მომხრეებს, ასევე მოწინაადმეგეებსაც.

ვნებათაღელვა კამპანიის გარშემო დღემდე გრძელდება და თუკი ძალიან ოპტიმისტები ვიქნებით, ალბათ ეს დისკუსია მაშინ დასრულდება, როდესაც აფხაზი და ქართული საზოგადოება თავს მოერევა და ერთმანეთის მტრის ხატების ნგრევას დაიწყებს. „ბოდიშის“ მიზანიც სწორედ ეს არის.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები