კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის ნაკვეთზე დგას ქართული ჯარი

8 მაისი, 2007

saqmeebi_049b.gif

ხელისუფლების ინიციატივით, გორი ნელ-ნელა სამხედრო ქალაქი ხდება. ჯერ იყო და ქალაქის ცენტრში სამხედრო ჰოსპიტალი გადმოიტანეს, ახლა სამხედროებისთვის ყაზარმები შენდება და როგორც პრეზიდენტი ამბობს, ისეთი ყაზარმები, რომლებიც ევროპაში საუკეთესო იქნება.

სამხედრო ყაზარმებში შესვლა და ფოტოების გადაღება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ბაზებს თავდაცვის სამინისტრო აშენებს და მათი ნებართვის გარეშე მშენებლობის დათვალიერების ნებაც არავის აქვს.

ამ ამბავში კი ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვისი საკუთრება ეწირება  სამხედრო ქალაქის მშენებლობას:

„ქართული ჯარი ძლიერდება და ჩვენ ვერავინ მოგვერევა,“ - ეს პრეზიდენტის საყვარელი სიტყვებია. თავდაცვის სამინისტრომ სენაკში ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისი ყაზარმები ააშენა. ახლა კი გორში მიმდინარეობს ასეთივე ყაზარმების მშენებლობა, მაგრამ საინტერესოა, ნატოს სტანდარტებში ის ფაქტიც თუ შედის, რომ ყაზარმების მშენებლობისთვის სასახლკარე ნაკვეთები მოსახლეობას უნდა ჩამოართვან?!

ის ადგილი, სადაც დღეს ხელისუფლება სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს შევარდნაძის ხელისუფლებამ მოსახლეობას სასახლკარე მიწის ფართობად კერძო საკუთრებაში გადასცა.  ახლა კი მათი კერძო საკუთრება დღევანდელმა ხელისუფლებამ მიითვისა და ყაზარმებს  აშენებს. მშენებლობამდე მიწების მესაკუთრეებს კონპენსაციას შეჰპირდნენ, მაისში ყაზარმებში სამხედროებს შეასახლებენ, თუმცა  იმ ადამიანებს, რომლებსაც კონპენსაციას შეჰპირდნენ, ჯერ არაფერი მიუღიათ. 150 ოჯახს 23 ჰექტარი მიწის ფართობი ისე ჩამოართვეს არც ერთი მათგანისთვის არაფერი უკითხავთ.

მაია შაყულაშვილმა  სასახლკარე მიწის ნაკვეთი 1991 წელს მიიღო, მართალია საკუთრებაში გადაცემულ ნაკვეთში სახლი არ აუშენებია, მაგრამ იმ ფართობს ამუშავებდა და ოჯახს მოწეული მოსავლით ინახავდა. ახლა მას იმის საშუალება აღარ დარჩა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები თვითონ მოიყვანოს და მათი შეძენა ბაზარში უხდება. ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებულია და ასეთი ხარჯები კიდევ უფრო უმძიმებს სოციალურ პირობებს:

„ბაზების მშენებლობა ისე დაიწყეს ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ნაკვეთი რეესტრშიც მაქვს გატარებული. მიწის გადასახადსად გამუდმებით ვიხდიდი. ვისაც მიწები დარეგისტრირებული არ ჰქონდა, უთხრეს, დაირეგისტრირეთ თქვენი მიწის ფართობები და კონპენსაციას მოგცემთო. ჯერ გვითხრეს 2 ლარს მოგცემთ კვადრატულ მეტრზეო, მერე სამ ლარს გვეუბნებოდნენ, მაგრამ ჯერ არავის არაფერი მოუცია. ადგილობრივ ხელისუფლებასთან რომ მივდივართ გვეუბნებიან, საქმის კურსში არ ვართო. ჩვენი კერძო საკუთრება ისე მიითვისეს, არაფერი უკითხავთ, ახლა კონპენსაციაზეც უარს გვეუბნებიან,“ - ამბობს მაია შაყულაშვილი.

ადგილი, სადაც სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს სოფელ კარალეთის საკრებულოს ეკუთვნის. სასახლკარედ ხალხისთვის მიცემული ნაკვეთები, თავდაცვის სამინისტროს „განკარგულებაში“ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გადავიდა. ამასთანავე მფლობელებს აიძულებენ, ხელისუფლებას საკუთრი მიწის ნაკვეთების კვადრატული მეტრი  2 ლარად მიყიდონ.

დალი ძახაშვილი კარალეთის სკოლაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან საკრებულოსგან 23 მეასედი მიწის ფართობი სასახლკარედ მიიღო. ახლა რეესტრში დაარეგისტრირა, მაგრამ დანიშნულებად სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი ჩაუწერეს. დალი ძახაშვილი ამას არ ჩივის, მაგრამ ის კი აწუხებს, რომ საკუთრებას ხელისუფლება სტაცებს.

„ჩემს ნაკვეთში სიმინდი და ლობიო მომყავდა, არავითარი შემოსავალი მე არ მაქვს, ახლა ამის საშუალებაც მომისპეს. ეს ხელისუფლება მალე საკუთარი სახლებიდანაც გამოგვყრის. მილიონად ღირებული რესტორნები დაანგრიეს და მერე იმ ხალხს დააწერინეს, ჩვენს ქონებას ხელისუფლებას ვჩუქნითო. ალბათ მალე ჩვენც ასე მოგვექცევიან. ჩვენ საკუთრებას რას ერჩიან? კონპენსაცია მაინც მოგვცენ. თუმცა რასაც გვთავაზობენ ასეთი კონპენსაცია სასაცილოა,“ - მიიჩნევს დალი ძახაშვილი.

ციცო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ცდილობს საკუთარი ნაკვეთის სანაცვლოდ კონპენსაცია მაინც მიიღოს.  ის არც თბილისში სიარულს ერიდება სიმართლის საპოვნელად, თავდაცვის სამინისტროსაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის:

„ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ვერაფერში დაგვეხმარა, თბილისშიც წავედი და ყველა იმ ადამიანთან შევედი, ვისაც დახმარება შეეძლო. თავდაცვის სამინისტროში ლოგისტიკის განყოფილებაში ნუკრი ძებნიაურმა მითხრა, კვადრატულ მეტრში ორ ლარზე მეტს ვერ მოგცემთო. იმ დღიდან ველოდებით როდის გადაწყდება თუნდაც იმ ორი ლარის საკითხი. ორი ლარი ძალიან ცოტაა, ჩვენ ეკონომიკისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამსახურიდან წავიღეთ ცნობა, რომ მესამე კატეგორიის ნაკვეთების ღირებულება 4, 86 ლარს შეადგენს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქმის კურსში ნინო ბურჯანაძეც არის და უთქვამს მიეცით ამ ხალხს ფულიო, მაგრამ ძებნიაური მაინც იმას  გვეუბნება, თუ გინდათ ორ ლარს მოგცემთ, თუ არადა ისე დარჩებითო. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული თვითმმართველობის არჩევნებამდე გვპირდებოდა, ახლა დამშვიდდით და ნოემბერში თქვენ ფულს მიიღებთო. ამდენი ხანი გავიდა, სადაცაა ყაზარმებს გახსნიან და ჩვენ არაფერი მიგვიღია,“ - ამბობს ციცო ნაცვლიშვილი.

გორის რაიონის გამგებლის მაშინდელი მოადგილე თამარ ედიშერაშვილი, რომელიც ხალხს პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა, ახლა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ფინანსურ განყოფილებას განაგებს. მისი განცახდებით, ვიდრე გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე იყო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის რაიონის გამგეობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა, მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს:

„საკითხის გადასაწყვეტად ორი მიმართულებით მიდიოდა მოლაპარაკება: ამ ხალხისთვის ან კონპენსაცია უნდა მიეცათ, ან მონაცვლე მიწები, რადგან იმ ფართობებში ზოგიერთ მათგანს მრავალწლიანი ნარგავები ჰქონდა, საბოლოოდ ფასზე შეთანხმება ვერ მოხდა და გადავწყვიტეთ, მონაცვლე მიწები დაგვერიგებინა, როგორც ვიცი ახლა ამ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო უნდა მუშაობდეს და მას დაუკავშირდით,“ - გვითხრა თამარ ედიშერაშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მარლენ ნადირაძეს დაუკავშირდა:

„საკრებულოში ეს საკითხი არ განიხილება, მე საქმის კურსში არ ვარ, როგორც ვიცი, ამ თემაზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს, ვინ გითხრათ, რომ მე უნდა დამკავშირებოდით?“ - გაუკვირდა ნადირაძეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ნუკრი ძებნიაურს ესაუბრა:

„რამდენიმე ხნის წინ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გორში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. შედგა მოლაპარაკება, თუ რა სახსრები გააჩნია თავდაცვის სამინისტროს. ჩვენ მოსახლეობას კვადრატულ მეტრზე 2-2,50 ლარი შევთავაზეთ, მაგრამ მათ ეს თანხა არ აკმაყოფილებთ. ისინი 5 ლარს ითხოვენ. მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საქართველოში არ იმყოფება. როდესაც დაბრუნდებიან შევეცდებით აღნიშნული საკითხი მოვაგვაროთ. ის, რომ ნაკვეთის მეპატრონეებს არაფერს ვუხდით, სისულელეა. ჩვენ უბრალოდ ფასზე უნდა შევთანხმდეთ, მათ კომპენსაციის გარეშე არ დავტოვებთ.“

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები