კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიცია კახეთში პრესის გამავრცელებლებს აწიოკებს

8 მაისი, 2007

presab_1.gifადგილობრივი ხელისუფლების მიერ, უსახურობის საბაბით საგაზეთო ჯიხურების დემონტაჟის შემდეგ, კახეთში პრესის გამავრცელებლებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწიოკებენ. სამართალდამცავებმა უკვე გააფრთხილეს პრესის რეალიზატორები, ქუჩაში მდგარ სტენდებზე გაზეთები აღარ გაყიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჯარიმებით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თვითნებობის მუხლით, დაპატიმრებით დაემუქრნენ.

ბოლო ერთი კვირაა, რეგიონში პრესის გავრცელებას ხელს სხვადასხვა გზით უშლიან. მას შემდეგ, რაც როგორც გურჯაანში, ასევე სხვა რაიონებში, ერთმანეთის მიყოლებით საგაზეთო ჯიხურები აიღეს, ჯერი სტენდებზე მიდგა, რასაც წინ კახეთში გასავრცელებლად შესული გაზეთების ტირაჟის ამოღება და განადგურება უძღოდა. ასეთი ფაქტი 5 მაისს, შაბათს დაფიქსირდა. როგორც ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 5 მაისს, გურჯაანში გასავრცელებლად შესული გაზეთ „რეზონანსის“ ყველა ეგზემპლიარი, სადაც, კახეთში, პრესის გავრცელების შეზღუდვაზე პუბლიკაცია იყო გამოქვეყნებული, პრესის გამყიდველების განცხადებით, შეისყიდეს და გაანადგურეს.

ამავე დღეს, პრესის გამავრცელებლებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმაც მიაკითხეს. „დღის 11 საათი იქნებოდა, როცა საპატრულო პოლიციის მანქანა გაჩერდა. პოლიციის თანამშრომელმა ვინაობა გამომკითხა და მოინიშნა. მერე, მიბრძანა, სტენდიდან გაზეთები ამეღო, რაზედაც უარი ვუთხარი. პატრულის თანამშრომელი გაბრაზდა. თავის კოლეგას, რომელიც მანამდე მანქანაში იჯდა, საქაღალდის მიწოდება სთხოვა. ეს რაღაც ურჩი ჩანს და ოქმი უნდა შევუდგინოო. ვკითხე, რა ოქმი უნდა შემიდგინო, რა დავაშავე-მეთქი, მაგრამ არ მიპასუხა. რაღაც დაწერა. ხელი არ მოვაწერე. მითხრა, ან ამ სტენდს აიღებ და გაზეთებს აღარ გაყიდი, ან სამართალდამრღვევის სტატუსით სასამართლოში წარგადგენ, და თუ წინააღმდეგობა გაგვიწიე, არ დაგვემორჩილე და თვითნებურად გაზეთის რეალიზაცია განაგრძე, დაგაკავებთ და დაგაპატიმრებთო. გაზეთს იმიტომ ვყიდი, რომ უსაფრთხო საქმედ მიმაჩნდა, თორემ ფინანსურ მოგებაზე საუბარი ზედმეტია. დღეში ხან ერთი ლარი მრჩება, ხან ორი, მაგრამ პურის ფულს რომ ვშოულობდი, ამითაც კმაყოფილი ვიყავი,“ - აცხადებს გაზეთის რეალიზატორი სიმონ დოლენჯაშვილი.

პრესის გამავრცელებლებისთვის უცნობია, რის საფუძველზე მოითხოვს საპატრულო პოლიცია საგაზეთო სტენდების აღებას. „რატომ უნდა ავიღოთ და წავიდეთ, ამაზე არაფერი უთქვამთ. ...მარტო ის გვითხრეს, რომ ზემოდან აქვთ ბრძანება ამის შესახებ. ...პირადად მე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი, სადაც გაზეთებს ვყიდი, ნაქირავები მაქვს. გამქირავებელს კი იჯარით აქვს აღებული. რას და რატომ მედავებიან, არ ვიცი. როგორც ჩანს, სტრატეგიაა ასეთი, რომ ხალხმა გაზეთი ვეღარ იყიდოს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შეშინებული საზოგადოების დაბეჩავებას. ხელისუფლებას აწყობს ეს, პრობლემები თავიდან რომ აიცილოს, მაგრამ ეს ერს დეგრადაციამდე მიიყვანს,“ - შეშფოთებულია ქალბატონი.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრესის გავრცელების შეზღუდვის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. „გაზეთების გაყიდვას არავინ ზღუდავს. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას და მათ მოთხოვნებს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. თუ იმას ფიქრობთ, რომ ეს რწმუნებულის აპარატიდან მოდის, ასე ნამდვილად არ არის. საპატრულო პოლიცია გარევაჭრობას ებრძვის. ალბათ, გაზეთების რეალიზატორებს პრობლემებიც ამიტომ აქვთ. ჩვენ, პირიქით, მონდომებულები ვართ, რომ კახეთში პრესა განვითარდეს,“ - აცხადებს პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რმუნებულის პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი.

„ხელის შეშლის მეტს რწმუნებულის ადმინისტრაცია არაფერს გვიკეთებს. კახეთის ყოფილი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი იმ ჟურნალისტებს, ვინც მის საქმიანობას კრიტიკულად ვაშუქებდით, ბოლო დროს კომენტარს საერთოდ აღარ გვაძლევდა. შესაბამისად, იმ გაზეთებისთვის, სადაც ვმუშაობდით, რწმუნებულის ადმინისტრაცია ბლოკავდა ყველა ინფორმაციის მიწოდებას. კახეთის გუბერნატორად გია ნაცვლიშვილის დანიშვნის შემდეგ, მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა პრესაზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა,“ - ამბობს ჟურნალისტი თამარ მახარაშვილი.

რაში გამოიხატება ადგილობრივი ხელისუფლების მონდომება პრესის განვითარების თაობაზე? - ამ კითხვით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს რამაზ ქერეჭაშვილს მივმართეთ. „რაში აღარ გამოიხატება? კახეთში რაც რეგიონული გაზეთები გამოდის, ყველა გურჯაანშია განთავსებული. პუბლიკაციებს აშუქებთ იმდენად კრიტიკულად, როგორც საჭიროდ თვლით. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის მიერ პრესის გამავრცელებლების გაფრთხილებას, ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, ოღონდ პატრულს კანონი არ დაურღვევია.

- ანუ, ამბობთ, რომ პრესის გაყიდვა გარევაჭრობის გზით ხდება? შესთავაზეთ პრესის გამავრცელებლებს კონკრეტული ადგილის იჯარით აღება, ან მათ რომ მოგმართონ, პრობლემები არ შეხვდებათ?

რ.ქ.: მათ არანაირი პრობლემები არ შეხვდებათ.

გაზეთების რეალიზატორების მიმართ მოთხოვნებსა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში ამბობენ, რომ პოლიცია მხოლოდ გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთას ახდენს. „თუ გაზეთის რეალიზატორი ქუჩაში უკანონოდ დგას და კომერციულ საქმიანობას ეწევა, თავისთავად ის არის გარემოვაჭრე. ამის შესახებ ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან გვაწვდიან ინფორმაციას. პატრულს ევალება, გარემოვაჭრის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს. პირველ ეტაპზე, სცნოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და გადასცეს სასამართლოს,“ - აცხადებენ საპატრულო პოლიციის სამმართველოში.

კახეთში პრესის გავრცელების შეზღუდვის გამო უფლებადაცვითი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები