კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქე ამერიკის მთავრობას უჩივის

10 მაისი, 2007

kacibb.gif

ახმეტაში მცხოვრებ 69 წლის ომარ ბაჩიაშვილსა და ამერიკის მთავრობას შორის დავა 8 წელია გრძელდება. ბაჩიაშვილი ამერიკის მთავრობისგან 9 000 დოლარს ითხოვდა, რომელიც მისი მტკიცებით მამამისს პენსიის სახით ეკუთვნოდა. მართალია მან ამ თანხის ნაწილი მიიღო, თუმცა მიღებული თანხის ნაწილს უკან სთხოვენ. საქართველოს მოქალაქე დავის გაგრძელებას აშშ-ში აპირებს. 

საქმის ისტორია კი ასეთია: ომარ ბაჩიაშვილის მამა - შალვა ბაჩიაშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წელს ქერჩში ტყვედ ჩავარდა. ის გერმანელეთა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. საბოლოოდ იმდროინდელი კომუნისტური რეჟიმის შიშით, საქართველოში ვეღარ ჩამოვიდა. 1957 მან თავშესაფარი აშშ-ს სთხოვა და მიიღო კიდეც. ცხოვრობდა ქალაქ ჩიკაგოში და იყო ლეგალური მიგრანტი მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით. მუშაობდა ერთ-ერთ ცეხში მძიმე სამუშაოზე, სადაც დაავადდა. ამერიკაში მან ბინა შეიძინა, ჰქონდა ამერიკული პენსია და სამედიცინო დაზღვევა. 36 წლის შემდეგ, 1977 წელს  ის ტურისტულად საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი შვილისა და მეუღლის სანახავად. თუმცა, მძიმე ავადმყოფობის გამო უკან ვერ დაბრუნდა. ორწელიწადნახევარში გარდაიცვალა. შესაბამისად, დაკარგა ბინაც და პენსიაც.

ამის შემდეგ, მამის ამერიკული პენსიის და საცხოვრებლისთვის ბრძოლას მისი შვილი - ომარ ბაჩიაშვილი იწყებს. ის აგროვებს აღნიშნული ისტორიის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს და ამერიკასა და ათენში მიწერ-მოწერებს იწყებს.  მისი წერილები დაგზავნილია როგორც ამერიკის საელჩოში საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩოში ამერიკაში და ამერიკის მთავრობის სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან, სენატორ მაკკეინთანაც კი.

აშშ-ი გაგზავნილ წერილთა მცირე ნუსხა:  1. სენატორ ჯონ მაკკეინთან, სადაც დაწვრილებით აღწერს საკუთარ ისტორიას და იმედი აქვს, ის ამ წერილით დაინტერესდება; 2. ამერიკის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რიჩარდ მაილსთან და შესაბამისად მის პასუხში ვკითხულობთ, რომ საელჩო ამ წერილს გადააგზავნის აშშ-ს საზოგადებრივი უსაფრთხების ადმინისტრაციაში, რომ ეს არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი სააგენტო, რომელსაც მსგავს დარღვევათა გამოძიება ევალება. ასევე ბაჩიაშვილს ურჩევს, შტატის ერთ-ერთ სენატორს - რიჩარდ დურბინს ან პიტერ ფიჯერალდს თავად დაუკავშირდეს; 3. წერილი ათენის რეგიონალური ფედერალური შემოსავლების ოფიცერ ბერტა ტერისთან, რომლისგანაც 2005 წლის 16 აგვისტოს პასუხს ღებულობს. პასუხში ვკითხულობთ, რომ მან მიიღო წერილი და აშშ-ს სოციალური დაზღვევის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს საჭირო დოკუმენტები. ასევე წერს, რომ ის აფასებს ბაჩიაშვილის მოთმინებას და დამატებით დეტალების გასარკვევად 4 კვირას ითხოვს; 4. საპროტესტო წერილი ქალაქ ბალტიმორში ცენტრალური ოპერაციების ოფისში კომისრის თანაშემწე ბურნელ ჰართთან; 5. არაერთი წერილი გაიგზავნა ათენში ამერიკის საელჩოში, რომლებიც შემდეგ ამ წერილებს ამერიკაში აგზავნიდნენ, ანუ ათენის საელჩო იყო შუამავალი. 6. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეების განყოფილებასთან, კერძოდ რიკ დოუელთან; 7. საქართველოს კონსულთან აშშ-ში ბექა დვალთან.  

მიწერ-მოწერებმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბაჩიაშვილმა მამის პენსიის ნაწილი მიიღო, თუმცა, როგორც რესპონდენტი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, მას სრული პენსია არ გამოუგზავნეს და და დახმარებას ცენტრის იურისტს სხოვს.

ომარ ბაჩიაშვილი: „უკვე 8 წელია ამ საქმისთვის ვიბრძვი. საბოლოო ჯამში,  მათ პენსიის ნაწილი გამომიგზავნეს. მამას თვეში 350 დოლარი ჰქონდა პენსიის სახით. მთლიანიობაში მისი დავალიენება 9 000 დოლარზე მეტს შეადგენდა. ეს 9000 დოლარი წლების წინ დიდი  ფული იყო და ეხლანდელ 100 000 დოლარს უდრის. სულ ამერიკიდან  5700 დოლარი გამომიგზავნეს. პირველად 2001 წელს 1794 დოლარი და 2003 წელს 3719 დოლარი. ეს თანხა გამომიგზავნეს ქალაქ ბალტიმორიდან აშშ - ის სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციამ.

მიუხედავად ამისა,  ჩემი წვალება დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე, ვითხოვ  მამისთვის გამოგზავნილი პენსიის ინფლაცია-დევალვაციის სხვაობას; ბანკის პროცენტს (იმისათვის, რომ ბანკი ჩემს კუთვნილ თანხას 25 წელი იყენებდა); ასევე ვითხოვ იმ სახლს, რომელიც მამას ეკუთვნოდა. ამის შესახებ მამა მოსკოვთან მიწერ-მოწერას სიცოცხლეში აწარმოებდა, თუმცა, გარდაიცვალა და ვერაფერი მოახერხა.“

ბაჩიაშვილი საქმის ამერიკის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს და ამისთვის ადგილზე ადვოკატს ეძებს. დავის ერთ-ერთი ნაწილი ის არის რომ, სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციიდან მან წერილი მიიღო, რომლის მიხედვით, მიღებული თანხის ნაწილი - 3700 დოლარი  უკან უნდა დააბრუნოს.   

ცენტრალური ოპერაციების კომისარის, კაროლინ სიმონსის წერილში ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილმა 3710 დოლარი 30 დღეში უნდა დააბრუნოს. თან, მამ სპეციალური კონვერტიც მიიღო. რითაც თანხა უნდა გაგზავნოს. წერილის მიხედვით, თუ ის მითითებული თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ნაწილი მაინც უნდა გაგზავნოს, თან უნდა ახსნას, რატომ ვერ აბრუნებს თანხას სრულად. ასევე თან უნდა დაურთოს ზუსტი გეგმა, როგორ და როდის დააბრუნებს მას. წერილში აღნიშნულია, რომ თუ ბაჩიაშვილი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება,  შეუძლია გაასაჩივროს. ამისათვის კი 60 დღეს აძლევენ.

2005 წლის 17 ნოემბრის წერილში აშშ-ს ფედერალური შემოსავლების განყოფილების წარმომადგენელი ლორეტა ტერი თანხის მოთხოვნის მიზეზად  იმას ასახელებს, რომ მას ზედმეტი თანხა გაუგზავნეს.

ბაჩიაშვილმა ამ წერილის პასუხად საპროტესტო წერილი გაგზავნა, სადაც აღწერილია, მას რა თანხა ეკუთვნოდა, რა მიიღო და რამდენი დარჩა მისაღები.  აქედან გამომდინარე, უკანონოდ დაკავებული 1197 დოლარის მიღებას ითხოვს.

ამჯერად ბაჩიაშვილი აშშ-ში ადვოკატს ეძებს, ვინც მის საქმეს ხელს მოჰკიდებს. „ჩემმა ნაცნობმა ამერიკელმა მთხოვა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი გავუგზავნო, იქნებ მან ადვოკატი ამერიკაში მიშოვოს, რომელიც დამეხმარება. ამერიკის სასამართლოში საქმე უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაცია მიღებულ პენსიიდან 3700 დოლარს უკან მთხოვს,“ - ამბობს ის.

2007 წლიდან ბაჩიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტთან სანოტარო აქტი გააფორმა, რომლის მიხედვით მისი რწმუნებული დავით მანაგაძე გახდა. როგორც მანაგაძე აცხადებს,  საქმის ბოლომდე მიყვანა იმაზეა დამოკიდებილი, აშშ-ის რომელიმე საადვოკატო კანტორა დაინტერესდება თუ არა აღნიშნული საქმით.

დათო მანაგაძე: „ამ ადამიანს ამერიკაში ნაცნობი ჰყავს, რომელთანაც მიწერ-მოწერას აწარმოებს. ის დაჰპირდა, რომ ადგილზე მოძებნის საადვოკატო კანტორას, რომელიც ამ საკითხს წარმოებაში აიღებს.  ჩვენ წარმოვადგენთ ამ ადამიანის ინტერესებს საქართველოში და ურთიერთობა გვექნება იმ კანტორასთან, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს. ამ ეტაპზე კანტორის ძებნის პროცესი მიდის. ეს საქმე ადგილზე უნდა გადაწყდეს. საკმად სერიოზული საქმეა და შესაძელბელია 50 000 დოლარზე მეტი დასჭირდეს. ასევე გასარკვევია, წინასწარ მოითხოვენ ამ თანხას თუ მერე და როგორ მოხდება მისი გადახდა. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ საქართვლოდან, ის არის, რომ  ჩამოვაყალიბებთ ყველა მის იურიდიულ მოთხოვნას და გავუგზავნით კანტორას. ისინი კი ჩვენს მოთხოვნებს  ადგილობრივ კანონმდებლობას შეუსაბამებენ და თავად გადაწყვეტენ უღირთ თუ არა ამ საქმის წარმოებაში მიღება, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“  შეეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოდანაც მიეღო, თუმცა საელჩო კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.

ეკა გულუა    

ახალი ამბები