კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი სამართალდამცავების წყალობით გონებაშეზღუდული ახალგაზრდები ციხეში სხედან

10 მაისი, 2007

bebiab.gif

არჩილ სურამელი და  მისი ახლო ნათესავი ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად ბილბორდებზე მიმაგრებული პლასტმასის კარკასის ქურდობა ედებათ. ორივე მათგანს გორის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან ცნობა აქვს. არჩილ სურამელი „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით“ არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება.(ფოტოზე: არჩილ სურამელის ბებია ნაზი ჯანეზაშვილი)

ორივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 6000-6000 ლარი შეუფარდა, ხოლო იმის გამო, რომ დაკავებულებმა გირაო ვერ გადაიხადეს, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ამჟამად ციხეში სხედან.

არჩილ სურამელის ბებია ნაზი ჯანეზაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ უცხადებს, რომ მისი შვილიშვილს ფსიქიური აშლილობა აქვს  და სახლში თავის ჩამოხრჩობაც უცდია.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ზაზა სვიანიძე ამბობს, პატიმრებს სამართალდამცველები სახლის გაყიდვას და გირაოს გადახდას სთხოვენ. არჩილ სურამელს სახლი ფიზიკურად არ გააჩნია, ის ე.წ. „კარაბლიკებშია“ შესახლებული, უდედმამო ახალგაზრდა ბებიასთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და მათი შემოსავალი მხოლოდ მიღებული პენსიაა, რომელსაც ფსიქიური ინვალიდობის გამო იღებს.

ნაზი ჯანეზაშვილმა გაჭირვების მიუხედავად წინასწარ გამოძიების პერიოდში შეძლო და ისესხა 2000 ლარი და პროკურატურას სთხოვს აღნიშნულ თანხა გირაოს სახით მიიღოს.

პროკურორი კახა მურადაშვილი, რომელსაც საქმე უშუალოდ აწერია, კომენტარს არ აკეთებს.

ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრებმა ციხეში საკუთარ თავს ზიანი მიაყენონ. მისი თქმით, არჩილ სურამელი სახლში იყო, როდესაც მასთან ახლო ნათესავი, ზურაბ ჯანეზაშვილი მივიდა: „ზურიკოს ხელში პლასტმასები ეჭირა და აჩიკოს სთხოვა, გამომყევი, ჩემს ჯიხურში უნდა ჩავაყენოო. აჩიკოც გაჰყვა, ცოტა ხანში კი ისინი დაიჭირეს,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ადვოკატი ზაზა სვიანიძის თქმით, სამართალდამცავებმა ისინი ჯანეზაშვილის ჯიხურთან დააკავეს, რომელიც გორის ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ახლოს დგას. მერე იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც ბილბორდია და აქტი შეადგინეს, თითქოს დამნაშავეები დანაშაულის ჩადენის დროს დაიჭირეს. ადვოკატის თქმით, ჯანეზაშვილმა დამტვრეული ბილბორდის ნაწილები მიწიდან აკრიფა და სახლში ისე წაიღო.

დაკავებულის ადვოკატმა სასამართლოსა და პროკურატურაში იშუამდგომლა გირაოს შემცირების თაობაზე, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა: „ეს ბიჭები წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ რჩებიან, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს,“ - მიიჩნევს ზაზა სვიანიძე.

გორის პროკურორის მოადგილე  ზურაბ საძაგლიშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ ისინი „სამედიცინო, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და ჯერ გირაოზე ვერ იმსჯელებენ, ვინაიდან შესაძლებელია პატიმრების ქალქში გაშვება არ შეიძლება და ისინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არიან მოსათავსებელნი.“

საძაგლიშვილის თქმით. მათ ძალიან ეცოდებათ ეს ადამიანები, თუმცა, ფაქტია, ფსიქიატრიული ექსპერტიზა აგვიანებს, ხოლო დაკავებულები კი სასჯელს იხდიან

 თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები