კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უბინაოდ დარჩენილი ღატაკთა კეტეგორიაში მოხვედრაზე ოცნებობს

11 მაისი, 2007

mozmobab.gif

ადამიანი, რომლის ქონებასაც 2 სკამი, 2 რკინის საწოლი და 1 შავ-თეთრი ტელევიზორი შეადგენს, სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდა. მას არც საკუთარი სახლი აქვს და ქირით ცხოვრობს. მთავრობას თავშესაფარს და ღატაკთა კატეგორიაში შეყვანას სთხოვს. თუმცა,  მიწერ-მოწერებმა შედეგი ვერ გამოიღო. მან დახმარების თხოვნით „ადამიანის უფლებათა ცენრტს“ მიმართა.      

ამბავი კი ასეთია: როგორც კახაბერ ჯაბაური აცხადებს, მისი ოჯახი 10 წელია არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მისი ძმა სავალდებულო სამსახურს რუსეთის ფედერაციის არმიაში იხდიდა, სადაც ცემის შედეგად დაინვალიდდა. ამას ისიც დაემატა, რომ თბილისში სამოქალაქო ომის დროს შემთხვევით მუცლის არეში დაიჭრა. სათანადო პირობების არარსებობის გამო  ტუბერკულოზით  დაავადდა, ამიტომ ბინის გაყიდვა და მთელი თანხის მკურნალობაში დახარჯვა მოუხდათ. ბევრი თხოვნისა და არაერთი ადამიანის შეწუხების შემდეგ, მისი ძმის ოჯახს მუხიანში, დუმბაძის ქუჩაძე მდებარე ერთოთახიანი კარკასული ბინა გამოუყვეს და 15 წელია, ოჯახი ამ კარკასში ცხოვრობს. თავად კი დღემდე უბინაოა, რადგან ის იძულებული გახდა, ძმის ბინა  დაეტოვენიბა.

კახაბერ ჯაბაური: „ოჯახში დიდი უსიამოვნება გვქონდა, რაგდან ჩემი ძმა ავადმყოფობის გამო ხშირად გაღიზიანებული იყო. ამიტომ, იძულებული გავხდი, იქიდან წამოვსულიყავი. როგორია ფსიქიურად, ტუბერკულოზით და ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანთან ერთად იზრდებოდეს 2 მცირეწლოვანი ბავშვი? ცხრა წელია, ქირით ვცხოვრობ. არაერთხელ მივმართე ქალაქის გამგეობას. 2004 წლიდან დღემდე მიწერ-მოწერებში ვართ ჩართული. ისტანცია არ დარჩა, სადაც ჩემი წერილი არ გაიგზავნა. ბავშვს სკოლაში ვეღარ ვატარებ. სკოლამაც ცალკე შეატყობინა მერიას ჩემი მდგომარეობის შესახებ. ქირას რომ ვერ ვიხდიდი, სადაც გადავდიოდი (ბინიდან ბინაში), რაც კი რამ გამაჩნდა, ყველფერს ადგილზე ვტოვებდი თანხის საფასურად. უკვე 10 წელია ავტოსამრეცხაოში ვმუშაობ,
თუმცა, ამ შემოსავლით ბინის ქირის გადახდა შეუძლებელია. 

სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში რატომ არ მომახვედრეს, ვერ ვხდები. 2 სკამი მაქვს, 2 რკინის საწოლი, 1 შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელიც ბავშვისთვის მაჩუქეს და ერთი პატარა კარადა. მეტი არაფერი მაბადია. არ შემიყვანეს იმ მიზეზით, რომ ვარ 34 წლის, ჩემი მეუღლე 33 წლის, ვართ ძალღონით სავსე და ასე შემდეგ. არადა, თიაქარი მაქვს, ოპერაციაში 650 ლარი უნდა გადავიხადო. უფულობის გამო კი ვერ ვიკეთებ.“

იმ დოკუმენტებიდან, რომელიც ჯაბაურის საქმეში არსებობს, ჩანს, რომ თბილისის მთავრობის წარმომადგენლები მისი პრობლემით დაიტერესდნენ და მის წერილზე პასუხებსაც კი აგზავნიდნენ. როგორც ჩანს მერია მისი პრობლემით იმდენად დაინტერესდა, რომ მისი წერილი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტროსაც კი გაუგზავნა. სამინისტრომ კი არ დააყოვნა და საპასუხო წერილი გაგზავნა, სადაც ვკითხულობთ, რომ გაურკვეველია წერილის ადრესატი ძეგლთა დაცვის სამინისტრო რატომ გახდა.  
 
ჯაბაურის წერილმა არაერთხელ მოიარა პარლამენტი, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურები, სახელმწიფო კანცელარია, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, თუმცა, შედეგი არ ჩანს. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ მიწერ-მოწერებით შემოიფარგლებიან.

წერილი ნინო ბურჯანაძესთან: „ჩვენ ჩავეწერეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. მოვიდნენ და ნაქირავებ ბინაში შეგვამოწმეს, სადაც აღწერეს 2 სკამი, 2 რკინის საწოლი და პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი. ვიფიქრე, პოლისით მაინც დამეხმარებიან-მეთქი და თიაქარის ოპერაციას გავიკეთებდი. სამწუხაროდ, ღატაკთა კატეგორიაში ვერ მოვხვდი. ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი დახმარების იმედი დავკარგე, მთელი ცხოვრება ბინიდან ბინაში ქირით გადასვლა და ქუჩაში ცხოვრებამ რომ არ მომიწიოს, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ოჯახური მდგომარეობა. თუ ეს საკითხი უარყოფითად გადაწყდება, ვრჩები ქუჩაში და ისღა დამრჩენია, უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“.          

პრობლემით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა. იმის გასარკვევად თუ რა ბედი ელის ჯაბაურების ოჯახს,  ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ქავთარაძეს დავუკავშირდით. მისი განმარტებით: „აქ არის შემდეგი პროცედურა. გადაწყვეტილება ჯერ საბინაო კომისიამ უნდა მიიღოს და მერე მთავრობაზე უნდა იქნას წარდგენილი ან პირდაპირ მთავრობამ მიიღოს. საბინაო კომისიის სხდომა, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ჯერ არ ჩატარებულა. ეს საკითხი უახლოეს საბინაო სხდომაზე განიხილება. დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია.

ჟურნალისტი: გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ასეთ ადამიანებს დახმარება გაეწიათ?

სერგო ქავთარაძე: რა თქმა უნდა, მსგავსი შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ ყოველი საქმე ძალიან ინდივიდუალურია. მერიას საბინაო ფონდი არ გააჩნია. ეს საკითხი საბინაო კომისიაზე გავა და როგორც კი კომისია შეიკრიბება, გადაწყვეტილებას მიიღებს. დასკვნა სწორედ მან უნდა გამოიტანოს.

-კომისია რა პერიოდულობით იკრიბება?

ს.ქ. კომისია თემებისა და საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე იკრიბება. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ეს ხვალ იქნება თუ ზეგ.

დეტალების გარკვევა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაშიც ვცადეთ.
როგორც გამგებლის მოადგილე ვალერი ნინიკელაშვილმა გვითხრა: „ამ წუთში არანაირი თავშესაფარი არ გაგვაჩნია, არადა ქვეყანა ხალხი, 1000 ოჯახზე მეტია აღრიცხული. ამ ეტაპისთვის რაიმე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. დაკმაყოფილების წესები არსებობს. ამის შესახებ თბილისის მთავრობა განსაზღვრავს პრიორიტეტებს. სწორედ მთავრობა ადგენს კონკრეტული ფართი გადაეცეს თუ არა მიწისძვრით დაზარალებულებს, აფხაზეთის ომის მონაწილეებს და დაღუპულთა ოჯახებს. ეს ინდივიდუალური ფაქტია და არ ვიცი, ასეთ კატეგორიებზე რა და როგორ იქნება. გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ უნდა მიიღოს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ ფართი არ გვაქვს. როცა ფართს გვაძლევენ, კონკრეტულად გვეუბნებიან, რომელ კატეგორიას ეკუთვნის ის.“  

რაც შეეხება მეორე საკითხს, რატომ არ მოხვდა ჯაბაურების ოჯახი ღატაკთა კატეგორიაში, ნინიკელაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხებში გამგეობა არ ერევა და ის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია.  

ეკა გულუა

ახალი ამბები