კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი დევნილები ევროპაში გადასვლას ითხოვენ

15 მაისი, 2007

chechenebib.gif

პანკისელი ჩეჩნები მეორე დღეა ყაზბეგის #2-ში, გაეროს უმაღლესი კომისარიატის ეზოში აქციებს მართავენ. 30 ლტოლვილისაგან შემდგარი 7 ოჯახი გაეროს უმაღლეს კომისარიატს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს და აქციის შეწყვეტას არ აპირებს.

პანკისში მცხოვრები ჩეჩენი დევნილები თბილისში 14 მაისს ჩამობარგდნენ. ისინი პანკისიდან აიყარნენ. მცირეწლოვანი შვილები თბილისში ჩამოიყვანეს, საოჯახო ინვენტარიც თან წამოიღეს, ლეიბები გაეროს უმაღლესი კომისარიატის ეზოში გაშალეს და იქვე ცხოვრობენ. მათ თავიანთი მოთხოვნები კომისარიატს წერილობით გადასცეს და მათთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, გუშინ მათთან სასაუბროდ ვერავინ მოიცალა.

როგორს ლტოლვილები აცხადებენ,  ღია ცის ქვეშ მანამ აპირებენ დარჩენას, სანამ მათ მოთხოვნაზე დადებით პასუხს არ მიიღებენ. „მე ჩეჩნეთიდან დევნილი ვარ, 1999 წლიდან საქართველოში ვცხოვრობ. იცით ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? რუსეთმა ჩვენს ბავშვებს ბავშობა წაართვა. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ მომავალს ართმევენ. ვითხოვთ, ცხოვრების იმედი არ წაგვართვან. დუისიდან ჩამოვედით. იქ ცხოვრება აღარ შეგვიძლია. იქ ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის. ჩვენს ბიჭებს კლავენ და უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ბავშვებისთვის არ არსებობს განათლება,  ნორმალური საკვები და ცხოვრების პირობები. მორალურადაც და ფიზიკურადაც დათრგუნულები და გარიყულები ვართ. არც სიტყვის თავისუფლება არსებობს ჩვენთვის. უკიდურეს მდგომარეობაში ვართ და მეტს ვეღარ გავუძლებთ. ოთხი შვილი მყავს და იმ პირობებში ცხოვრება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, წარმოუდგენელია,“ - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა, იუსუპმა.

დევნილებმა ორპუნქტიანი მოთხოვნა გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს -  ჰუსეინოვს გადასცეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახ არსანუკაევმა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, პასუხს ხუთი თვეც რომ დასჭირდეს, არსად წასვლას აპირებენ.

ვახ არსანუკაევი: „ჩვენი მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ და გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას გადავეცით. ვითხოვთ, რომ მიგვიღოს და კონკრეტულ პრობლემებზე თავად დაველაპარაკებით. მეორე მოთხოვნაა ჟენევის კომისიამ ჩვენი საკითხი შეისწავლოს და მესამე ქვეყანაში გადაგვიყვანონ. 8 წელია პანკისის ხეობაში უსაქმურად ვცხოვრობთ და ასეთი ყოფა შეუძლებელია.  სულ ერთია, სად გადაგვიყვანენ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე თანახმა ვართ, საქართველოს გარდა. მთავარია ის ქვეყანა იყოს, სადაც ბავშვები განათლების მიღებას შეძლებენ. ჩვენი სურვილია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. აქ მანამ დავრჩებით, სანამ კომისია ჩვენს საკითხს არ შეისწავლის. ამას ერთი თვე დასჭირდება, ორი თუ ხუთი, მნიშვნელობა არა აქვს. აქედან წამსვლელები არ ვართ. არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჟენევა ჩვენი საქმის შესახებ ინფორმაციას ფლობს.  ვფიქრობთ, ჩვენს შესახებ ინფორმაცია იბლოკება“.            

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთა პოზიცია მოესმინა. თუმცა, მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

გაეროს დახმარებით არაერთ ჩეჩენ ლტოლვილს მისცეს მესამე ქვეყანაში თავშესაფარი. ბოლო პერიოდში კი გაერომ აღნიშნული პროგრამა შეაჩერა და ლტოლვილთა სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

ეკა გულუა

ახალი ამბები