კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისიდან ჩამოსული ჩეჩენი ლტოლვილები დროებით დაიშალნენ

16 მაისი, 2007

bavshvebib.gif

გუშინ ღამით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შენობის წინ დაბანაკებული ჩეჩენი ლტოლვილები, სამართალდამცავებთან შეთანხმების შემდეგ, დაიშალნენ. ერთ-ერთი პანკისელი ჩეჩენის განცხადებით, სამართალდამცავებსა და ლტოლვილებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ დაშლა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, გლუკიდან გამოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ერთ კვირაში ისინი ლტოლვილებს, მესამე ქვეყანაში გადასახლების შესახებ, ოფიციალურ პასუხს გასცემენ. ლტოლვილები კვლავ თბილისში რჩებიან და გლუკის პასუხს ელოდებიან.

გლუკი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სამართალდამცავები ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ პანკისელი ლტოლვილების დაშლას. ამ ფაქტს უარყოფს ერთ-ერთი ჩეჩენი ლტოლვილიც: „ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საბოლოოდ ჩვენ ჩვენი ნებით დავიშალეთ.“

სახალხო დამცველის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, სამართალდამცავებსა და ჩეჩენ ლტოლვილთა შორის სიტუაციის დაძაბვას ხელი გლუკის შენობასთან სახალხო დამცველის წარმომადგენლების გამოჩენამ შეუშალა: „როდესაც ჩეჩენი ლტოლვილების გლუკის შენობასთან დაბანაკების შესახებ შევიტყვეთ, სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე მივედით. იქ მისულებს პოლიციელთა ჯგუფი დაგვხვდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ლტოლვილთა ქმედებები კანონს ეწინააღმდეგებოდა და ისინი სასწრაფოდ უნდა დაშლილიყვნენ. თუმცა, მათ ვერ განგვიმარტეს, რომელ კანონს არღვევდნენ ლტოლვილები. როდესაც ოფისში დავბრუნდით, ლტოლვილებმა დასახმარებლად უკვე თავად მოგვმართეს, პოლიციამ ავტობუსები მოიყვანა და ძალით სურთ პანკისში ჩვენი წაყვანაო. იქ ჟურნალისტებთან ერთად მივედით და ალბათ სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ლტოლვილები აღარ დაარბიეს და შეთანხმებას ცივილური გზით მიაღწიეს,“ - აცხადებს გიგა გიორგაძე, „როგორც ვიცი, ლტოლვილები ამჟამად კვლავ თბილისში, ახლობლების სახლებში რჩებიან. ისინი გლუკისაგან პასუხს ელოდებიან.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ ჯერჯერობით უცნობი რჩება, ვინ გამოიძახა გლუკის შენობის წინ პოლიცია. ასევე კითხვის ნიშნად რჩება ის ფაქტიც, რომ არა ჩეჩენი ლტოლვილების დასახმარებლად მისული სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რა ბედი ელოდათ პანკისელ ლტოლვილებს? ფაქტი ერთია, პოლიციის მისვლის შემდეგ, ჩეჩნები დაიშალნენ. 

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს პანკისიდან თბილისში 7 ჩეჩნური ოჯახი ჩამოვიდა. მათ უმთავრეს მოთხოვნას მესამე ქვეყანაში გადასახლება წარმოადგენს. დევნილებმა ორპუნქტიანი მოთხოვნა გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს -  ჰუსეინოვს გადასცეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახ არსანუკაევმა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, პასუხს ხუთი თვეც რომ დასჭირდეს, არსად წასვლას აპირებენ: „მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ და გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას გადავეცით. ვითხოვთ, რომ მიგვიღოს და კონკრეტულ პრობლემებზე თავად დაველაპარაკებით. მეორე მოთხოვნაა ჟენევის კომისიამ ჩვენი საკითხი შეისწავლოს და მესამე ქვეყანაში გადაგვიყვანონ. 8 წელია პანკისის ხეობაში უსაქმურად ვცხოვრობთ და ასეთი ყოფა შეუძლებელია.  სულ ერთია, სად გადაგვიყვანენ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე თანახმა ვართ.“

გუშინ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა პრეს-რელიზი გაავრცელა, სადაც განმარტებული მესამე ქვეყანაში გადასახლების პროცედურები და შესაძლებლობები:

მესამე ქვეყანაში გადასახლების მანდატი

ლტოლვილთა პრობლემების მუდმივი გადაწყვეტილების ძიება წარმოადგენს გლუკის მანდატის ძირითად ელემენტს. ეს მოიცავს წარმოშობის ქვეყანაში ნებაყოფლობით რეპატრიაციას, თავშესაფრის ქვეყანაში ადგილობრივ ინტეგრაციას და მესამე ქვეყანაში გადასახლებას.  გადასახლების, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტილების, შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ ლტოლვილებს, ვინც შეესაბამება ლტოლვილის სტატუსის ინდივიდუალური დადგენის კრიტერიუმებსა და პოტენციურად მიმღები ქვეყნების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს.  მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მიღება საერთაშორისო უფლებას  წარმოადგენს, გადასახლება არ არის უფლება.  გადასახლებისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია, და იმ ლტოლვილთა რაოდენობა, ვინც უნდა გადასახლდეს წლის განმავლობაში განისაზღვრება, არა გლუკის, არამედ თავად მესამე ქვეყნების მიერ. მესამე ქვეყანაში გადასახლება მთლიანად არის დამოკიდებული ამ ქვეყნის სურვილზე მიიღოს და ლეგალურად დატოვოს პიროვნება თავის ტერიტორიაზე. გლუკს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასახლების საქმეებზე. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მესამე ქვეყნის ოფიციალური ორგანოები. საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გადასახლების საკითხი განიხილება ყოველ საქმესთან ინდივიდუალური მიდგომით, ჯგუფური გადასახლების შესაძლებლობის გარეშე. 

მესამე ქვეყანაში გადასახლების პროცედურა

ჩეჩენი ლტოლვილების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გლუკი ლტოლვილებს და მათი ოჯახის წევრებს მესამე ქვეყანაში გადასახლებისათვის ინდივიდუალური გასაუბრებისათვის იწვევს. გასაუბრების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და მიმღები ქვეყნის მიერ ზუსტად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, გლუკი საქმეს შემდგომი განხილვისათვის უგზავნის გადასახლების ქვეყანას. მესამე ქვეყანაში გადასახლებისათვის ქვეყნების მიერ დაწესებული ქვოტების დონის გათვალისწინებით, ასევე დასაშვებობის კრიტერიუმების, ლტოლვილის პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გლუკი განსაზღვრავს თუ რომელ ქვეყანაში უნდა იქნეს გაგზავნილი ლტოლვილის განაცხადი. რომელიმე ქვეყანაში საქმის გაგზავნა არ ნიშნავს, რომ ლტოლვილი ავტომატურად იქნება გადასახლებული აღნიშნულ ქვეყანაში. გადაწყვეტილების მიღება ხანდახან რამოდენიმე თვეს საჭიროებს, დრო დამოკიდებულია ქვეყნის მიერ საქმის განხილვის პროცედურაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლტოლვილი მიღებულია გადასახლებისათვის, რეალური გამგზავრებისათვის შეიძლება რამოდენიმე წელი გახდეს საჭირო. ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო გასინჯვები, შემდგომი დოკუმენტაციის მომზადება და გასაუბრება უსაფრთხოების საკითხებზე.

ფაქტები და ციფრები  

2002 წლის იანვარიდან 2006 წლის დეკემბრამდე საქართველოდან გლუკის დახმარებით სულ მესამე ქვეყანაში გადასახლებულ იქნა 305 ლტოლვილი, უმეტესად შვედეთში და კანადაში. ამავე პერიოდში გლუკის მიერ 500 ლტოლვილზე მეტ პირთან მოხდა გასაუბრება, მაგრამ მათ ვერ დააკმაყოფილეს გადასახლებისათვის საჭირო კრიტერიუმები და შესაბამისად მათი საბუთები არ იქნა გაგზავნილი.  
  

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები