კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

35 ლარიანი დახმარების იმედი

18 მაისი, 2007

 

gulob_1.gif

ქალაქ ახალციხეში, სააკაძის ქუჩაძე რომ ჩაუხვევ, პირველად თვალში დაშლილი მანქანები და ამ მანქანების ირგვლივ მოფუსფუსე ბავშვები მოგხვდება. ალბათ, ქუჩის ბიჭები გასართობად ხელოსანს ეხმარებიან, -  გაიფიქრებ, თუმცა, სულ ტყულიად. ხელოსანი მხითარ ქეროფიანია, ხოლო ბავშვები მისი ვაჟები. ცოლ-ქმარ ლალა და მხითარ ქეროფიანებს ცხრა შვილი ჰყავთ. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საკმაოდ მიზერულ თანხას შეადგენს.

ქეროფიანების ოჯახში თერთმეტი სული, აქედან  ცხრა ბავშვი, ცოლ-ქმარი ლალა და მხითარი და 75 წლის ბებია კარანინა ცხოვრობს.

ქეროფიანების უფროსი ქალიშვილი გაიანე 16, ხოლო უმცროსი გევორქი 6 წლის არის. ბავშვებს შორის ასაკობრივი ზღვარი ერთი წელია.

ლალა 35 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე მხითარი 38. ისინი ოჯახის შექმნამდე მრავალშვილიანობაზე არც კი ფიქრობდნენ.

,,ადრე სხვანაირად ვაზროვნებდი, ახალგაზრდა ვიყავი და ცხოვრებას ცალმხრივად ვუყურებდი, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ ღმერთი რამდენ შვილსაც გაჩუქებს იმდენი უნდა გყავდეს,” - ამბობს მხითარი. ,,ღვთის ნება რაცაა ის იქნება,” - ეთანხმება მეუღლეს ლალა.  

ბავშვებიდან რვა ახალციხის მე-3 საშუალო სკოლაში დადის, ოჯახს ჯერ მარტო მათი სასკოლო ჩანთების ყიდვაც კი საკმაოდ დიდი თანხა უჯდება.

,,ნორმალური ჩანთა, რომელიც ბავშვს ერთი წელი მაინც გაუძლებს 15 ლარი ღირს, მე კი ასეთი რვა ჩანთა უნდა ვიყიდო, ცალკე წიგნები, მაგრამ ბავშვებს უწიგნურებს ხომ არ დავტოვებთ და როგორღაც ვიჭირვებთ. ტანსაცმელზე უფრო იოლად გამოვდივართ, ერთმანეთის გამონაცვალს ხმარობენ,” - გვესაუბრება ლალა.

ქეროფიანების ოჯახი სახელმწიფოსაგან დახმარებას ცხრა ბავშვზე 35 ლარს იღებს.

,,თითო ბავშვზე დახმარება ხუთი ლარიც არ გამოდის. კი ახალგაზრდები ვართ, რაღასაც ვწვალობთ, არავის არ ვათქმევინებთ  - მშივრები არიანო, მაგრამ სახელმწიფოც რომ გვეხმარებოდეს კარგი იქნება. თუ ითვლება, რომ ქვეყანა ევროკავშირში შედის, მაშინ ევროპის ქვეყნებში დიდი დახარებებია.  საქართველოშიც რაღაც უნდა გაკეთდეს, აბა 35 ლარი რა ფულია!” - გვეუბნება ოჯახის უფროსი. 

მხითარი მანქანების ხელოსანია, თუმცა სახელოსნოც არ აქვს და მანქანებს ქუჩაში არემონტებს, ლალა კი უმუშევარია.


,,სამუშაოც არ არის, თუმცა მაინც ვერ მოვიცლი, მთელი დღე საჭმელების კეთებას ვუნდები,” - წუხს ლალა - ,,დღეში საკვებად სულ ცოტა ათი პური მაინც გვინდა,” - ღიმილით დაამატა მან.
 
ოჯახში ყველა საქმე გადანაწილებულია. სკოლიდან დაბრუნებული ვაჟები მამას შავ სამუშაოში ეხმარებიან, გოგონები კი დედას. 

მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილები თავად ბევრს შვილებზე არც კი ფიქრობენ.
,,ალბად ორი შვილი მეყოლება, მეტი არა!” - კატეგორიულად განგვიცხადა გაიანე ქეროფიანმა. 

ქეროფიანების ოჯახს პატარა მიწის ნაკვეთი აქვთ, თუმცა მიწა ჯერ არ დაუმუშავებიათ: ,,ყანა მდინარის ნაპირზეა, ახლა წყალი ადიდებულია და ჩვენი მიწაც დატბორა. ველოდებით როდის ამოშრება წყალი, რომ რაიმე დავრგოთ”, - ამბობს ლალამ.

გულო კოხოძე, ახალციხე 

ახალი ამბები