კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მტკვარი სოფელს წალეკვით ემუქრება

18 მაისი, 2007

 

skram.gif

სოფელ სკრას მტკვარი გვერდით ჩამოუდის. როდესაც მდინარე ადიდებული არ არის, მისი შემოგარენი კარგი სანახავია, მაგრამ ადიდებული მტკვარი სოფლის მოსახლეობას წალეკვის საშიშროებას უქმნის. მტკვარს კალაპოტი შეცვლილი აქვს და სოფლის მხარეს მდებარე სანაპიროს  შლის. მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ჯებირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

რამდენიმე დღის წინ ადიდებული მტკვარი მოსახლეობას სახლებში  შეუვარდა. ბევრი მათგანი იძულებულია ღამე ნათესავთან გაათენოს. პირველი ჯგუფის ინვალიდი ნათელა გოგიტიძე, მას შემდეგ რაც მტკვარი ადიდდა, ნათესავთან ცხოვრობს, მარტოხელა მოხუცი სახლში შესვლას ვერ ახერხებს.

სოფლის მაჟორიტარმა და რწმუნებულმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და დახმარება ითხოვეს, მაგრამ შედეგი არც ამ თხოვნას მოჰყოლია. სკრის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ კაკაშვილის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროდან წარმომადგენლები ადრე ჩამოსულან  და მტკვრის კალაპოტი დაუთვალიერებიათ:

„ამ ადგილზე ადრე „დაჩები“ იყო. როცა გარემოს დაცვის სამინისტროდან ჩამოვიდნენ, განაცხადეს ესენი „დაჩებია“ და იმდენი თანხა არ გვაქვს თქვენ დაგეხმაროთ, ჯერ იმათ დავეხმარებით, სადაც ხალხი მუდმივად ცხოვრობსო. ადრე კი იყო აგარაკები, მაგრამ ახლა აქ ხალხი მუდმივად დასახლდა. ამასთანავე აქ 280 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთია გაშენებული, აქვეა საძოვრები, თუ კალაპოტი დროულად არ გამაგრდა არის საშიშროება, რომ 200 ჰექტრამდე მიწის ფართობი მტკვარმა მოგლიჯოს და წაიღოს. წლების მანძილზე მტკვარმა თანდათან საგრძნობლად გადმოიწია სოფლისკენ, ცოტა ხანში მდინარე საფრთხეს რკინიგზასაც შეუქმნის,“ - ამბობს კაკაშვილი.

სკრის რწმუნებულის მანუჩარ ლაფაჩის თქმით, ის აუცილებლად მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს.

აღნიშნული საკითხი გორის რაიონის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე დააყენეს, თუმცა ცენტრალური ხელისუფელების ძალისხმევის გარეშე პრობლემა ვერ გვარდება.

სკრის ის 45 ოჯახი, რომლებსაც ადიდებული მტკვარი ყოველთვის აწუხებს, ხელისუფლებისგან ტექნიკით დახმარებას ითხოვენ. ისინი მზად არიან ფიზიკური სამუშაო თვითონვე შეასრულონ და მტკვარი ძველ კალაპოტში დააბრუნონ:

„ნაკვეთებში უკვე რამდენიმე დღეა წყალი დგას. რაც დავთესეთ ისიც გაგვიფუჭდა, წელს მოსავლის გარეშე დავრჩით. ადიდებული მტკვარი მრავალწლიან ნარგავებსაც პრობლემას უქმნის,“ - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი ვენერა ცხოვრებაძე.

„ჩვენ თვითონ რამდენჯერმე მივმართეთ გორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ჯუმბერ პატიაშვილს, გორის მუნიციპალიტეტს, გარემოს დაცვის სამინისტროს და პრობლემის მოგვარება ვთხოვეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა,“  -ამბობს წყალდიდობით დაზარალებული რუსუდან დოკაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ხვიჩა ოქროპირიძის თქმით, მუნიციპალიტეტმა უკვე ჩააყენა საქმის კურსში გარემოს დაცვის სამინისტრო:
„ამ ეტაპზე ჩვენ არაფრის გაკეთება  არ შეგვიძლია. აუცილებელია, რომ წყლის დონემ დაიწიოს. შემდეგ უკვე სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება რა გავაკეთოთ. სავარაუდოდ ზაფხულში, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება,“ -განაცხადა ოქროპირიძემ.

წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა, მტკვრის შეცვლილი კალაპოტი, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით  წელს მოგვარდება. გარემოს დაცვის სამინისტროში ნაპირსამაგრი სამუშაოების განყოფილების უფროსი გიორგი აბულაძე, გორის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო, მისთვის აღნიშნული პრობლემა კარგად არის ნაცნობი. ხელმძღვანელ სტრუქტურებში მისი გადასვლა იმედია, ადიდებული მტკვრის პრობლემას მოხსნის…ასე ვარაუდობს მოსახლეობა

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები