კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს

21 მაისი, 2007

imedab.gifდამოუკიდებელი მედიასაშუალებების შემდეგ, სამართალდამცავებმა კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუტიეს. ორი დღის წინ, თელავის რაიონულმა პროკურატურამ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იმედა ლაზარიაშვილი დააკავა. პროკურატურა 20 წლის წარმატებულ სტუდენტს,  სამუშაო ოფისის მძარცველების დაფარვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო სექტორი კი მომხდარს ზეწოლად აფასებს და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.(ფოტოზე იმედა ლაზარიაშვილი )

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, იმედა ლაზარიაშვილი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის“ რაიონულ ოფისში მუშაობს. იგი კისისხევის ახალგაზრდულ სათემო კავშირს ხელმძღვანელობს. 2007 წლის 13 იანვარს, დღემდე დაუდგენელმა პირებმა მისი სამუშაო ოთახი გაძარცვეს. წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები. ქურდობის ფაქტზე თელავის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ოფისის კოორდინატორი გამომძიებელმა 2007 წლის 8 თებერვალს დაკითხა.

ოთხი თვის მანძილზე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაუხსნელობის გამო, გასულ კვირას „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ განცხადებით შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილში შეშფოთებას გამოთქვამს გამოძიების უსუსურობისა და უყურადღებობის გამო და სამართალდამცავებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

„როგორც ჩანს, ამ წერილმა პოლიციის და პროკურატურის ხელმძღვანელობები საკმაოდ გააღიზიანა, როგორ გავბედეთ და მათ უსუსურები შევკადრეთ. პროტესტის პასუხად, მათ, 19 მაისს, ჩვენი წარმომადგენელი იმედა ლაზარიაშვილი დააკავეს და გადაწყვიტეს, რომ იგი ჩვენების შეცვლის მოტივით, სსკ-ის 371 პრიმა მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ.

ლაზარიაშვილმა ადვოკატი მოითხოვა. იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მას დიაბეტი აქვს და ყოველდღიურად, დღეში ორჯერ სპეციალური სამედიცინო პრეპარატის მიღებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ ეს ფაქტი არ გაითვალისწინა. „საბედნიეროდ, მისი დაკავების ამბავი არასამთავრობოებისთვის მალევე გახდა ცნობილი,“ - აცხადებს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ვახტანგ მოსიაშვილი.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი აღნიშნავს, იმედა ლაზარიაშვილის მიმართ, რეალურად სსკ-ის 371 პრიმა მუხლის გამოყენების ობიექტური საფუძველი არ არსებობდა, რადგან იქ ნათლად არის მითითებული, რომ ჩვენების შეცვლის გამო პირს შეიძლება ბრალი დაედოს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენების შეცვლა არსებითად უშლის ხელს გამოძიებას. „ასეთი ფაქტს ლაზარიაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ეს იყო პროკურატურის მხრიდან შურისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით, მათ მიერ დაყენებული სამართლიანი მოთხოვნების გამო,“ - აცხადებს ადვოკატი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის ლელა ტალიურის ინფორმაციით, ასეთმა ანგარიშსწორებებმა რეგიონში ბოლო დროს პერმანენტული ხასიათი მიიღო. „თელავში ზედიზედ უკვე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი გაძარცვეს. ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურის უყურადღებობა გასულ კვირას წერილობით გააპროტესტეს, რასაც ეს დასაგმობი ფაქტი მოჰყვა. ასევე მკაცრად მოითხოვდა საკუთარი ოფისის გაქურდვის ფაქტის სრულყოფილ და დროულ გამოძიებას „ბუნების მოყვარულთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, რომლის მიმართაც გამოძიებას იგივე პრეტენზიები ჰქონდა. სამწუხაროა, როცა პროკურატურა დამნაშავეებს არასამთავრობო ორგანიზაციებში ეძებს და არა მის გარეთ,“ - ამბობს ლელა ტალიური.

მომხდარი ფაქტი დაგმეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ისინი ლაზარიაშვილის დაკავებისთანავე კახეთის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ და ვითარებაში გარკვევა მოითხოვეს. პროკურატურიდან არასამთავრობოების მოთხოვნას კარის ჩარაზვით გამოეხმაურნენ. იმედა ლაზარიაშვილის გათავისუფლება პროკურატურის შენობის წინ არასამთავრობოების საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ მოხერხდა.

გიორგი ბოკერია, „საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაციის“ ხელმძღვანელი: ძალიან არასასიამოვნო და შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. იგივე შეიძლება მოიქმომედონ ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ გაჩუმების, დაშინების ან სხვა მიზნით. ლაზარიაშვილის დაკავებამ ორგანიზაციაც დააზარალა. ის ახალგაზრდები, რომლებსაც ცენტრთან ურთიერთობა სურდათ, ასევე ისინი, ვინც უკვე თანამშრომლობენ მათთან, შესაძლოა დაშინდნენ და ეს თანამშრომლობა ვეღარ შედგეს.

თინათინ ფხოველიშვილი, „იურისტთა განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე: „მსგავსი მეთოდებით გაუსწორდნენ კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ რედაქტორსაც, როდესაც პოლიცია ცდილობდა მისთვის ბრალი დაედოთ რედაქციის ოფისის დარბევაში. დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. მოვითხოვთ, პროკურატურამ შესაბამისი განმარტება გააკეთოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულს ზეწოლად ვაფასებთ და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ.“

მიუხედავად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის არაერთი თხოვნისა, არც თელავის პოლიციაში, არც შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში და არც თელავის პროკურატურაში, იმედა ლაზარიაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები