კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის უნივერსიტეტს აუქმებენ

21 მაისი, 2007

studentebib.gif

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალს აუქმებენ. უმაღლეს სასწავლებელში უკვე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფილიალი პროფესიულ ინსტიტუტად გადაკეთდება. უნივერსიტეტი წელს არც სტუდენტებს მიიღებს. პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები კი შესაძლოა დიპლომების გარეშე დარჩნენ. მათ უკვე შესთავაზეს სხვადასხვა სასწავლებლებში გადასვლა, რაზედაც ისინი უარს აცხადებენ და საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.

უნივერსიტეტში არსებული რეორგანიზაციის და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სტუდენტებისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. „ლექტორებისგან გავიგეთ, რომ უნივერსიტეტის კახეთის ფილიალს აუქმებენ და მის ბაზაზე რაღაც სასწავლებლის ჩამოყალიბებას ცდილობენ. უშუალოდ ჩვენ, პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს რაც შეგვეხება, გვითხრეს, რომ დიპლომებს ვერ მოგვცემენ. უმაღლესი განათლების მიღების დასტურად სერთიფიკატებს გვთავაზობენ, რომელსაც ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ. რეორგანიზაცია კი არა, რაც უნდათ ის განახორციელონ, მაგრამ ჩვენ რა პირობებითაც მიგვიღეს, შეასრულონ და აქედან ბაკალავრის ხარისხით მაინც გაგვიშვან,“ - აღნიშნეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.

უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში მიმდინარე რეორგანიზაციას და მოსალოდნელ ცვლილებებს ადასტურებს თავად სასწავლებლის ადმინისტრაცია. რექტორის, გაიოზ ნადირაშვილის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და განათლების სამინისტროდან მიღებული წერილების, ასევე „პროფესიული ინსტიტუტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უნივერსიტეტის ყველა ფილიალმა წლის ბოლომდე არსებული ფორმით და სტატუსით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს:

„2007 წლის დასრულებამდე ფილიალების ფორმით მუშაობა უნდა შევწყვიტოთ და სტატუსი შევიცვალოთ. არსებულ ბაზაზე უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, რომელიც იქნება მომდევნო საფეხური სკოლისა და კოლეჯის შემდეგ. პროფესიულ ინსტიტუტში ოთხწლიანი სწავლება იქნება და სტუდენტებს ბაკალავრის ხარისხი მიენიჭებათ. შესაძლოა ასევე გვქონდეს ერთ-ორი სპეციალობა მაგისტრატურაში. რადგან ფილიალის სახით არსებობას ვწყვეტთ, ამიტომ წელს სტუდენტების ახალ ნაკადსაც ვერ მივიღებთ,“ - აცხადებს გაიოზ ნადირაშვილი

ჟ: ბატონო გაიოზ, რაც შეეხება პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს, მიიღებენ თუ არა ისინი დიპლომებს?

გ.ნ.: მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები დიპლომებს ჩვეულებრივ მიიღებენ. მესამე კუსრთან დაკავშირებით არის დავა. უნდოდათ ეს ბავშვები გადაენაწილებინათ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე კურსელების მსგავსად, მაგრამ მესამე კურსის სტუდენტებს მეცადინეობა თითქმის დამთავრებული აქვთ. ასევე თითქმის შესრულებული აქვთ კრედიტების ოდენობაც. მათი სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადაყვანა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გადახდასაც, როგორც სტუდენტები ამბობენ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ. სტუდენტების უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს.

უნივერსიტეტის გაუქმებას კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სავალდებულო ცვლილებების გარდა, იმ შენობას უკავშირებენ, სადაც ფილიალია განთავსებული: „შენობა სიღნაღში უმნიშვნელოვანეს ადგილზე მდებარეობს, საიდანაც ჩანს არა მარტო სიღნაღი, არამედ კახეთის დიდი ნაწილი. ეს შენობა უნივერსიტეტის ფილიალის გახსნამდე ტურბაზას ეკუთვნოდა. დღეს, სიღნაღში თითქმის ყველაფერი გაიყიდა. შენობა – ნაგებობებს და ნაკვეთებს უცხოელები მასობრივად ყიდულობენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ფილიალის შენობაში ტურისტული ორგანიზაციის და სასტუმრო - რესტორნების განთავსებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტისთვის რეზიდენციის მოწყობაც იგეგმება. უფრო მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ეს შენობა უკვე გაყიდულია,“ - აცხადებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

ამ ინფორმაციას უნივერსიტეტის რექტორი და მისი მოადგილე არ უარყოფენ, თუმცა, ვერც ვერაფერს ადასტურებენ. მათი თქმით, მსგავსი ინფორმაცია მათაც აქვთ გავრცელებული ცნობის დონეზე, მაგრამ ოფიციალურ წერილს ამის შესახებ არ ფლობენ: „უნივერსიტეტის შენობის დაცლა ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუთხოვია, თუმცა, საუბრობენ იმის თაობაზე, რომ პროფესიულ ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ, სასწავლებელი სიღნაღის რაიონის დაბა წნორში არსებულ ყოფილი ზოოვეტ ტექნიკუმის შენობაში განთავსდეს,“ - აცხადებს რექტორის მოადგილე მაია თოფურია.

„მე ვუთხარი სტუდენტებს, რომ თვითონ არ მაქვს ამ ეტაპზე ბევრ საკითხზე პასუხი. ველოდები მოვლენების განვითარებას,“ - აღნიშნავს რექტორი გაიოზ ნადირაშვილი.

უდიპლომოდ დარჩენის შემთხვევაში უნივერსიტეტის კახეთის ფილიალის სტუდენტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები