კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში გლეხები აჯანყდნენ

22 მაისი, 2007

glexebib.gif

გუშინ კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებში გლეხები ქუჩაში გამოვიდნენ. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ალაზნის სარწყავ არხში წყლის არარსებობა გახდა, რაც როგორც ნათესებს ასევე ნარგავებს საფრთხეს უქმნის. აქციებამდე გლეხებმა დახმარება ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. იმ შემთხვევაში თუ სარწყავ არხში წყალს სასწრაფოდ არ გაუშვებენ, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გაფართოვდება. გლეხები დღეს თბილისი - თელავის საავტომობილო გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა სახელმწიფო დანიშნულების სტრატეგიული ობიექტია და ის ექსპლუატაციაში 1933 წელს შევიდა. სისტემა სარწყავ წყალს აწვდის თელავს, გურჯაანს, სიღნაღსა და დედოფლისწყაროს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. 2005 წლის გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ სათავე ნაგებობების ზედა ბიეფი დაინგრა, რამაც კახეთის რეგიონს დატბორვის საშიშროება შეუქმნა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტი დააფინანსა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, ფონდის კონტრაქტორ ფირმას „დ.ტ.ს“ დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოეყო. ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 15 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ კახეთში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. „სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, წყალდიდობისას მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა აღარ მოხდება. ზაფხულში საირიგაციო სისტემები ამუშავდება და მიწა ალაზნის წყლით მოირწყვება. სარწყავ არხში კი წყლის გაშვება 15 მაისისთვის მოხდება. შეიძლება ითქვას, რომ კახეთს გვალვა აღარ ემუქრება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.

ამ იმედით გლეხებმა და ფერმერებმა ნაკვეთებში სასოფლო – სამეურნეო კულტურები გადარგეს, თუმცა, კახეთის 60-მდე სოფელი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი. სარწყავ არხში წყლის გამოშვების მოთხოვნით, სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა გლეხებმა ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. მათ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.

„გამგეობაში რამდენჯერმე ვიყავით, მაგრამ გამგებელი არცერთხელ არ შეგვხვდა. მისი ხელქვეითები კი დღემდე გვატყუებენ, აი ხვალ გაუშვებენ წყალს, ზეგ გაუშვებენ წყალს და ასე გავიდა ორი კვირა. სოფელში სადაც ერთი გუბე იყო ყველა დავაშრეთ და დღემდე ნათესები და ნარგავები ამ გზით შევინარჩუნეთ. ამჟამად წყალი არსად აღარ არის. თუ დღეს ან ხვალ არხში წყალი არ გაუშვეს, ნათესები მთლიანად განადგურდება, რადგან როგორც უკვე გითხარით, მორწყვის ალტერნატიული საშუალება არ გვაქვს,“ - აღნიშნეს გლეხებმა, რომლებმაც გუშინ პროტესტი უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ გამოხატეს, საიდანაც შპს „ალაზანი – მ“ -ის ოფისთან გადაინაცვლეს. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იმ ოთხ შპს-ს შორის ერთ-ერთია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ლიკვიდირებული მელიორაციის დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და რომელსაც სარწყავ წყალთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და შესაბამისად მოხმარებული წყლის გადასახადის აკრეფა ევალება.

შპს „ალაზანი - მ“-ის ხელმძღვანელობა გლეხებს არ შეხვდა, რამაც ისედაც აღელვებული მოსახლეობა კიდევ უფრო აღაშფოთა.

„ბოლოს და ბოლოს რა უნდათ, ვერ გავიგეთ. კახეთმაც ავტონომია მოვითხოვოთ? მანამდე ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ? მშიერი ვართ ხალხი. კიტრის, პომიდორის და ლობიოს მოყვანას ვცდილობთ, რომ არ დავიხოცოთ და ამის საშუალებასაც გვართმევენ. სიღნაღის რაიონიდან ჩამოვედით და დაგვემალნენ,“ - განაცხადა სოლომონ ქუმსიაშვილმა.

„ჯერ წყალს ფასი დაადეს, შემდეგ იძულებულებს გვხდიან, რომ გადავიხადოთ კატასტროფულად გაზრდილი გადასახადი და წყალს მაინც არ გვაწვდიან. მაშ არ იცის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ კახეთი შიმშილობის ზღვარზე დგას? და არა მარტო კახეთი, საქართველოს დიდი ნაწილი, რადგან თუ ვერაფერი მოვიყვანეთ, რას გავყიდით... 60-მდე სოფელი ამ წყლის იმედზეა. ნაკვეთებში ყველაფერი ხმება. ხვალ თუ წყალი არ გაუშვეს, საკუთარ თავზე პასუხს ვეღარ ვაგებთ. სად წაიღეს ათი მილიონი? ამ ფულით ახალი არხი გაიჭრებოდა, თანაც ყოველწლიურად რაღაც სარებილიტაციო სამუშაოებს ატარებენ და წყალს სწორედ იმ დროს წყვეტენ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება,“ - აღელვებას ვერ მალავდა თელაველი გლეხი რობიზონ ლუაშვილი.

ჩვენთან საუბარში შპს „ალაზანი –მ“-ის დირექტორმა ალექსანდრე კაჭარავამ აღნიშნა, რომ მას ესმის ხალხის გასჭირი, თუმცა, სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება, წყალი არ იქნება: „რადგან სამშენებლო ორგანიზაცია ჯერ ისევ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, წყლის მიწოდება შეუძლებელია. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ, რადგან სამუშაოების დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია,“ - განაცხადა კაჭარავამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ალაზნის სარწყავ არხში წყლის არგაშვების მიზეზი, 2007 წლის აპრილის და მაისის თვეში მოსულმა ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, რომელმაც ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის უბნები დააზიანა.

„სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა შრომის ხევის და კარდენახის ხევის მაგისტრალურ არხთან გადამკვეთ უბანზე. აღნიშნული ხევებიდან ა.წ. 6 მაისს გადმოვარდნილმა ქვა-ღორღმა ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი შეავსო, რის გამოც 15 მაისისთვის შეუძლებელი გახდა სარწყავი სეზონისთვის მაგისტრალურ არხში წყლის გაშვება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, წმენდითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგისტრალური არხის ექსპლუატაციის სამსახურის შპს „ალაზანი მ“-ისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ა.წ. 15 მაისს წყალდიდობის შედეგად ამოვსებული მაგისტრალური არხის წმენდითი სამუშაოების ჩატარებაში დახმარებასთან დაკავშირებით დავალება მიიღო.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსირებადი „ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში ფონდის კონტრაქტორის (შპს დ.ტ.ს.) მიერ სასწრაფოდ იქნა მიღებული ზომები ამოვსებული მაგისტრალური არხის უბნებზე წმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით. წმენდითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, 23 მაისისათვის დასრულდება,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.

გლეხებს კი დაპირებების აღარ სჯერათ და დღეიდან ისინი მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები