კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაციული ვაკუუმის შექმნის სენი გორის ადმინისტრაციულ შენობაში

23 მაისი, 2007

chvenebib.gif

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ მიისწრაფის, ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება ისევ და ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამჟამინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არც თუ ისე ცუდი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი შექმნა, სადაც მე-3 თავი ინფორმაციის  თავისუფლებას და საჯაროობას ეხება.

გორის მუნიციპალიტეტში, შეიძლება ითქვას, ამ კოდექსს არავინ ასრულებს. საჯარო ინფორმაციის დროულად მიღება, ადმინისტრაციული შენობიდან თითქმის შეუძლებელია. გორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები ფორმალურად არიან დანიშნულები. თუ მუნიციპალიტეტის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილი გამგებლის, ან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე არ არის დაწერილი, მისი ჩაბარება კანცელარიაში შეუძლებელია. მეტიც, კანცელარიაში შესული წერილები რეგისტრაციაში მხოლოდ მას მერე ტარდება, რაც გამგებელი, ან საკრებულოს თავმჯდომარე რეზოლუციას დაადებს(?!).

„ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი, საჯარო ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციიდან უკვე ორი წელია ითხოვს. ჟურნალისტმა ვადების დარღვევის გამო სასამართლოს მიმართა. დალაქიშვილმა  გორის რაიონულ სასამართლოში საქმე მოიგო, მაგრამ სამხარეო ადმინისტრაციამ საოლქო სასამართლოს მიმართა, სადაც საქმე ისევ დალაქიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. ადმინისტრაციამ არც ამჯერად ისურვა საჯარო ინფორმაციის გაცემა და ახლა აპირებს უზენაეს სასამართლოს მიმართოს. რატომ იტკიებენ ასე თავს ხელისუფლების წარმომადგენლები გაუგებარია, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მშვენივრად არეგულირებს, როგორ და რა დროს ხდება საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა.

სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ალექსი ჯალაბაძე აცხადებს, რომ „გორის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი პუნქტები, რომლებიც მხედველობაში უნდა მიეღოთ.“ ჯალაბაძემ საოლქო სასამართლოში, ბოლო პროცესზე განაცხადა, რომ არ იცოდა დალაქიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციას განცხადებით თუ მიმართა(?!).

დალაქიშვილი სამხარეო ადმინისტრაციიდან პასუხს ითხოვდა შემდეგ საკითხებზე: 1. ვინ დაამონტაჟა ქალაქში ძვირადღირებული დეკორატიული განათებები და ვინ იხდის დახარჯული ელექტრო-ენერგიის საფასურს. 2. ვინ შეღება ქალაქის ცენტრში ფასადები,  3. ვინ დაამონტაჟა ქალაქის ცენტრში მონიტორი.

ალბათ ნათელია, იმ ქალაქში, სადაც მხარის რწმუნებულის გარეშე არაფერი ხდება, სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხებზე კარგად იყო ინფორმირებული. „გორში ხელისუფლებასა და ჟურნალიტებს შორის ურთიერთობის პრობლემას ის ქმნის, რომ დღევანდელი  ხელისუფლების წარმომადგენლებს ტყუილის თქმაც კი არ შეუძლიათ, არ გააჩნიათ უნარი კითხვაზე პასუხი გასცენ. ცალკე საკითხია, კომენტარი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, მაგრამ კონტაქტს ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან კატეგორიულად ერიდებიან, ასეთი რამ წინა ხელისუფლების დროს არ ხდებოდა. ახლა ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ინტელექტის პრობლემა აქვთ და არ იციან როგორ ისაუბრონ,“ - ამბობს ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის გოგა აფციაურის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი თავი, ბოლო დროს  სრულ იზოლაციაში მოიქციეს. „ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მე ძირითადად სატელეფონო კომენტარებისთვის ვაწუხებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლში, მიხეილ ქარელთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან კომენტარს ვერასდროს ვწერ, რადგან ისინი ჩემს ზარებს არ პასუხობენ. ადმინისტრაციაში არიან ისეთი ხალხიც, ვისაც კომენტარის გაკეთება არ უჭირს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა.  რიგ ჩინოვნიკებს ქარელისგან პირდაპირ დავალება  აქვთ მიღებული, რომ ჩემს ზარებს არ უპასუხონ, მე მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ვიცი, პრობლემები შეექმნებათ. კომენტარის გაკეთების დროს დგება მათი კომპეტენციის საკითხიც, რატომღაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს „ახლობელ ჟურნალისტებთანაც“ აღარ აკეთებენ კომენტარს,“ -აცხადებს გოგა აფციაური.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ დაწყებულ „კამპანიაზე“ საუბრობენ. „თრიალეთის“ ჟურნალისტის ნინო ჩიბჩიურის განცხადებით, მათ იმის საშუალებაც კი არ ააქვთ, რომ გორის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ:

„ვერ ვიგებთ როდის ტარდება სხდომები. ადმინისტრაციულ შენობაში საერთოდ არ გვიშვებენ. საშვს არ გვაძლევენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქარელის პირდაპირი დავალებაა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოგვცენ კომენტარი. პირადად ჩემზე შანტაჟი ხორციელდება. სახლში დარეკეს და დედაჩემს უთხრეს, რომ თუ ქარელზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე, მარლენ ნადირაძეზე სიუჟეტების გაკეთებას არ მოვეშვები, არ მაცოცხლებენ,“- აცხადებს ნინო ჩიბჩიური. „თრიალეთის“ ჟურნალისტმა აღნიშნულთან დაკავშირებით გორის პოლიციის სამმართველოში განცხადება უკვე შეიტანა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებით, მათზე განუწყვეტლივ ხორციელდება სხვადასხვა სახის ზეწოლა. კომენტარების მოპოვება კი შიდა ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუძლებელია.

„თრიალეთის“ ჟურნალისტების თქმით, მათ აპრილის თვეში საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვეს ეცნობებინათ საკრებულოს სხდომის ჩატარების დრო. თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ქარელისა და სხვა მაღალ თანამდებობის პირებისგან კომენტარის მოპოვება შიდა ქართლში ჟურნალისტების უმეტესობისთვის შეუძლებელია. ხელისუფლებისა და საზოგადოების გათიშულობაზე ბევრს საუბრობენ ასევე გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის არასდროს არ მიდიან არასამთავრობო სექტორის მიწვევებზე, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხიდჩატეხილობის პრობლემას ქმნის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა" რამდენჯერმე  სცადა ტელეფონით დაკავშირება შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან მიხეილ ქარელთან და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ვასილ მახარაშვილთან, თუმცა, ისინი არც პირად და არც სამსახურებრივ ტელეფონს არ პასუხობენ.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები