კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში დევნილთა გასახლება იწყება (ნაწილი II)

23 მაისი, 2007

devnilebib.gif

ზუგდიდში ყოფილ ყრუ-მუნჯთა ასოციაციის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა გასახლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს პარლამენტს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან. მიმართვის ავტორები თვლიან, რომ დევნილთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს შემდგომ პროცესებზე და დაარღვიოს დევნილთა უფლებები ადვეკატურ საცხოვრებელზე.

მათივე თქმით, მფლობელები ცდილობენ გამოიყენონ სამოქალაქო კოდექსში და პოლიციის მიმართ კანონში შეტანილი ცვლილებები დევნილების გამოსახლების მიზნით. ამავე დროს, შეჩერებულია დევნილთა გადამისამართება ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე (კოლექტიურ ცენტრებში), რის გამოც, დევნილთა მთელი რიგი ოჯახები და ცალკეული პირები, ვერ ახერხებენ ფაქტიურ საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაციას.

„იქიდან გამომდინარე, რომ იმ შენობების თითქმის 70%, რომლებშიც დევნილები ცხოვრობენ,  კერძო მესაკუთრეობაში იმყოფება, მოსალოდნელია რომ დევნილთა გამოსახლება, უფლებების დარღვევით, შეიძლება კვლავაც გაგრძელდეს, რაც  კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილთა დიდ რაოდენობას თავშესაფრის გარეშე დატოვებს.

გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ ინიცირება მოახდინა და შემდგომ დაამტკიცა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, რომლის შექმნაში დიდი წვლილი სამოქალაქო საზოგადოებამ შეიტანა, და რომელმაც გაითვალისწინა როგორც დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების პირობების შექმნა, ასევე  დევნილი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა.

მიგვაჩნია რომ, საქართველოს პარლამენტმა  ყურადღება უნდა გაამახვილოს დევნილთა უფლებების დაცვაზე და საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე, რომლებიც დაფიქსირებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში. 

ამასთან დაკავშირებით  დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შემდეგი წინადადებებით:

1.  გადაისინჯოს ის ცვლილებები, რომლებიც  შეტანილ იქნა სამოქალაქო კოდექსში, მუხლი 172, ასევე - საქართველოს კანონში -  „პოლიციის შესახებ” (მუხლი 9), და მიღებულ იქნას სათანადო დათქმა, რომელიც დევნილებს უკანონო გამოსახლებისაგან დაიცავს;

2. განიხილოს კოლექტიურ ცენტრებში რეგისტრაციის გარეშე მცხოვრებ დევნილთა სიტუაცია და შემუშავდეს მათი დაცვის შესაბამისი მექანიზმები;

3. დევნილთა განსახლების პრობლემის დარეგულირების მიზნით, კერძოდ, განსახლების პროცესში ადეკვატური კომპენსაციის/ალტერნატიული საცხოვრებლის დაკმაყოფილების მიზნით (როგორც ეს დაფიქსირებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ საქართველოს კანონში (მუხლი 4),  შეიქმნას ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დევნილების წარმომადგენლები.

4. რეკომენდაცია მიეწოდოს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, რათა შეიქმნას და დამტკიცდეს განსახლების წესი, რომელიც სავალდებულო გახდება ყველა სახელმწიფო უწყებისა და კერძო პირებისათვის,” - ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვას და გამოცდილებას არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართ და იმასაც, რომ არასამთავრობო სექტორი მზად არის თანამშრომლობისათვის.

შენობის მესაკუთრის, ნიკოლოზ კვიკვინიას მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა პირველ ივნისს იწურება, დევნილებს შენობის დასაცლელად 9 დღე რჩებათ, ისინი ამბობენ, რომ შენობას ასეთ მოკლე პერიოდში ვერ დაცლიან, მით უფრო, რომ მათ წასასვლელი და ღამის გასათევი ადგილი არ გააჩნიათ: „გვეუბნებიან გადით, შენობა ჩვენი არისო, გასვლა ისე ადვილი არ არის, რომ პირველ ივნისამდე აქაურობა დავცალოთ. ჩვენ აქ 1998 წლიდან ვცხოვრობთ და თავის დროზე სამინისტროს ნებართვით ჩავსახლდით ამ შენობაში. ახალმა მეპატრონემ უკვე დაიწყო ამ შენობის გადაკეთება, საწყობები ააშენა, აქ ქალებს სარეცხისთვის სპეციალური ადგილი ჰქონდათ, ისიც მოანგრიეს,” -  ამბობს დევნილი ფრიდონ ქაჯაია. ქაჯაიას ოჯახის მსგავსად ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობა ერთადერთი თავშესაფარია კიდევ 32 ოჯახისთვის, რომლებმაც დახმარებისთვის უკვე რამდენიმე ორგანიზაციას მიმართეს. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება და ინვესტორი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და ალტერნატიულ საცხოვრებელს ან თანხას არ გამოუყოფს, ისინი მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ, მათი თქმით, ამ აქციებში ზუგდიდში მცხოვრები ყველა დევნილი მიიღებს მონაწილეობას.

 ინორმაციისთვის, ზუგდიდში სულ 60 ათასი დევნილი ცხოვრობს, მათგან 30 ათასი კი კომპაქტურადაა ჩასახლებული.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები