კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლისღვრა რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე

24 მაისი, 2007

samil_gazimagamedovib.gifორი კვირის წინ, ყვარელში ლეკებს შორის მომხდარი ინციდენტი სისხლისღვრით დასრულდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ნაჯახებით და ხანჯლებით დაჩეხეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობის მუხლებით აღიძრა. დაპატიმრებულია 30 წლის შამილ გაზიმაგამედოვი, რომელსაც თანასოფლელები შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელობასა და ხალხის დატერორებაში ადანაშაულებენ. სოფელ სარუსოს მოსახლეობის ნაწილი გაზიმაგამედოვის დევნას მის გაქრისტიანებას უკავშირებს და პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

ოფიციალური ინფორმაციით, შამილ გაზიმაგამედოვი ციხეში პირველად 17 წლის ასაკში მოხვდა. მას მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ლეკური ტრადიციის მიხედვით, დედამისი ცოლად შამილის ბიძას, ანუ მამის ძმას უნდა შეერთო, რაზედაც დედა-შვილმა უარი განაცხადეს.

„შამილი სამწყემსოდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში შესულმა დაინახა, რომ მისი ბიძა დედამისზე ძალადობა. დედამ შამილს დახმარება სთხოვა, მან კი ბიძას სახლის დატოვება მოსთხოვა. წინაღმდეგობის გაწევის შემდეგ, ისინი წაკამათდნენ. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც შამილს მამის ძმა შეამოაკვდა. ის მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს,“ - იხსენებენ გაზიმაგამედოვის მეზობლები.

მათივე თქმით, გაზიმაგამედოვი ციხიდან რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. „ყვარლის რაიონის სოფელ სარუსოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მთაში ერთადერთი ქართული ეკლესიაა. როდესაც შამილი ციხიდან გამოვიდა, სოფელში ჩამოსვლისთანავე ეკლესიას მიაშურა და სანთლები დაანთო, რაც ძალიან გაგვიკვირდა, თუმცა, არაფერი გვიკითხავს. მეუღლემ აგვიხსნა, რომ იგი საპყრობილეში ქრისტიანად მონათლულა. მას შემდეგ შამილი ხშირად ადიოდა ეკლესიაში. ასუფთავებდა და პატრონობდა სალოცავს და მიმდებარე ტერიტორიას. რამდენჯერმე ეკლესიაში ხატები და ჯვარიც აიტანა, თუმცა, ეკლესიას ხშირად ძარცვავდნენ და არბევდნენ. გაზიმაგამედოვმა გაიგო, რომ ამას მისი მუსულმანი თანასოფლელები აკეთებდნენ და მათ ბევრჯერ დაუპირისპირდა. ისინიც და ჩვენც გაგვაფრთხილა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი კიდევ თუ ექნებოდა, აღარ გვაპატიებდა. ეკლესია კი მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დაარბიეს. ჩვენც მუსულმანები ვართ, მაგრამ არ ვაპროტესტებიდით გაზიმაგამედოვის გაქრიასტიანებას, თუმცა, მაგამედ ჯალილოვი და მისი მხარდამჭერები უხეშად იქცეოდნენ,“ - აცხადებენ ჩვენთან საუბარში ზაირა ხალილოვა, საქინათა რამაზანოვა და სხვები.

გაქრისტიანებულ ლეკს მუსულმანი ლეკები განსაკუთრებით მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც შამილ გაზიმაგამედოვი, მისივე თხოვნის საფუძველზე, საქართველოს შეაიარაღებული ძალების რეზერვისტად გაიწვიეს. „ყვარლის რაიონის ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულს და აქ მცხოვრებს, მინდოდა რეზერვისტად მემსახურა, რაზედაც დამთანხმდნენ. ჩემი დევნის ერთ-ერთი მიზეზი მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ, ეს ფაქტორი გახდა. რეზერვისტთა ბანაკში სანამ წავიდოდი, მაგამედ ჯალილოვის ხალხი დამიკავშირდა და გამაფრთხილეს, შეიარაღებულ ძალებში არ წავსულიყავი, რადგან, ამის შემდეგ, შესაძლოა, ისინიც გაეწვიათ რეზერვისტებად, რაც მათ არ სურდათ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება არ შემიცვლია. გარდა ამისა, მაგამედ ჯალილოვი, რომელიც მცირე ხნის წინ მომხდარი შეტაკების მთავარი ორგანიზატორი იყო, და რომელსაც დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, სოფელში გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდა. მას ის აწუხებდა, რომ ხალხი მე მიჭერდა მხარს და მისი ჩემს წინააღმდეგ ამხედრების ერთ-ერთი მიზეზი, ესეც იყო. თუმცა, ყველაზე მეტად მათ ის აღიზიანებდათ, რომ გავქრისტიანდი და ყვარელში მცხოვრებ ქართველებთან ახლო ურთიერთობა მქონდა,“ - ამბობს შამილ გაზიმაგამედოვი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში.

მაგამედ ჯალილოვის შამილ გაზიმაგამედოვთან დაპირისპირებას, სხვა ფაქტებსაც უკავშირებენ. სარუსოს მკვიდრი დიანა გაზიმაგამედოვა იხსენებს, როგორ დაესხა მას თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მაგამედ ჯალილოვი, მისი გაუპატიურების მიზნით.

„ბოლო ინციდენტი სისხლისღვრამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. მაგამედ ჯალილოვი სახლში მომივარდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მითხრა, რომ ჩემი ცოლად შერთვა სურდა, ბევრი ფული ჰქონდა და ხალხიც ჰყავდა, რომლებიც მას მფარველობდნენ. ჩემს ყვირილზე მეზობლები მოვიდნენ და ჯალილოვი წავიდა. მომხდარის შესახებ როგორც გურჯაანის, ასევე კახეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შევიტანე, ყვარლის პოლიციასაც მივმართე და რეაგირება მოვითხოვე, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა.

ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ის, სხვა ოჯახსაც მიუვარდა და ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება სცადა. ხმამაღლა ამბობდა, რომ სოფელი ჩემია, მხოლოდ შამილა მიშლის ხელს და მაგასაც მოვიშორებთო. გაზიმაგამედოვი ჩემი ნათესავია. ამიტომაც მაგამედ ჯალილოვი გააფრთხილა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა და ასეთ ფაქტს ადგილი აღარ ჰქონოდა. ...ჯალილოვმა მიზანს მიაღწია. პროვოკაცია მოაწყო, ჩხუბი მოხდა, თვითონ დღეს დაზარალებულია, უდანაშაულო გაზიმაგამედოვი კი ციხეში ზის. ჯალილოვის ხელშია მთელი სოფელი და ყველას გვაშინებს. სოფლის წყაროდან წყლის აღების საშუალებასაც არ გვაძლევს და გვემუქრება,“ - აღნიშნავს დიანა გაზიმაგამედოვა.

ამჟამად შამილ გაზიმაგამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პოლიცია მას მაგამედ ჯალილოვის მკვლელობის მცდელობაში და ხულიგნობაში სდებს ბრალს.

თავად მაგამედ ჯალილოვი ბრალდებებს უარყოფს. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს გამოძიება გაარკვევს“.

სარუსოს მოსახლეობა კი შამილ გაზიმაგამედოვის გათავისუფლებას ითხოვს. მათი თქმით, ის რწმენის თავისუფლების მსხვერპლია და დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვენ.

ამ საქმით ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა. როგორც ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, მათ შესაძლებლობების ფარგლებში მომხდართან დაკავშირებით მოიკვლიეს მასალები, სადაც გამოიკვეთა, რომ ნამდილად აქვს ადგილი, რელიგიური ნიშნით ადამიანის დევნას. „საქართველოს კონსტიტუციით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა ჩამოთვლილ თავისებურებათა გამო, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს, რასაც ამ შემთხვევაში გაზიმაგამედოვის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იგი აბსოლუტურად მართალია, თუმცა, მის მიმართ მოსახლეობის ნაწილის ბრალდებები, შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბებისა და მართვის თაობაზე, გაზვიადებულია. ამ საკითხზე მუშაობისას გავარკვიეთ, რომ სოფლებში, სადაც ლეკები ცხოვრობენ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს როგორც გაფორმებული, ასევე გაუფორმებელი იარაღი, რაც კრიმინალური ფაქტების განხორციელებას თავისთავად ხელს უწყობს. აღნიშნულის აღსაკვეთად პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები აუცილებლად უნდა გაატაროს,“- აცხადებენ უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

გაზიმაგამედოვის გაუთავისუფლებლობის შემთხვევაში ლეკები საპროტესტო აქციებითაც იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები