კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ დაანგრია მშენებარე ეკლესია?

25 მაისი, 2007

ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე, წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დანგრევამ საზოგადოებაში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეკლესიის დანგრევამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, ბათუმ-ქობულეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის დარწმუნებას ცდილობდა, მშენებლობა შეეჩერებინა და ტერიტორია სახელმწიფოსათვის დაეთმო. პარალელურად ქობულეთში რამდენიმე რკინის ჯვარის დემონტაჟი განხორციელდა. მრევლი და ეკლესიის წარმომადგენლები ამ ფაქტებს მართმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვამენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. დანგრეული ეკლესიის ხელახალი მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.

ბათუმთან ახლოს, სოფელ ფერიის მთაზე, სადაც ადრე რუსული სამხედრო ნაწილი იდგა, წმინდა ათონელ მამათა მონასტრის აშენება იგეგმებოდა. პირველად წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ეკლესიის ადგილის კურთხევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ეკლესია შემოწირულებობებით შენდებოდა. ყველაზე დიდი შემოწირულობა კომპანია „სილქ როუდმა“ განახორციელა და ტაძრის ასაგებად სასტუმრო „მედეას“ ნანგრევებიდან ამოღებული აგური და სხვა სამშენებლო მასალების გადასცა.

ფერიის მთით ხელისუფლება მოულოდნელად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ეკლესიის მშნებლობა თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის, ბადრი შავლიძის განცხადებით (სოფელი ფერია ჯერ-ჯერობით ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ამჟამად მისი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევაზე მიმდინარეობს მუშაობა), მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა და დემონტაჟს ექვემდებარებოდა: „ეს არის სტრატეგიული ადგილი. აქ კომუნისტრების დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარები იყო განლაგებული. ეკლესიამ უნებართვოდ დაიწყო იქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ თავად გაუკეთენონ დემონტაჟი იქ დაწყებულ ნაგებობას. არანაირირ ეკლესია იქ არ არის. ორმეტრიანი კედელია. თუ თავად არ გააკეთებენ ამას, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამ მშენებლობის დემონტაჟი,“ - განაცხადა შავლიძემ.

მართლაც გამთენიისას ფერიის მთას სპეცრაზმელთა რაზმები და ადმინისტრაციული ინსპექციის წარმომადგენლები ეწვივნენ. მშენებლობა მიწასთან გაასწორეს.

ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის მეორე დღეს შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა თაოსნობით, მშენებლობა კვლავ განახლდა. ხელისუფლებას კი კანონი არათუ გადაავიწყდა, საერთოდაც მიიმალა. ეკლესიის მშენებლობას, რომელიც ფინანსური სიძნელეების გამო ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ხელისუფლების მიერ დანგრევის ფაქტმა დიდი სარეკლამო სამსახური გაუწია. ფერიის მთისკენ მიმავალი საზოგადოების მრავალრიცხოვანი ჯგუფების გამო, ბათუმში სპეციალური სიები დგება. ეს ჯგუფები იმის მიხედვით იქმნება, თუ ვინ რა სახით მიიღებს მშენებლობაში მონაწილეობას - ფიზიკურად, ფინანსებით თუ კვების პროდუქტებით. 

ბათუმისა და ქობულეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის განცხადებით,  აღნიშნული ტერიტორია თავის დროზე ფერიის მოხუცთა თავშესაფარის კუთვნილება იყო (თავშესაფარი რამდენიმე წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა). რუსულმა სამხედრო ნაწილმა ამ მთაზე ადგილი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიკავა. რამდენიმე წლის წინ, სამხედროებმა ეს ტერიტორია გაათავისუფლეს: „აღნიშნული ტერიტორიის მოხუცთა თავშესაფრისათვის დაბრუნების მოთხოვნით, არაერთხელ მივმართეთ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას. მათგამ პასუხი არ მიგვიღია,“ - აცხადებს მეუფე დიმიტრი. იგი იმ ფაქტსაც ახმოვანებს, რომ ამ ადგილით ბოლო დროს ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაინტერესდნენ: „მე ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დამიკავშირდა. მან მითხრა, პრეზიდენტს იქ რაღაცის აშენება სურს და ტერიტორია გაათავისუფლეთო. მე ვკითხე, თუ რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში პრეზიდენტი, რომ იქ ტაძარი შენდებოდა. ვერ შევკადრეთო - განმიცხადა ვარშალომიძემ.“

ფერიაში ეკლესიის დანგრევას მთელი ოპოზიციური სპექტრი გამოეხმაურა: „წარმომიდგენია, ასეთი რამ რომელიმე რელიგიური უმცირესობის მიმართ რომ განხორციელებულიყო, მთელი ქვეყანა დაინგრეოდა,“ - აცხადებს პარლამენტარი კახა კუკავა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაცია კი ლევან ვარშალომიძის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და მის გადაყენებას მოითხოვს. ბათუმში საგანგებოდ ჩამოსული „ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელის, კახა შარტავას განცხადებით, „როცა ამაღლება დღეს ეკლესია ინგრევა, ამაზე უარესს ხელისუფლებისაგან რაღას უნდა ელოდო. საქართველოში 1935 წლის შემდეგ ეკლესიის დანგრევის შემთხვევა არ ყოფილა. სააკაშვილმა სტალინის მმართველობის დასაწყისში დაგვაბრუნა“... მოგვიანებით, ოპოზიციამ აჭარის პროკურატურაში ეკლესიის დანგრევასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელთა განცხადებით, ეკლესიის დანგრევის ფაქტი უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილსა და შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს უკავშირდება: „ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა პრეზიდენტის მრავალდღიან ვიზიტებს აჭარაში. ფერიის მთიდან ბათუმი ხელისგულივით მოჩანს. საუბარია იქ ფუნიკულიორისა და გასართობი ცენტრის მოწყობაზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს ადგილი შინაგან საქმეთა მინისტრის,  ვანო მერაბიშვილის ინტერესებში შედის.“

 ეკლესიის ხელყოფამ უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია სხვადასხვა კონფესიებშიც. მუსულმანური სარწმუნოების ლიდერის, აჭარის მუფთის ბეჟან (ბექირ) ბოლქვაძის განცხადებით, ღვთის სახლის დანგრევა, კონფესიის მიუხედავად, მიუღებელია: „ეკლესია იქნება ეს, მეჩეთი თუ სინაგოგა, ღვთის სახლად ითვლება და დაუშვებელია მისი დანგრევა.“ ასეთივე განცხადებას აკეთებს კათოლიკეთა მოძღვარი, მამა გაბრიელ ბრაგანტინი და ამატებს, რომ „საქართველოში ხელისუფლებასა და ზოგადად კონფესიებს შორის პრობლემები მართლაც არსებობს. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც სამლოცველო სახლების მშენებლობას შეეხება.“

ეკლესიის დანგრევასთან დაბნეულობაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, არ იცის, თუ ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი ვანდალური საქციელი. უმაღლესი საბჭოს წევრი, ავთანდილ ბეჟანიძე კი აცხადებს, რომ ეკლესიის დანგრევა აჭარის ხელისუფლებისგან ვერ მოხდებოდა. ეკლესიის დანგრევას ვანდალიზმად აფასებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ელენე თევდორაძე და ალეკო შალამბერიძე. ქობულეთის მაჟორიტარი კობა ხაბაზი კი აცხადებს, რომ: „თუ ვინმეს ფუნიკულიორის ან სხვა ნაგებობის აშენება სურს, ამისათვის ალტერნატიული ადგილის გამონახვაც შეიძლებოდა და არ იყო საჭირო ეკლესიის დანგრევა.“

ერთადერთი, ვინც ეკლესიის დანგრევის გამართლებას შეეცედა,  ბათუმის მერი ირაკლი თავართქილაძეა, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიის აღზრდილია. იგი ხელისუფლების მიერ ფერიის მთაზე განსახორციელებელ პროექტებსაც ახმოვანებს. მისი თქმით, აქ ფუნიკულიორის აშენება მართლაც იგეგმება. „ეკლესიის დანგრევა ვანდალიზმია, მაგრამ თითოეული უკანონო მშნებლობა კანონიერების ფარგლებში უნდა მოექცეს. მოგეხსენებათ, ფერია უახლოეს ხანში ბათუმს უნდა გადმოეცეს და ეს ადგილი ფუნიკულიორის, გასართობი და დასასვენებელი ადგილისათვის ზედგამოჭრილია. შესაძლოა აქ საქართველოსათვის დამახასიათებელი კულტურის ძეგლიც კი დაიდგას.“ თავართქილაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ძეგლის დადგმაზეა ლაპარაკი.

ეკლესიის დანგრევას გაუგებრობა უწოდა ხელისუფლების იდეოლოგიურ მამამთავრად წოდებულმა გიგა ბოკერიამ. იგივე გაიმეორა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც გაუგებრობას `მოგვარებადი პრობლემა~ უწოდა. მოგვიანებით კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა და გაუგებრობა ამოწურულად გამოაცხადა. პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრის შედეგს ახმოვანებს თბილისის მერი (ბათუმის მერის თანაკურსელი სემინარიაში) გიგი უგულავა. მისი თქმით მთაზე ეკლესია აშენდება, მაგრამ მონასტერი აღარ იქნება. ეკლესიასთან ერთად კი იქნება ფუნიკულიორი და ტურიზმისათვის ხელშემწყობი ობიექტებიც.

ხელისუფლების მხრიდან ჯერაც არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, თუ ვისი ბრძანებით დაინგრა ეკლესია. ოპოზიცია კი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ტაძრის დანგრევის ბრძანების გამცემის დადგენასა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ხელისუფლებაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბიან. მაია ნადირაძის განცხადებით, „ოპოზიცია ეკლესიის თემით, უბრალოდ სპეკულირებს“.

როგორ დასრულდება ფერიის ეკლესიის სკანდალი, ჯერ უცნობია. ხულოს ყოფილი გამგებლის, ოთარ ცეცხლაძის თქმით, სცენარი შეიძლება მარტივად განვითარდეს: „განტევების ვაცად შეიძლება ხელვაჩაურის გამგებელი, ბადრი შავლიძე იქცეს, თუმცა, ყველასათვის ცხადია, რომ მას ზევიდან დაავალეს.“ ცეცხლაძეს ზევიდან დავალებისა და დამვალებელის ხსნის მწარე გამოცდილება აქვს. იგი სამი წლის წინ ვარშალომიძის ერთ-ერთი დავალების შესრულების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ციხეში იჯდა და საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები