კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუხობორების ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები

25 მაისი, 2007

მოხუცთა სოფელი

moxucebi.gifსოფელ გორელოვკაში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. ყველა რესპოდენტი 50 წელს ზემოთაა: ,,ახლა ყველგან მხოლოდ მოხუცებს თუ ნახავთ - ნაკვეთზეც, გზაზეც, ეზოებშიც...აქ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები დარჩნენ. ჩემთან სახლში მე და 82 წლის მამა  ვცხოვრობთ, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა და მას ვუვლი. ჩემი შვილები კი რუსეთში წავიდნენ. უმცროსი შვილი მაშინ წავიდა, როცა პირველი გადასვლა იყო. სამსახური არ ქონდა, ადრე კომბაინზე მუშაობდა, მერე კი ვერაფერი სამუშაო ვეღარ იშოვა, ადგა და წავიდა, ცოლ-შვილიც წაიყვანა და არხანგელსკის რაიონში, ტულაში გადავიდა. მე არ მინდა წასვლა, აქ მივეჩვიე, მაგრამ გამოუვალი სიტუაცია მაქვს და . . . მარტო 38 ლარს ვიღებ. წელს კარტოფილიც ვეღარ დავთესე,” - ამბობს 63 წლის ანასტასია ტიხონოვა.

სოფლის ცენტრში, მაღაზიის გვერდით, როგორც იქნა, ახალგაზრდას მივაკვლიეთ, რომელიც კედელთან ჩაცუცქულიყო და მზეს ეფიცხებოდა, აქაურებისათვის მცხუნვარე მზე იშვიათობაა.

,,გორელოვკას ერთი-ორი ახალგაზრდა თუ შემოვრჩით. არსად არ ვმუშაობ, მთელი დღეები უსაქმურად დავხეტიალობ. სკოლაში როცა ვსწავლობდი მაშინ კარგი იყო,  დავამთავრე და ახლა ვარ ასე.  სად უნდა ვიმუშაო? ძნელია სოფელში ცხოვრება. მალე მეც წავალ,” - ამბობს 21 წლის ევგენი მენჩეროვი.

 გაქრობის პირას მისული დუხობორები

ადგილობრივები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და  ჯავახეთის დატოვებას მასიურად აპირებენ: ,,მალე მეც წავალ. ჩემი შვილი თავის ოჯახით რიანსკის რაიონში ცხოვრობს. აქ ძნელია ცხოვრება. ჩემი მშობლებიც და დაც რუსეთში არიან. გორელოვკაში დავიბადე,  მაგრამ წასვლა მაინც მინდა. აქ მხოლოდ მესაქონლეობით ვცხოვრობთ. ზამთარში ძალიან ძნელია. თქვენი თვალით ხედავთ, ჯერ ვერანაირი მოსავალი ვერ მოვიყვანეთ, ისე ცივა. ამ წელს კიდევ რა იქნება არ ვიცით. უარესობისაკენ მიდის ჩვენი ცხოვრება,” - წუხს 54 წლის დუსია სუხარუკოვა. 

,,ჩვენ არავინ გვეხმარება, სახლის ჭერი მთლიანად ჩამომენგრა და დამხმარეც არ მყავს, რომ შეაკეთოს, ამიტომაც მინდა აქედან წასვლა. რაც ადრე იყო, ის არასდროს დაბრუნდება, რადგან ეს სასწაულია,  სასწაულები კი არ ხდება,” - დარდობს 57 წლის ანასტასია ბალაბანოვა.

რა იყო ადრე  
ja.gifდუხობორები კერძო საკუთრებას არ ცნობენ, ამიტომაც კოლმეურნეობის შემდეგ ჩამოყალიბებულ კოოპერატივშიც საათივით ჰქონდათ ყველაფერი აწყობილი. სოფელს ერთ დროს საკუთარი მილიციაც ჰყავდა, ახლა მილიციის შენობა დანგრევის პირასაა; იყო საბავშვო ბაღიც, რომელიც ახლა ტკბილ მოგონებად ქცულა; მუშაობდა ბიბლიოთეკა.  კულტურის სახლი, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და ყოველ საღამოს ,,ტანცები” იმართებოდა; იყო  ყველის გადასამუშავებელი საწარმოც.

,,ყველის საწარმო ჰოლანდიურ ყველს უშვებდა. აქ გაკეთებული ყველი საზღვარგარეთ მიდიოდა. ყოველდღიურად იმდენი ყველი მზადდებოდა, რომ  ტრაილერებით მიჰქონდათ,” - იხსენებს ძველ დროს რაისა ასტაფუროვა.

თავდაპირველად სასმელი წყლისათვის ჭების ამოთხრა შიშველი ხელებით დაიწყეს, მოსახლეობა ახლაც ამ ჭებით სარგებლობს: ,,ადრე ყველა ჭასთან „ვედრო“ ეკიდა, ახლა კი აღარ ვტოვებთ,” - გვითხრა ზინა დეიდამ.

ჭების გვერდით გრძელი სამმეტრიანი ქვებია, რომლებიც საქონლისათვის წყლის დასალევად არის განკუთვნილი. ქვებს ხავსი აქვს მოკიდებული, საქონლის რაოდენობა ოჯახებზე შემცირდა, ამიტომაც ჭურჭლად ქცეულმა ქვებმაც მნიშვნელობა დაკარგა.

,,უმრავლესობა მაინც თავისას აკეთებს”

,,უმცირესობა ვიჩაგრებით.” - აცხადებენ დუხობორები, თუმცა. ამის თქმას ხმამაღლა თითო-ოროლა თუ ბედავს. მოსახლეობა შიშში ცხოვრობს - ,,რადგან ხშირად გვემუქრებიან, ფანჯრებს გვიმტვრევენ,” - ყვებიან პირად საუბრებში ისინი.  

არსებულ პრობლემებზე დაუფარავად საუბარს რაისა ასტაფუროვა არ გაურბის: ,,რა უნდა ვთქვა, ჩვენ უმცირესობას განვეკუთვნებით, გვინდა თუ არ გვინდა უმრავლესობა მაინც თავისას აკეთებს. აქ უმცირესობას ქართველები და რუსები წარმოადგენენ. ქართველებიც ჩვენნაირ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ხალხი ამას ხმამაღლა ვერ ამბობს. შეურაცხყოფას სამწუხაროდ სომეხი ეროვნების მაცხოვრებლები გვაყენებენ, გვავიწროვებენ, რასაც და როგორც ისინი იტყვიან, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ,” - ამბობს რაისა ასტაფუროვა.

ის დუხობორების ჩაგვრის კონკრეტულ მაგალითებზეც საუბრობს: ,,ჩემი ქმარი რუსულ სკოლაში ,,ზავხოზად” მუშაობს და 40 ლარს იღებს ხელფასს. სომხურ სკოლაში კი ,,ზავხოზის” ხელფასი 115 ლარია. ეს როგორ გამოვიდა? კანონი ასეა დაწერილი? ასე როგორ შეიძლება?” -კითხულობს რაიასა ასტაფუროვა.

,,ჩემი სამშობლო საქართველოა”

მიხეილ სლასტუხინი 80 წლისაა. სოფელში ის მეუღლესთან, ვაჟიშვილთან, რძალთან და პატარა შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. საუბარი მიგრაციაზე აღიზიანებს და წასვლასაც არ აპირებს.

,,არსად არ მივდივარ! რატომ უნდა წავიდე? ერთი წელი კი არა, 160 წელია რაც აქ ვცხოვრობთ. ჩემი სამშობლო საქართველოა და არსად წასვლას არ ვაპირებ!” - ამბობს მიხეილ სლასტუხინი.

yaryati.gifმაისის ბოლო დღეების მიუხედავად, მთებზე ისევ თოვლია. მძიმე სოციალურ პირობებს ცივი ჰავაც ემატება. შეშის ყიდვას ადგილობრივები სიძვირის გამო, ვერ ახერხებენ, ამიტომაც საქონლის ნაკელს ინახავენ, ახმობენ და მისგან წივას აკეთებენ, რომელსაც საწვავად იყენებენ.

სოფლის უფერულ ყოველდღიურობას ყარყატები ალამაზებენ. მათ სოფლის სინათლის ბოძები აქვთ ათვისებული. მაღალ ბოძებზე ფრინველებს ხის დიდი ფიჩხებით ბუდეები  გაუკეთებიათ. აქ მათ არავინ ერჩის.

ვტოვებთ დუხობორების სოფელს, სადაც უპრობლემოდ მხოლოდ ყარყატები ცხოვრობენ...

გულო კოხოძე, ნინოწმინდიდან

ახალი ამბები