კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ბათიაშვილის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

28 მაისი, 2007

batiashvilib.gif7 წელი კოდორის ამბოხებაში „ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის“  - ასეთია ის გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას, უშიშროების ყოფილ მინისტრსა და ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეს ირაკლი ბათიაშვილს რამდენიმე დღის წინ გამოუტანა. დაკავებულმა შიმშილობის აქცია დაიწყო და საქმის სტრასბურგში გაგრძელებას აპირებს.  

ბათიაშვილი 2006 წლის 29 ივლისს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა. მას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის - ემზარ კვიციანისთვის  ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ედება ბრალი. ბრალდების მხარის მტკიცებით მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სს კანონმდებლობის 25-ე, 307-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით. ეს მუხლები პატიმრობის 15 წლიან ვადას ითვალისწინებს. მას სულ რამდენიმე ბრალდებას უყენებდნენ, მათ შორის სახელმწიფო ღალატის ბრალდებას. მოგვიანებით მას 3 ბრალდება მოუხსნეს. ერთ-ერთი მოხსნილი ბრალდება სახელმწიფოს ღალატია. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის აპრილს კანონმდებლობიდან აღნიშნული მუხლი მთლიანად ამოიღო და სახელმწიფო ღალატისთვის ადამიანებს არ ასამართლებენ.

ამბოხებულთა ინტელექტუალური მხარდაჭერის დამადასტურებლად, გენპროკურატურამ საზოგადოებას ბათიაშვილისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბარი წარუდგინა, რომელიც 2006 წლის ზაფხულში, კოდორში განვითარებული მოვლენებისას შედგა. საუბარში ბათიაშვილი კვიციანს მოუწოდებს, გამაგრდეს, რომ მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს. ასევე სთხოვს,  განცხადება გააკეთოს და სამხედროებს მოუწოდოს, რომ იარაღი არ გავარდეს და სისხლი არ დაიღვაროს.

საზოგადოება ამ სიტყვებში ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერას ვერ ხედავს. ბათიაშვილის განცხადებით კი ჩანაწერი დამახინჯებულია და საზოგადოებისთვის მხოლოდ ის ამოგლეჯილი სიტყვებია წარმოდგენილი, რაც მათ სჭირდებოდათ. მიუხედავად ამისა, როგორც მისი ადვოკატისთვის ისე საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია სად ჩანს ამბოხების მხარდაჭერა.

სასამართლომდეც და მას შემდეგაც ბათიაშვილის მიმართ შემდეგი სიტყვები ისმის:
„პირადი ანგარიშსწორება“, „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „პატრიოტი“, „თვალსაჩინო ინტელიგენტი“. ის უკვე 10 თვეა პატიმრობაში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში ოჯახს მისი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კი მას ბოლო პერიოდში მხოლოდ მეუღლესთან შეხვედრის უფლებას აძლევენ. მის 16 წლის ქალიშვილს მამა 10 თვეა არ უნახავს.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ბათიაშვილის ოჯახს ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადება ბათიაშვილის მეუღლემ გააკეთა. მისი თქმით, როცა მისი შვილი „ბოლო ზარის“ ზეიმიდან შინ ბრუნდებოდა, შეიარაღებული ადამიანები დახვდნენ, იარაღი დაადეს და დააშინეს. უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო. მეუღლის განცხადებით მასაც არაერთხელ მიუგზავნეს შუამავლები, რომ ირაკლი ბათიაშვილს დანაშაული ეღიარებინა, ბოდიში მოეხადა და მას არავინ შეეხებოდა.


ბათიაშვილმა  22 მაისიდან უვადო შიმშილობის აქცია დაიწყო. ის შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს.

პროფესორებმა, ხელოვანებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ბათიაშვილის საქმეზე პეტიციის ტექსტი შეადგინეს ხელმოწერებით და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. მისი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამტკიცებს, რომ საზოგადოებას გაყალბებული ჩანაწერი მოასმენინეს, რომ ტექსტიდან სიტყვები ამოგლეჯილია და შინაარსი შეცვლილია. ადვოკატი დიდი ხანია სატელეფონო ჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, მაგრამ ეს ვერ ხერხდება.

პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი შვიდწლიანი პატიმრობის მისჯისა, ის იყო, რომ დაცვამ სასამართლოს მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.

დაცვიის მხარე საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს. გელა ნიკოლაიშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში ამ საქმეს აუცილებლად მოიგებს. ის მოითხოვს, რომ უდანაშაულო ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებისთვის დამნაშავემ პასუხი აგოს.

ბათიაშვილის უფლებების დასაცავად სპეციალური კომიტეტიც კი შეიქმნა, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები გაერთიანდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის - გოგა ხაინდრავას განცხადებით, ისინი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ და ბათიაშვილის უფლებების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. 

გოგა ხაინგრავა: „საქმის სტრასბურგში გაგზავნამდე ჯერ კიდევ 2 სასამართლო ინსტანცია დარჩა მოსავლელი. გააჩნია ისინი რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ. რაც შეეხება საერთაშორისო კომიტეტს, ჩვენ კავშირი გვექნება ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დისიდენტურ ორგანიზაციებთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს და საბჭოთა წყობილებას, ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს ებრძოდნენ. მათვე მიეწოდებათ ის ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის შანტაჟს ეხება. დაინტერესება საკმაოდ დიდია. ირაკლი ბათიაშვილი ის პიროვნებაა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ ეროვნულ მოძრაობაში იმ წლებში, როდესც კომკავშირში შესვლას ასწრებდნენ ერთმანეთს და დიპლომატიური კარიერისთვის უშიშროების ჯარებში მიდიოდნენ სამუშაოდ. აი, ამ დროს, ირაკლი ბათიაშვილი. საქართველოს ინტერესების დასაცავად თავს სწირავდა.“        

ეკა გულუა  

ახალი ამბები