კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ შიდა ქართლის ერთადერთი ტელეკომპანია დაარბია

28 მაისი, 2007

TrialeTib.gif

ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ქართლში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკვე ღიად უპირისპირდება. 26 მაისს ღამის 2 საათზე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღობე  ტრაქტორებით დაანგრიეს.

დარბევამდე ტელეკომპანია თრიალეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვასილ მახარაშვილის განკარგულება მიიტანეს, სადაც მახარაშვილი  ტელეკომპანიის წარმოამდგენლებს აუწყებდა, რომ შენობის წინ მდებარე ღობე უნდა მოეშალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა. გამგებლის მიერ გამოცემულ განკარგულებაში არ წერია საფუძველი, თუ რატომ უნდა აეღოთ ღობე. ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნიათ, რითიც ირკვევა, რომ ღობე კანონის დაცვითა და შესაბამისი ნებართვებით გაკეთდა.

„თრიალეთმა“ გამგებლის განკარგულება მიღების  დღესვე (18 მაისი) გორის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და დამოუკიდებლობის დღეს ადგილობრივი ტელევიზიის მიმართ ტრაქტორების ძალა გამოიყენა.

გარდა ღობის დემონტაჟისა, ტრაქტროებს არც ტელევიზიის წინ მდებარე სკვერის ამოძირკვა გასჭირვებია.

საქართველოს ადმინისსტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის  თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედებას, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე აჩერებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალბათ ვერ აცნობიერებენ მედიის როლს, სხვა შემთხვევაში ასეთი დაპირისპირება კანონიერ ფარგლებში მოექცეოდა. ადგილობრივი ხელისუფლება როგორც ჩანს, არც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს, სადაც ნათლად წერია, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 21 -ე მუხლის თანახმად, საჭიროებისთვის  საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი აუცილებლობისა და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით (განსაკუთრებული შემთხვევაა თუ იმ ადგილზე შენდება რაიმე სტრატეგიული ობიექტი).

სტარტეგიული ობიექტი თრიალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შენდება.
თრიალეთის ღობის დემონტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ შემოღობვა განხორციელებული იყო კანონის სრული დაცვით, მოხდა მხოლოდ გამგებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და სასამართლოს გვერდის ავლით.
გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულება არღვევს საქართვეოლოს კონსტიტუციის მე-6 მუხლსაც სადაც წერია, რომ  ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

ღამის საათებში განხორციელებულ დემონტაჟს თვალყურს საპატრულო პოლიციაც ადევნებდა. საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ტაბუცაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ხორციელდებოდა დემონტაჟი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსი რევაზ გოგიაშვილი, საკითხთან დაკავშირებით აცხადებს: „მე კომენტარი პირველ არხთან გავაკეთე და იმას მიმართეთ.“
 
გოგიაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ნებართვა გაცემული უნდა ყოფილიყო „ქართული ფილმის“ სახელზე და არა „თრიალეთის“ სახელზე, ასევე ღობე უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ფილებით და არა დეკორატიული ღობით. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ვნახეთ დოკუმენტები, სადაც ნებართვა თრიალეთის შემოღობვისას გაცემულია რკინის კონსტრუქციებზე.   

თრიალეთის დარბევას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრის შალვა ტლაშაძის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა აქვს.

„ადგილობრივ ხელისუფლებას მედია საშუალებები მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდში სჭირდება, დანარჩენ შემთხვევებში ისინი „ხელს უშლიან“ მუშაობაში.  სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ საზღვრავს მედიის როლს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ასეთი კრიმინალური ნაბიჯები, მათ კარგს არაფერს მოუტანს. თუმცა, ჩვენი საკრებულო დიდი ხანია დასათხოვია,“ - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი შალვა ტლაშაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის განცხადებით „თრიალეთთან“ დაკავშირებით  უხეშად არის დარღვეული საკუთრების უფელბა.

„გარდა საკუთრების უფლების დარღვევისა, ადგილობრივი ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მედია საშუალებებზე. ამ შემთხვევაში უნდა დადგეს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი. ტელევიზიას შეუძლია მოითხოვოს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მითუმეტეს, ტელევიზიას ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში,“ -  ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.
„თრიალეთის“ თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ, იმის თაობაზე, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება ადგილობრივი ხელისუფელბის მაღალჩინოსნებს სურთ:
 
„ეს არის მორიგი ზეწოლა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე. ჩვენს ეთერში ბოლო დროს გადიოდა სიუჟეტები, სადაც ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ალბათ მხარის რწმუნებულის, მიხეილ ქარელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ასეთი სიუჟეტები, ქარელი ვერ ეგუება საკუთარი გავლენის ქვეშ რომ ვერ მოაქცია ტელევიზია და ასეთ ბარბაროსულ გზას მიმართა. ადგილობრივი ხელისუფლება ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველა ხერხს იყენებს და უკან არაფერზე იხევენ,“ -აცხადებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური.

სადაო განკარგულების ავტორი ვასილ მახარაშვილი ტელეფონს არ პასუხობს.

თეა თედლიაშვილი

ახალი ამბები