კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სალიბაურელებს წყალი გადაუკეტეს

29 მაისი, 2007

aqciab.gif

ხელვაჩაურში, სალიბაურის ყოფილ მეურნეობაში, სადაც 180-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უკვე რამდენიმე წელია ზაფხულობით წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ამის გამო, მათ ორი დღის წინ სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სალიბაურელების თქმით, მათი უწყლობა სოფელ ახალშენლების თვითნებობის ბრალია, რომლებიც მაგისტრალურ წყალს სარწყავად იყენებენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა, ადგილობრივი სახელისუფლებო რგოლების მოშლის შედეგია. რაიონის გამგებლის, ბადრი შავლიძის განცხადებით, პრობლემა თეორიულად ამოწურულია და გაღიზიანებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ხალხი ოპოზიციას უსმენს.

სალიბაურის მეურნეობა თავის დროზე ორთაბათუმის თემის შემადგენლობაში შედიოდა. სასმელი წყალი მათ 30 წლის წინ, ახალშენის მაგისტრალიდან მიიღეს. „60 წელია აქ ვცხოვრობ. ადრე საქაჩი გვქონდა. ორი ქალი სჭირდებოდა, რომ წყალი ამოგვექაჩა. მერე სამებიდან მოიყვანეს წყალი, რომელშიც დიდი ფული დაიხარჯა. 60 პროცენტი ჩვენი წილი იყო და 40 პროცენტი ახალშენლების. დღეს კი ახალშენლები წყალს არ გვაძლევენ. გვეუბნებიან, ჩვენია და თქვენ ვერ მოგცემთო,“ - აცხადებს   ქერიმე ქონდარიძე.

სალიბაურელი სულიკო დიასამიძის თქმით, თავის დროზე წყალსადენის მშენებლობა ბოლომდე არ დასრულდა. „სამების მთაზე ფილტრებით აღჭურვილი აუზები უნდა გაკეთებულიყო. ეს წყალი ახალშენის თავიდან, ტაშხანის მიდამოებიდან მოდის. ახალშენის მოსახლეობამ, სადაც მაგისტრალი გამოივლის, თვითნებურად დაიტაცა წყალი და სარწყავად ხმარობს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ტყეები გაიჩეხა და წყალმა დაიკლო. თუმცა, პრობლემის მოგვარება მაინც შეიძლება. უნდა დაწესდეს გრაფიკი და დღეში სამი საათით მაინც ჩაგვირთონ წყალი.“

სალიბაურში 180-მდე ოჯახი ცხოვრობს. უმრავლესობა სასმელ წყალს რამდენიმე კილომეტრით დაშორებული წყაროებიდან, ხოლო ტექნიკურ წყალს ქალაქიდან, მანქანებით ეზიდება. სალიბაურელებს ორი წლის წინ წყლის პრობლემა აჭარის მინისტრთა საბჭომ მოუგვარა, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მხოლოდ სამი დღით: „ქალაქის წყალსადენს მილები მიუერთეს. წყალი ტუმბოთი უნდა ამოქაჩულიყო. აღმოჩნდა, რომ მილებიც ძველი იყო და ტუმბოც. შარშან ამ პრობლემის გამო ხელვაჩაურის გამგებელთან, ბადრი შავლიძესთან ვიყავით ჩასულები. ჩვენ რომ ველაპარაკებოდით, ის კომპიუტერზე თამაშობდა და ასე გვისმენდა. მერე ხელქვეითებს, ჩვენს დასანახად დაავალა, პრობლემა მოაგვარეთო, ეს იყო და ეს,“ - აცხადებენ სალიბაურელები.

27 მაისს სალიბაურელებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას წყლის პრობლემის მოგვარება მოსთხოვეს. აქციაში მონაწილეობა 200-მდე მცხოვრებმა მიიღო. სალიბაურელების მხარდასაჭერად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

რესპუბლიკელი მურმან დუმბაძის განცხადებით, ადგილობრივი სახელისუფლო რგოლების მოშლამ, ყველაზე მეტად აქ, სოფლებში, იჩინა თავი: „ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. წყალი არის, მაგრამ წყალს  მოსახლეობის ერთი ნაწილი არ აძლევს მეორე ნაწილს. სწორედ ამ დროს უნდა ჩაერიოს ხელისუფლება და მოაგვაროს ეს პრობლემა. ხელისუფლება ადგილზე არ არის, ხოლო მუნიციპალური ხელისუფლება საკმაოდ შორსაა მოსახლეობისაგან.“ დუმბაძის თქმით, კომუნისტების დროს, ადგილობრივი თვითმმართველობა გაცილებით კარგად ფუნქციონირებდა, ვიდრე დღეს. მთავარი პრობლემა კი ხელისუფლების მხრიდან პრიორიტეტების არჩევნებშია: „ხელისუფლება მხოლოდ იმაზე მუშაობს, როგორ გააკეთოს ყინულის მოედანი, სამი მილიონი დახარჯოს მედეას ძეგლში. აქ რომ წყალი არ მოდის, ამაზე არავინ ფიქრობს. ხელისუფლება დღეს ეკლესიების დანგრევასა და გლეხებისთვის მიწების წართმევაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ასეთი პრობლემების გადაჭრაზე.“
 
ხელვაჩაურის მუნიციპალური საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ავთანდილ ბერიძე, თვლის, რომ საკრებულოსათვის ზემოდან მოსული დირექტივები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლებისა და მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა: „საკრებულომ უფრო მნიშვნელოვნად სარფი-ბათუმის განათება ჩათვალა და არა სალიბაურისათვის წყლის მიწოდების საკითხის მოგვარება. წყალი თვითნებაზეა მიშვებული და ვისაც რამდენი უნდა, იმდენს ხარჯავს. სოფელს ყოველთვის ჰყავდა ხელისუფლების წარმომადგენელი. თურქების დროსაც კი. ჯერ ისედაც გააჭიანურეს თემებში რწმუნებულის დანიშნვა. ორთაბათუმში კი 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და ერთი რწმუნებული ამხელა თემს ვერც გასწვდება.“

ხელვაჩაურის გამგებლის, ბადრი შავლიძის განცხადებით, სალიბაურის წყლის პრობლემა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მისი თქმით, ერთადერთი დამნაშავე აქ დროის ფაქტორია: „ამ საკითხის მოსგვარებლად ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია. შეიქმნა ორგანიზაცია, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალტრესტი“, რომელიც ამ საქმეზე არის პასუხისმგებელი. უბრალოდ, აღნიშნულმა ფირმამ ჯერ ვერ მოასწრო სალიბაურსა და ახალშენში ასვლა და პრობლემის შესწავლა. რაც შეეხება აქციას, მაინტერესებს, ოპოზიცია მოუგვარებს მათ ამ პრობლემებს?! თუ კი ასეთი პრობლემა იდგა, საინტერესოა, რატომ არ მომმართა მოსახლეობამ ამის შესახებ?!“

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

ახალი ამბები